23 сентября 2021

სიკვდილთან წილნაყარი არჩევანი - აფსუათა წუხილი მოქალაქეობაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ამასწინათ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთთან ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმების მოსალოდნელ გაფორმებაზე,  რასაც ხმაური მოჰყვა სოხუმში. შემდგომ ის იძულებული გახდა განემარტა, რომ ეს შეთანხმება არ ეხება აფხაზური "მოქალაქეობის" გაცემის წესის გამარტივებას და აფსუებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზეა საუბარი, ე. ი. რუსეთის მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება მოითხოვონ "აფხაზეთის მოქალაქეობა".

ა. ბჟანიას განმარტებით, რუსეთის მოქალაქეებს "აფხაზეთის მოქალაქეობის" უფლება რომ მიეცეთ, მაშინ ავტომატურად დაკარგავდა აზრს აფხაზურ კანონმდებლობაში არსებული სხვა მკაცრი შეზღუდვებიც, მათ შორის, უცხოელთათვის სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის კუთხით. "არც ამ მხრივ ვაპირებთ ჩვენი კანონმდებლობის შეცვლას", - აცხადებს აფსუათა ლიდერი.

ომის ცხელი ფაზის შემდეგ აფხაზეთში დარჩენილთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი 2008 წ. აგვისტოში რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ შეწყდა. 

დღეს აფხაზეთში მცხოვრებ 250 ათასი ადამიანიდან (მათი მონაცემებია), 140 ათასს რუსეთის მოქალაქობა აქვს. ამიტომ ვ. პუტინს ნაკლებად ადარდებს რამდენი რუსი გახდება აფხაზეთის მოქალაქე. იქ ყველა რუსია. 

რუსული გეგმა, - სსრკ-ს აღდგენა და "რუსული სამყარო" (Русский мир) ჩაუვარდათ მონღოლ-თათრებს, ერთგვარ გამოსავალს სსრკ-2-ში ხედავენ. Запасной вариант. ამისთვის ახალი "სტრატეგიული მეგობრები" დაიგულეს - სოხუმი და ცხინვალი. პუტინი ამაზეც ყაბულსაა, რადგან ეს ერთობას, მართალია, ყოფილ სსრკ-სთან შედარებით მცირეა, მაგრამ სამაგიეროდ სუბიექტების უფრო მჭიდრო ინტეგრაციაა. დანარჩენი ადგილები ამ ახალ ვირტუალურ კონგლომერატში, მოსკოვის გათვლით, უნდა შეავსონ სხვა ოკუპირებულებმა/ანერქსირებულებმა – დნესტრისპირეთმა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებმა”, შესაძლოა – სომხეთმა და, რაღა თქმა უნდა, ლუკაშენკოს ბელარუსმა.

ერთი მომენტია აქ თავად ასლან ბჟანიასთვის. ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსული (პუტინის) გეგმებს, ანუ სოხუმის კანონმდებლობის მოსკოვთან "ჰარმონიზაციას", ანუ უცხოელთათვის სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, ყველა მოიშორეს - სერგეი ბაღაფში მოსკოვის კლინიკაში მოკლეს, ალექსანდრე ანქვაბს გადატრიალება მოუწყვეს და შემთხვევით გადარჩა ლიკვიდაციას (გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზას შეაფარა თავი და პუტინმა არ "იკისრა" "მის ტერიტორიაზე" ანქვაბის მოკვლა). ახლა, ა. ბჟანია აცხადებს, რომ "არც ამ მხრივ ვაპირებთ ჩვენი კანონმდებლობის შეცვლას".

ასლან ბჟანია საბჭოთა კაგებეს გენერალია და კარგად ესმის, რა რისკზე მიდის. ბოლო დროს მას დაეძაბა ურთიერთობა ა. ანქვაბთან - პრემირთან. ესეც არაა შემთხვევითი.

აფსუა საზოგადოება კატეგორიული წინააღმდეგია რუსებისთვის მიწის და სხვა უძრავი ქონების გადაცემისა, მოსკოვი კი ამას ითხოვს. ა. ბჟანიას მოელის არჩევანის გაკეთება, რომელიც სიკვდილზე გადის.

ისე, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსკოვთან მომავალი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ოკუპირებული რეგიონის ყველა მცხოვრებს დაავალდებულებენ.