ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში დაპირისპირება,
კლანური გარჩევები და კრიზისები ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის ბოლო მაგალითი 2014 წ.
მაისში „პრეზიდენტ“ ა. ანქვაბის ხელისუფლებიდან ძალადობრივი ჩამოშორება და აფხაზეთიდან
გაძევებეა იყო. მაშინ მის ლიკვიდაციასაც აპირებდნენ, მაგრამ რახან ანქვაბმა მოასწრო
გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზისთვის თავის შეფარება, გადარჩა და მოსკოვში წავიდა.
გადატრიალების შედეგად რ. ხაჯინბას კლანის მიერ წაჩოჩებულ
ა. ანქვაბის მომხრეებს მობილიზებისთვის ორი წელი დასჭირდათ. შედეგად ჩამოყალიბდა ე.
წ. ოპოზიციურ ძალთა ბლოკი, რომელშიც გაერთიანდნენ გავლენიანი პარტია „ამცახარა“ (ალხას
კვიწინია), საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აბზანხარა“ (ნუგზარ აშუბა) და ფონდი „აფრა“
(ასლან ბჟანია). შემდგომ პერიოდში მათ თანდათან შეუერთდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები
„კიარაზაა“ და „აიტაირა“. ცოტა განზე იყურება სერგეი შამბას შედარებით სუსტი „ედინაია
აფხაზია“, მაგრამ ძირითადში მაინც ოპოზიციის თამაშს მიჰყვება, რადგან მათ რ. ხაჯინბას
„პრეზიდენტობისგან“ ვერავითარი პოლიტიკური ხეირი ვერ მიიღეს.
