ყარაბაღის მეორე და რუსეთ-უკრაინის ომების დაწყების შედეგად სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ვაჭრობის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. პირველ რიგში, აღსანიშნავია შუა დერეფნის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გაზრდა. ამ გზით ჩინეთი და აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა დასავლურ ბაზრებს უკავშირდება. ამასთანავე, საწყის სტადიაშია აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა [Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP], რომელიც ზანგეზურის/სიუნიქის კორიდორის ამოქმედებას ისახავს მიზნად და შუა დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთად ყალიბდება.
უკრაინაში ომის წარმოების პარალელურად, რუსეთმა, მეტწილად, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება და გამოყენება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო გადაზიდვების ზრდა და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც.
აფხაზეთში სატრანზიტო დერეფნის აღდგენის საკითხი ერთდროულად ეხება პოლიტიკასა და ეკონომიკას. ის ასევე სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის კუთხითაცაა მნიშვნელოვანი. ამასთან, დერეფნის ამუშავება რთული ტექნიკური საკითხიც არის და ლოგისტიკური ამოცანების შესრულებასაც მოითხოვს.
ამჟამად საქართველოს გავლით, ერთის მხრივ, აზიური ბაზრების ევროპულთან დამაკავშირებელი და მეორე მხრივ, რუსეთ-სომხეთის ტრანზიტული დერეფნებია. პირველს, ანუ “შუა დერეფანს” გლობალური მნიშვნელობა აქვს (ჩინეთი-ცენტრალური აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ევროპა) და მისი მნიშნელობა რუსეთ-უკრაინის ომმა გაზარდა რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო. ინტერესი “შუა დერეფნის” მიმართ მრავალმხრივია და უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც, სავარაუდოდ, თავის მნიშვნელობას შეინარჩუნებს.
დასავლეთის სტრატეგიული ინტერესები: 2025 წ. აპრილში პირველად ჩატარდა ევროკავშირ – ცენტრალური აზიის სამიტი, ხოლო ნოემბერში პრეზიდენტმა ტრამპმა ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერს თეთრ სახლშიც უმასპინძლა. ამ შეხვედრებზე მთავარი აქცენტი შუა აზიური ენერგორესურსებისა და იშვიათი მინერალების დასავლეთში იმპორტზე იყო გაკეთებული. სახეზეა, რომ ევროპა და აშშ უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევენ რუსეთის გვერდის ავლით გამავალ სატრანზიტო გზებს.
შეერთებული შტატები აქტიურად მოქმედებენ სამხრეთ კავკასიაშიც. სწორედ მათი მხარდაჭერილია ე.წ. ტრამპის მარშრუტი [Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP], რომელსაც მოიხსენიებენ როგორც ზანგეზურის დერეფანს. ეს „შუა დერეფნის“ მონაკვეთია, რომელიც პროექტით საქართველოს გვერდის ავლით იმოქმედებს, რასაც ყარაბაღის პრობლემის მოხსნამ შეუწყო ხელი. მაგრამ საბოლოოდ, ეს დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე და ამიტომ TRIPP ინიციატივის წარდგენა სწორედ ვაშინგტონში მოხდა. ამასთან, თურქეთმა მომდევნო ექვს თვეში, შესაძლოა, სომხეთთან სახმელეთო საზღვარი გახსნას. „ბლუმბერგის“ ცნობით, დიპლომატიური წინსვლა აზერბაიჯანთან ურთიერთობებში და თურქეთთან საზღვრის გახსნა სომხეთში ივნისში დაგეგმილი არჩევნების წინ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს (https://1tv.ge/news/blumbergi-turqetma-momdevno-6-tveshi-shesadzloa-somkhettan-sakhmeleto-sazghvari-gakhsnas/).
პარალერურად აფხაზეთში იზრდება რუსეთიდან ტვირთბრუნვა (ოჩამჩირის პორტით თურქეთსა და სხვა ქვეყნებში). რკინიგზა კი ფუნქციონირებს ფსოუ-ოჩამჩირის მონაკვეთზე, სადაც სატვირთო შემადგენლობები 2023 წ. ინტენსიურად მოძრაობენ. თუმცა, სხვა სახის აქტიობები ამ მიმართულებით არ ჩანს. იგულიხმება ენგურამდე რკინიგზის აღდგენა.
გალში, ენგურის ხიდთან მშენებარე ტერმინალის შესახებ განცხადებები რუსეთსა და საქართველოს არ გაუკეთებიათ. ამასთან, ის, ჯერ-ჯერობით მაინც, არც შეიძლება დავუკავშიროთ სატრანზიტო მოძრაობის აღდგენისთვის მზადებას. ამიტომ მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის „ჩრდილოეთის დერეფანი“ დაიხურა, ხოლო ნოვოროსიისკის პორტი უკრაინელებისთვის სამიზნე გახდა, საჭირო შეიქნა კავკასიის რეგიონის საექსპორტო ინფრასტრუქტურა და ტვირთბრუნვის ნაწილის აფხაზეთში გადამისამართება. მოსკოვს ომისა და სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უწევს რკინიგზის ფსოუ-ოჩამჩირის მონაკვეთითა და ოჩამჩირის პორტით დაკმაყოფილება. ამასთან, აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა ბოლო ექვს წელიწადში ერთ მილიონ ტონას მიუახლოვდა, ხოლო რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით დატვირთული ვაგონების რაოდენობა წლიურად 14 000 ერთეულს აღწევს. თუმცა, მნიშვნელოვანი ზრდა იწყება 2022 წლიდან. 2025 წ. დასაწყისში ოჩამჩირის პორტში ამოქმედდა საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც მთავარ სარკინიგზო ხაზზეა მიერთებული და 1 200 კონტეინერის შენახვა შეუძლია. ამ და სხვა ცვლილებების საფუძველზე სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი მიიჩნევს, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით სტაბილურ სატრანზიტო დერეფანს აყალიბებს. https://transcor.ge
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ აფხაზეთში რუსეთის მხრიდან ტვირთბრუნვა გაზრდილია და ამ მხრივ სარკინიგზო ქსელი და ოჩამჩირის პორტის აქტიურად გამოიყენება.
აფხაზეთი რუსეთისთვის არასანქცირებული ვაჭრობის, ე.წ. რუხ ზონად არის ჩამოყალიბებული, რომელიც დანარჩენ საქართველოსთან მიერთების გარეშეც ასრულებს ამ ფუნქციას. შესაძლოა, რუსეთისთვის მომგებიანად ჟღერდეს აფხაზეთის დერეფნის მიბმა საქართველოზე გამავალ სავაჭრო გზებზე, თუმცა, ამ ნაბიჯის ეკონომიკური დასაბუთება ან გამოხატული პოლიტიკური ინტერესი ჯერჯერობით არ იკვეთება.
ინფრასტრუქტურის დონეზე ოჩამჩირე-ზუგდიდის რკინიგზის ხაზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციასა და რეკონსტრუქციას მოითხოვს, რომლის შესრულებასაც, შესაძლოა, წლები დასჭირდეს. ამჟამად ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ შეიმჩნევა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენაზე ღია თუ დახურული განხილვები, დიდი ალბათობით, არც მიმდინარეობს.
სარკინიგზო გზასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საავტომობილო ტრანზიტის საკითხში – ინფრასტრუქტურა ამ მხრივ გამართულია და გაცილებით მსუბუქ რეაბილიტაციას საჭიროებს. თუმცა, ამ მხრივ პოლიტიკური ნება და ინტერესები მთავარ დამაბრკოლებელ ბარიერს წარმოადგენენ. სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობის გამოა, რომ საავტომობილო ტრანზიტი არ არის აღდგენილი.
გადაუჭრელია იურიდიული და საბაჟო საკითხები, რომელიც ქართული თუ აფხაზური მხარისთვის პრინციპულ აზრთა სხვაობას იწვევს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ამ საკითხებზე არათუ შეთანხმება არ არის, მასზე მსჯელობაც არ მიმდინარეობს.
ანალიტიკოსთა აზრით, სატრანზიტო ვაჭრობას დღესაც გააჩნია ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის დარეგულირების მხრივ დიდი პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენას უფრო მეტად პოლიტიკური დანიშნულება გააჩნია (სადაც უმთავრესია რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარების უკან წაღება), მისი სამშვიდობო პოტენციალი არსად გამქრალა და სატრანზიტო მიმოსვლა ხელს შეუწყობდა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის კავშირების გამყარებას თუ ნდობის აღდგენას.
თუმცა, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სატრანზიტო დერეფნის ამუშავება მხოლოდ რუსული პოლიტიკის ნაწილი არ იყოს და ის ქართული მხარის აქტიურობითა და ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს.
დასკვნის მაგიერ. ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება სერიოზული საუბრარი, როცა ეს საკითხი ფუნდამენტურად იქნება გააზრებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
Комментариев нет:
Отправить комментарий