17 апреля 2020

სეპარატიზმი და კორონავირუსი

კორონოვირუსმა თავდაყირა დააყენა მსოფლიო, მაგრამ კაცობრიობისთვის ამ ურთულეს დროსაც, რუსული სიბინძურით ნასაზრდოები "ჩვენი" სეპარატისტული რეჟიმები კვლავ აგრძელებენ სულელურ დესტრუქციას - უარს ამბობენ პანდემიასთან ბრძოლაში თბილისის დახმარებაზე. განსაკუთრებითი სიკაპასით რატომღაც ცხინვალი გამოირჩევა. განსაკუთრებული ლექსიკური სიმყრალით მისი "საგარეო საქმეთა მინისტრი" მედოევი გამოირჩევა. რა ხდება ოკუპირებულ, ჩაკეტილ ტერიტორიებზე, დიდწილად უცნობია. რუსეთმა საზღვარი ჩაკეტა და თითქმის ყველაფრის შემოტანა აკრძალა ხოლო ე. წ. დიასპორების მიერ გაწეული დახმარება მიზერულია. დიდია წამლებისა და სპეციალური საშუალებების დეფიციტი, არ ჰყავთ სპეციალისტები და ა. შ. რუსეთი მხოლოდ საკუთარ სამხედროებზე ზრუნავს და არ აინტერესებს "მოძმე" აფსუაები და სამხრეთელი ოსები. მათ სამხედრო ბაზაზე 200 ადგილიანი ჰოსპიტალი გაშალეს, მაგრამ ესეც მხოლოდ სამხედროებისთვის და ცარიელი განცხადებების იქით საქმე არ წასულა. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოხუმში 20 მარტს კი ჩაიტანა სამედიცინო საშუალებების პირველი პარტია საშიში ვირუსის წინააღმდეგ სამედიცინო პერსონალის მოსამზადებლად, მაგრამ, ცხადია, ეს არაა საკმარისი. აი, ცხინვალის გაჯიუტებული რეჟიმი საერთაშორისო დახმარებაზე საერთოდ უარს ამბობს და ახლახან წითელ ჯვარსაც აუკრძალა იქ შესვლა - რუსეთის იმედად არიან. რეჟიმების ინფორმაციით, აფხაზეთში 3 ინფირებულია (17.04.2020-ის მონაცემებით), ხოლო ცხინვალი "სუფთაა". ამის გადამოწმება შეუძლებელია და, სავარაუდოდ, ისეთივე ტყუილია, როგორ დეზინფორმაციასაც ავრცელებ პუტინის რუსეთი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე.
ცხინვალელმა "ვირუსოლოგებმა" ამ დღეებში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ე. წ. სამხრეთ ოსეთი შედის იმ 18 ქვეყანაში, რომლებშიც ჯერ-ჯერობით არაა კორონავირუსი დაფიქსირებული. ესენია: ოკეანიის ჯუჯა ქვეყნები - მიკრონეზია, სოლომონის კუნძულები, სამოა, ვანუატუ, ნიუე, მარშალის კუნძულები, ტონგე, კუკის კუნძულები; აფრიკა: ლესოტო, კომორები; მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩრდილოეთ კორეა, რომელმაც ინფექციაზე ცნობები არ გაავრცელა. ვირუსის შესახებ დუმს ტაჯიკეთი, ხოლო თურქმენეთი ოფიციალურად არ ადასტურებს დადასტურებულ შემთხვევებს, თუმცა, მასმედიის ცნობით, იქ 7 ინფიცირებულია. ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ შემთხვევაში კორონავირუსისგან ამგვარი "სისუფთავე" უკავშირდება სახელმწიფოს პოლიტიკას ან სუსტად განვითარებული ჯანდაცვის სისტემას. მაგრამ ცხინვალელი "ანტიკორონისტების" სიამაყე და ყალბი თავდაჯერება, რომ 18 წარმატებულ ქვეყანათა შორის არიან, ეფუძნება ტრივიალურ ტყუილს, რადგან არც პოლიტიკა აქვთ და არც ჯანდაცვის სისტემა. ეს უკანასკნელი იმ დონეზეა, რომ ახლახან ერთი მათი მაღალჩინოსანი რუსეთში არ წავიდა და თბილისში მკურნალობადა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებთ ვირუსთან ბრძოლაში, მაგრამ რუსეთის იმედად დარჩენილ სოხუმსა და ცხვინვალს, ვფიქრობთ, რთული პერსპექტივა ელის. რუსეთი ხომ ცბიერი, ვერაგი და მატყუარა სახელმწიფო იყო მუდამ და ასეთ პოლიტიკურ ნაგავად რჩება. ამიტომ სეპარატისტებმა იქნებ "მოძმე" ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას ან თუნდაც ნაურუსა და ვანუატუს სთხოვონ დახმარება, რახან ჩრდილოელი მეზობელი გადამგდებია. მათ თუ ფეხი აითრიეს, შესაძლოა, მთიანი ყარაბაღი, დნესტრიპირეთი, გაგაუზია ან თუნდაც საჰარის არაბთია დემოკრატიული რესპუბლიკა დაეხმაროს მსოფლიო ვირუსულ ოკეანეში მცურავ "სახელმწიფოებს".
მოგეხსენებათ, ეს ის ქვეყნები და კარიკატურული ანკლავებია, რომლებმაც აფსუაები და სამხრეთელი ოსები აღიარეს "აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე".

Комментариев нет: