4 მარტი
- სოხუმში ჩამოდის სახელმწიფოს
მეთაური ე. შევარდნაძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ქალაქის დაცვას.
- საქართველოს პარლამენტმა მიიღო
დადგენილება „გალისა და გულრიფშის რაიონების
ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“.
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის ზოგიერთი ღონისძიებების
შესახებ“.
10 მარტი
- ოჩამჩირის ს. ლაბრასთან შეტაკებისას
დაიღუპა დაახლოებით 20 აფხაზი და 9 ქართველი.
11 მარტი
- საქართველოს პარლამენტმა მიიღო
დადგენილება „თანამედროვე ეტაპზე რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობის საკითხების შესახებ“, რომელშიც განისაზღვრა რუსეთის ჯარების გაყვანის
გრაფიკი (არა უგვიანეს 1995 წლისა).
12 მარტი
- ოჩამჩირის რ-ნ ს. ცაგერას
მშვიდობიანი მოსახლეობა „ნურსის" ტიპის რაკეტებით დაბომბა რუსეთის სუ-25 ტიპის
თვითმფრინავმა. დაიღუპა 2, დაიჭრა 9 ქართველი
(მ.შ. 5 ბავშვი).
13 მარტი
- 19 საათზე და 23 საათზე ქ.
სოხუმი და ქართული ჯარის პოზიციები გუმისთაზე დაბომბეს სუ-25 ტიპის თვითმფრინავებმა.
ამასთან ისინი აწარმოებდნენ სადაზვერვო გადაფრენებს ქალაქისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
დაინგრა სახლები. მსხვერპლი არ ყოფილა.
14 მარტი
- დილით გუმისთის ქართულ პოზიციებს
მასიური ცეცხლი გაუხსნა მტერმა. დღის
მეორე ნახევარში ს. შრომას რამდენჯერმე შემოუფრინა სუ-25 ტიპის თვითმფრინავმა
და გუდაუთის მიმართულებით გაფრინდა.
- 21 საათზე აფხაზურმა მხარემ
მის ხელთ არსებული ყველა სახის იარაღით დაიწყო სოხუმის დაბომბვა. დაინგრა 20-მდე საცხოვრებელი
სახლი, დაიღუპა 2 მოქალაქე, მძიმედ დაიჭრა 12, მ.შ. 2 ბავშვი.
16 მარტი
- ღამის 2 საათზე მტერმა დაიწყო გუმისთაზე
ქართველთა პოზიციებისა და სოხუმის მასირებული საარტილერიო დაბომბვა. მოგვიანებით ჰაერში
გამოჩნდა სუ-25 ტიპის რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთაც გადმოყარეს მანათობელი
რაკეტები და დაბომბეს ქალაქი, საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში
გაგრძელდა. გამთენიისას მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა ფრონტის მთელ
ხაზზე შეტევაზე გადმოვიდა. რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთებს ევალებოდათ გზის „გაწმენდა"
და მეორე ეშელონად აფხაზთა და დაქირავებულთა შემოყვანა სოხუმში. მდ. გუმისთა რუსეთის
ფედერაციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა გადმოლახეს და ხელში ჩაიგდეს პლაცდარმი
ე.წ. „უჩხოზთან" და აჩადარის ხაზის ზოგიერთი მონაკვეთი. დაიკავეს რამდენიმე ნაგებობა.
მაგარამ მცირერიცხვოვან ქართველთაგან, რომლებიც პოზიციებზე მორიგეობდნენ, მედგარ წინააღმდეგობას
შეხვდნენ. გამოცხადდა განგაში და დილის 5-6 საათისთვის ფრონტი გამაგრდა. განხორციელდა
კონტრშეტევა და ფრონტის ხაზი აღსდგა. 16 საათისთვის დაიწყო გაწმენდითი ოპერაციები.
დაბნელების შემდეგ ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა. ღამის განმავლობაში რესეთის სამხედრო
თვითმფრინავებმა კვლავ რამდენჯერმე დაბომბეს ქალაქი, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.
ღამის 3 საათზე მოწინააღმდეგემ განახორციელა მეორე შეტევა, მაგრამ ვერ გადმოლახა მდინარე
და უკან დაიხია.
- სოხუმის თამარ მეფის, კუხალეიშვილის,
მარუხის ქუჩები, თბილისის გზატკეცილი, შუქურას
რაიონი - აი, არასრული სია მისამართებისა, სადაც დიდი სიმძლავრის (300-500 კგ) საავიაციო
ბომბები ჩამოაგდეს და მრავალი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, დაინგრა საცხოვრებელი
სახლები.
- ეს იყო ყველაზე მასშტაბური
შემოტევა გუმისთაზე, რომელსაც 500-მდე დაქირავებული ოკუპანტი და აფხაზი სეპარატისტი
შეეწირა. ქართული მხრიდან დაიღუპა ასზე მეტი მეომარი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
17 მარტი
- საქართველოს პარლამენტმა მიმართვა
გაუგზავნა გაეროს, ევროპარლამენტს, მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, რუსეთის ფედერაციის
უზენაეს საბჭოს, სადაც აღნიშნა, რომ აფხაზ სეპარატისტებს ამოფარებული რუსეთის შეიარაღებული
ძალები 16 მარტის შეტევაში ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. აგრესორების მიზანია საქართველოსაგან
აფხაზეთის მოწყვეტა. პარლამენტმა რუსეთისაგან მოითხოვა ჯარების გაყვანა კონფლიქტის
ზონიდან.
- მოსკოვის დეპუტატთა საბჭო
ღებულობს მიმართვას რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოსადმი საქართველოს მიმართ სანქციების
შემოღების მოთხოვნით.
- 13 საათისთვის სოხუმის შუქურას
რაიონში გამოჩნდა მოწინააღმდეგის გემი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა
ცეცხლი გაუხსნეს და ჩაძირეს.
- ღამის 3 საათზე კვლავ იყო
გუმისთის გადმოლახვის მცდელობა, მაგრამ საარტილერიო ცეცხლმა ამის საშუალება არ მისცა
მოწინააღმდეგეს.
18 მარტი
-17 საათისთვის შემჩნეულ იქნა
ახალი ათონის მხრიდან მომავალი აფხაზური მხარის მძიმე სატვირთო ავტომანქანების კოლონა,
რომელიც ეშერის მიმართულებით მიემართებოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საარტილერიო
ცეცხლით ექვსიდან ოთხი მანქანა განადგურდა.
18-31 მარტი
- ქართული მხარის კეთილი ნებით
მოწინააღმდეგეს მიეცა საშუალება, ბრძოლის ველიდან გადაესვენებინა გუმისთის ფრონტზე
დაღუპული ჯარისკაცები. მაგრამ აღნიშნული სამშვიდობო პაუზა აფხაზურმა მხარემ გამოიყენა
პოზიციების გასამაგრებლად (ააგეს ძოტები და ა.შ.), რასაც არ მოჰყვა ქართული მხარის
შესაბამისი რეაქცია.
19 მარტი
- დილის 5 საათისთვის სოხუმის
რ-ნ სოფ. ოდიშთან ჩამოგდებულ იქნა სუ-27 ტიპის რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. პილოტი,
მაიორი ვ. შიპკო დაიღუპა.
- აფხაზეთის სამხედრო კომისრის
ვ. ვეკუას ბრძანების თანახმად გამოცხადდა რეზერვისტთა მობილიზაცია „საყოველთაო სამხედრო
ვალდებულების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონის
შესაბამისად.
22 მარტი
- საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის
განკარგულებით დამტკიცდა აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმი (თ. ნადარეიშვილი
- თავმჯდომარე, ლ. მარშანია, რ. სიჭინავა, ვ. ბერულავა, ა. გასვიანი, გ. ადამია, გ.
გაბისკირია, ჯ. ბეთაშვილი, დ. გულუა, პ. დათუაშვილი, ი. კეშელავა).
25 მარტი
- ოჩამჩირის რაიონ სოფ. ბესლახუბასთან
მტრის დივერსიული ჯგუფი ცდილობდა გაერღვია ქართველთა პოზიციები. შეტევა მოიგერიებულ
იქნა. შეტაკებისას დაიღუპა 6 ქართველი მეომარი: დ. შარანგია, ი. ქანთარია, ზ. ლაცუზბაია,
გ. თითბერიძე, რ. ზარია, კ. ცატავა.
