ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში დაპირისპირება,
კლანური გარჩევები და კრიზისები ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის ბოლო მაგალითი 2014 წ.
მაისში „პრეზიდენტ“ ა. ანქვაბის ხელისუფლებიდან ძალადობრივი ჩამოშორება და აფხაზეთიდან
გაძევებეა იყო. მაშინ მის ლიკვიდაციასაც აპირებდნენ, მაგრამ რახან ანქვაბმა მოასწრო
გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზისთვის თავის შეფარება, გადარჩა და მოსკოვში წავიდა.
გადატრიალების შედეგად რ. ხაჯინბას კლანის მიერ წაჩოჩებულ
ა. ანქვაბის მომხრეებს მობილიზებისთვის ორი წელი დასჭირდათ. შედეგად ჩამოყალიბდა ე.
წ. ოპოზიციურ ძალთა ბლოკი, რომელშიც გაერთიანდნენ გავლენიანი პარტია „ამცახარა“ (ალხას
კვიწინია), საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აბზანხარა“ (ნუგზარ აშუბა) და ფონდი „აფრა“
(ასლან ბჟანია). შემდგომ პერიოდში მათ თანდათან შეუერთდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები
„კიარაზაა“ და „აიტაირა“. ცოტა განზე იყურება სერგეი შამბას შედარებით სუსტი „ედინაია
აფხაზია“, მაგრამ ძირითადში მაინც ოპოზიციის თამაშს მიჰყვება, რადგან მათ რ. ხაჯინბას
„პრეზიდენტობისგან“ ვერავითარი პოლიტიკური ხეირი ვერ მიიღეს.
დამკვირვებელთათვის ცნობილია, რომ აფხაზურმა ოპოზიციამ,
რომელიც ხელისუფლებას გადატრიალებაში სდებდა ბრალს, 2016 წ. მრავალი საპროტესტო აქცია
ჩაატარა და „პრეზიდენტის“ გადადგომა დააყენა დღის წესრიგში. ამისთვის მათ მოითხოვეს
რეფერენდუმის ჩატარებაც, მაგრამ მოსკოვის ჩარევით (ვ. სურკოვისა და ს. ლავროვის ვიზიტები)
შესაძლებელი გახდა სიტუაციის შედარებით დაწყნარება.
შიდა აფხაზური დაპირისპირების ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენდა
ასლან ბჟანიასთან დაკავშირებული სკანდალი, როცა ის სოჭში (იქ მას სახლი აქვს) იარაღის
უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავეს, შემდეგ გაუშვეს, მაგრამ აფხაზეთში შემოსვლის
უფლებას არ აძლევდნენ. ა. ბჟანია აფხაზეთში წონადი ფიგურაა. ის 2014 წ. პრეზიდენტად
იყრიდა კენჭს, ხოლო 2010-2014 წწ. უშიშროების სამსახურის უფროსი იყო. მაშინ სიტუაცია
იქამდე მივიდა, რომ მასობრივი გამოსვლების თავიდან ასაცილებლად, თავად რ. ხაჯინბა და აფხაზეთის "უშიშროების საბჭო" ჩაერია საქმეში და რუსებმა ა. ბჟანიას თავი დაანებეს.
აფხაზური ხელისუფლებისა და ოპოზიციის ფორმალური დაზავება
2016 წ. 19 დეკემბერს მოხდა, როცა ხელი მოეწერა შეთანხმებას, სადაც გაწერილი იყო ორივე
მხარის ვალდებულებები. ხელისუფლებისგან ხელმომწერები იყვნენ „პრეზიდენტი“ და „პარლამენტის
სპიკერი“. შეთანხმება ითვალისწინებდა: საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც გულისხმობდა აღმასრულებელ
და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებების გონივრულ გამიჯვნას; ვიცე-პრემიერად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ და გენერალურ პროკურორად ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნას; ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ოპოზიციის ოთხი კანდიდატურის დამტკიცებას.
თავის მხრივ ოპოზიციურ ძალთა ბლოკი იღებდა ვალდებულებას, არ მოეთხოვა „პრეზიდენტის“ რიგგარეშე არჩევნები. ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში
შეთანხმება ძალას კარგავდა.
შემდეგ იყო 2017 წ. 12 მარტის „საპარლამენტო“ არჩევნები,
სადაც ოპოზიციამ 35 ადგილზე, საერთო ჯამში, 9 დეპუტატი გაიყვანა.
როგორც დრომ აჩვენა, რ. ხაჯინბას ხელისუფლებამ დანაპირები
არ შეასრულა, რასაც ოპოზიციის შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. ახლახან ჩატარებულ პარტია
„ამცახარას“ ყრილობამ ულტიმატუმი წაუყება მმართველ ძალას და მ. წ. 7 ივლისს აღნიშნული
შეთანხმებიდან ბლოკის ყველა ორგანიზაცია გავიდა.
კრემლის მხარდაჭერით შეგულიანებულ რ. ხაჯინბას, რომელსაც
ახლახან პუტინის მარჯვენა ხელი ვ. სურკოვი სტუმრობდა მოსკოვის მიერ გამოყოფილი ფულის
ხარჯვის საინსპექციოდ, ეტყობა, ჯერ-ჯერობით დიდად არ ადარდებს მოწინააღმდეგეთა დემარში. მაგრამ, ჩვენ ვიცით,
რომ მოსკოვი არასდროს არ დებს პოლიტიკურ ფსონს მხოლოდ ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე ან
ძალაზე და საკუთარ მარიონეტებთან ურთიერთობაში მუდამ "დაყავი და იბატონეს" ტაქტიკას იყენებს. ერთიცაა. რუსეთს არ სჭირდება
არეულობა აფხაზეთში, რადგან მთავარი მეთოჯინე თავადაა. ამას ის გვაფიქრებინებს, რომ
განდევნილი ყოფილი „პრეზიდენტი“ ა. ანქვაბი დღეს სოხუმის პარლამენტის წევრია და აფხაზურ
საკანონმდებლო ორგანოში დღე-დღეზე შეიქმნება საკმაოდ ძლიერი ოპოზიციური ფრაქცია. ანუ
ნაკლები ქუჩის გარჩევები და, თუ აუცილებელია, მეტი საპარლამენტო შეხლა-შემოხლა.
ცხადია, რ. ხაჯინბა მოსკოვის სურვილების პირნათლად შესრულებას
ცდილობს (ერთობლივი ჯარი და ძალოვანი სტრუქტურები; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში რუსეთის
სრული კონტროლი; გალის რ-ის მოსახლეობაზე აპარტეიდული წნეხის გაძლიერება, მისი მარგინალიზაცია და რუსუფუკაცია
და ა. შ.), მაგრამ, მაგალითად, მან ვერ მოახერხა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე
გაყიდვის შესახებ კანონის მიღება, რაც კრემლისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან საკუთარი
გავლენის საკანონმდებლო ფორმალიზაციას ესწრაფის.
არის სხვა წინააღმდეგობებიც, რომელიც აფსუური ნაციონალიზმის
სფეროდანაა და რ. ხაჯინბასთვის მასთან გამკლავება რთულია. ე. წ. ეთნორადიკალიზმის შესახებ
„ედინაია აფხაზიას“ ლიდერი ა. შამბაც ალაპარაკდა. ახლახან კი სომხური თემაც „გასკდა“, როცა ისინი დაადანაშაულეს ანტიაფსუურ ქმედებებში და უდიერად მოიხსენიეს "ბაგრამიანის ბატალიონი",
რასაც „პრეზიდენტის“ წყალწყალა რეაქცია მოჰყვა.
"ეთნორადიკალიზმი" განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში იზრდება, რაც რუსეთისა და არსებული მდგომარეობის მიმართ უკმაყოფილება და ნეგატიური დამოკიდებულებაში ვლინდება. ახალგაზრდობა
ყველგან თითქმის ერთნაირებია, მით უმეტეს მაშინ, როცა თანამედროვე ტექნოლოგიების
საშუალებით დღეს ნებისმიერ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომაა. ომისშემდგომი თაობის აფსუები
უკვე 23-25 წლის არიან და მათთვის გაუგებარია და მიუღებელი ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება. მცირე რაოდენობა თუ ახერხებს სადმე სასწავლებლად ან სამუშაოდ გასვლას. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ
ისინი საქართველოსა და ქართველების მიმართ ლოიალურები არიან, რადგან ყალბი პროპაგანდა მაინც ძლიერია.
ამგვარად, აფსუათა დღევანდელ მმართველებს მრავალი შიდა გამოწვევისთვის
აქვთ პასუხი გასაცემი. შესაბამისი ძალისხმევისა და ნების უქონლობის შემთხვევაში, ოპოზიცია
ქუჩიდანაც დაარტყამს ხელისუფლებას და „პარლამენტშიც“ იმუშავებს იმისთვის, რომ ასლან ბჟანიას ან ალექსანდრე
ანქვაბის კლანმა ჩაანაცვლოს რაულ ხაჯინბას გუნდი.
ძნელია იმის თქმა, როდის, მაგრამ აფხაზეთში მორიგი დაპირისპირებისთვის საფუძველი ჩაყრილია. თუმცა, ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან ამ ყველაფერ მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს, რადგან აფსუურ მამრავლთა გადანაცვლებით ქართული ჯამი არ იცვლება.
ძნელია იმის თქმა, როდის, მაგრამ აფხაზეთში მორიგი დაპირისპირებისთვის საფუძველი ჩაყრილია. თუმცა, ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან ამ ყველაფერ მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს, რადგან აფსუურ მამრავლთა გადანაცვლებით ქართული ჯამი არ იცვლება.

Комментариев нет:
Отправить комментарий