20 марта 2016

არმენოფობიის გაღვივება - როგორც რუსული ანტიქართული პოლიტიკის ნაწილი

გამოცემა kavkazplus.com-მა  ახლახან გამოაქვეყნა ანონიმური სტატია 
„აფხაზები და სომხები: დაპირისპირების თავიდან აცილების შეუძლებლობა 
და აფხაზების განწირულობა“, სადაც საუბარია აფხაზეთში სომხების 
მომძლავრების, მათი  არალეგიტიმური  ამბიციებისა და  აფსუებთან მათი
მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ, რაც, ავტორის 
თქმით, საბოლოოდ აფხაზების განდევნით დასრულდება. ის საუბრობს 
არსებულ სიტუაციაზე და ასკვნის, რომ „ორი ეთნიკური ნაციონალიზმი, 
როგორც ორი მტაცებელი  ერთ ტერიტორიაზე, ერთად ვერ  იარსებებს. არ 
შეიძლება, რომ სახელმწიფო,  თვით სეპარატისტულიც კი ერთდროუად
ეთნოკრატიული აფხაზური და მონოეთნიკური სომხური იყოს.“
ამ მასალაში ავტორს აფხაზურ-სომხური მოსალოდნელი დაპირისპირების გასამყარებლად მრავალი არგუმენტი მოჰყავს: სომხების  რაოდენობრივი უპირატესობა; იქ დარჩენილი ქართველების რიცხვის ხელოვნური შემცირება და მათი ნეიტრალიზება; ძლიერი სომხური ლობი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში არის განსახლებული; სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბახის სომეხი მოსახლეობა, რომლებიც მზად არიან პირველივე დაძახებაზე მოაწყდნენ აფხაზეთს.
ეს ყველაფერი თითქოს დამაჯერებელია, მაგრამ ის თითქმის  არაფერს არ ამბობს იმაზე, რომ ეს შეჯახება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ამ დაპირისპირების კატალიზატორი რუსეთი იქნება. მას სურს, შესაძლო გართულებებს რუსეთის ფაქტორი ჩამოაცილოს და სურათი ორ ეთნოსს შორის კონფლიქტად წარმოადგინოს, რომლებიც პირველობისთვის იბრძვიან.
ამით ავტორი შეგნებულად „ივიწყებს“ რუსეთის გეოპოლოტიკურ ამბიციებს და მოსკოვის შესაძლო განზრახვას - სომხების ხელით კიდევ უფრო ამოსდოს ლაგამი აფსუებს, რომლებიც ბოლო ხანებში რუსეთის მიერ შემოგდებულ წინადადებებს (უძრავი ქონების ყიდვაზე შეზღუდვების მოხსნა) არ ეთანხმებიან.
ავტორი წერს, რომ თავის დროზე აფსუები სომხების სეპარატისტულ პროპაგანდას წამოეგნენ, როცა ირწმუნეს ილუზია, რომ ააშენებდნენ  სომხეთის რესპუბლიკის მსგავს მონოეთნიკურ სახელმწიფოს და „დიასპორას შეკრებდნენ“. თითქოს ამით გაებნენ კიდეც აფსუები სომხების გეოპოლიტიკურ ხაფანგში, საიდანაც გამოძრომა ძნელი და თითქმის შეუძლებელია.
„აფხაზები კიდევაც გონს რომ მოვიდნენ და თბილისს ხვეწნა-მუდარა დაუწყონ დახმარების შესახებ, არაფერი გამოვა. ასეთებს უბრალოდ დახვრეტენ, როგორც „ქართველებისა და თურქების აგენტებს“. დამოუკიდებელი აფხაზეთი "საიმედოდ" ოკუპირებულია. ყველა მისი საზღვარი დაკეტილია, ხაფანგი ჩაიკეტა“.
აშკარაა, ჟურნალისტი ცდილობს, რომ სომხები აფსუებითვის მტრის ხატად აქციოს და მოსალოდნელი დაპირისპირებაც მხოლოდ სომხების ავანტიურისტულ და ამბიციურ  ბუნებას და მათ გეოპოლიტიკურ მიზნებს მიაწეროს.
როგორც ვთქვით, ამ სურათში რუსეთი გამოკვეთილი არ არის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სტატია დაკვეთითაა დაწერილი.  მიზანი: როცა აფსუებსა და სომხებს შორის დაპირისპირება მოხდება, რუსეთი მშრალად გამოვიდეს.  ის ძველებურად კვლავ მედიატორად და მსაჯულად მოგვევლინება.

ამ რიგით და არც თუ ისე დამაჯერებელ სტატიას იმიტომ მივაქციეთ ყურადღება, რომ უცნაურად გვეჩვენა აღნიშნულ ინტერნეტგამოცემაში გამოქვეყნებულ სომხების  წინააღმდეგ მიმართულ სტატიათა რაოდენობა. მათ შორის: Армянский депутат: Не целуйтесь, это грузинскаятрадиция. В парламенте Армении оскорбили грузин (05.03.16); Ереван и Ватиканпротив Грузии(02.03.16); ПосолАрмении в Грузии назвал события 1915 года «комичными» (02.03.16); Новая опасность от Армянской католической ординатуры (03.03.16); Ходжалы иАбхазия – злодеяния одних и тех же палачей и коварная сущность армянскогофашизма (26.02.16); Железнодорожный«пролет» Армении (02.03.16); Армения должна остерегаться «друга» Грузию (01.03.16); «Безвизовые» армянские террористы из Карабаха готовятся к «зачистке»абхазов в Абхазии (26.02.16) და სხვა.

ამ სტატიების მარტო სათაურებიც კი მეტყველებს იმაზე, რომ ეს პუბლიკაციები საქართველოში  სიტუაციის არევისა და გამწვავებისკენ არის მიმართული. ეს მასალები კიდევ ერთხელ  გვარწმუნებენ იმაში, რომ მათ უკან მდგომ ძალებს სურთ, აფსუებსა და სომხებს შორის დაპირისპირების გაწვავებასთან ერთად დანარჩენ საქართველოშიც განვითარდეს მსგავსი მოვლენები.
ამიტომ, ჩვენი აზრით,  ამ პორტალის მიერ  სომხების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომელშიც ქართული რეალობის მაგალითებიც უხვად არის ჩართული, სახიფათო ჩანაფიქრი უდევს საფუძვლად.
ალბათ, საჭიროა, გამოირკვეს, ვინ არის ამ პორტალის დამფუძნებელი, რა ძალები და ავტორები მუშაობენ იქ და რეალურად ვის სამსახურში დგას ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელთა საქმიანობა საკმაოდ საეჭვო ხასიათს ატარებს.
რუსეთის საქმეს აკეთებენ ესენი.

Комментариев нет: