როცა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანს არჩევდა, სტალინს უკითხავს ლაკობასთვის, - ბერია თუ გამოდგებაო, რაზედაც მას დადებითად უპასუხია, რადგან ლავრენტი აფხაზეთიდან იყო და "თავისიანად" მიაჩნდა. მაგრამ ბერიამ ამ თანამდებობაზე პირველი რაც გააკეთა, ლაკობას საყვედური გამოუცხადა. შემდგომ უშიშროებამ დაიწყო მისი დევნა და შევიწროება. ნ. ლაკობა ცდილობდა, დაახლოების გზები ეძებნა, მაგრამ ამაოდ. 1936 წ. აგვისტოში ბერიასთან სტუმრობისა და მის ბინაში სადილის შემდეგ ლაკობა "უეცრად" გარდაიცვალა.
გავიდა რამდენიმე თვე და ნ. ლაკობა ხალხის მტღად გამოცხადდა, მოსპეს მისი ძეგლები და სახელიც გააქრეს. ეს, თუნდაც იმ დროს, კომუნისტური სადამსჯელო მანქანისთვის ჩვეულებრივი ქმედება არ იყო, რადგან "უეცრად გარდაცვლილებს" სახელს მაინც უტოვებდნენ. მაგრამ ბერიამ ამით ლაკობას "მოღვაწეობის" ლეიტმოტივს ანუ აფსუურ სეპარატიზმს შეებრძოლა. ლაკობას დაფასება ხომ მისი საქმეების დაფასებასაც ნიშნავდა. ეს საქმეები კი საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული და ლაკობას ტრაგიკული ბედი გაკვეთილი უნდა გამხდარიყო ყველასთვის, ვინც მისი იდეებით მოიხიბლებოდა მომავალში და თბილისს გაეურჩებოდა.
მალევე დააპატიმრეს ლაკობას თურქი ცოლი სარია, ხოლო მცირეწლოვანი შვილი ბანაკში გაგზავნეს. რაუფ ლაკობა შემდგომ დახვრიტეს.
ბერიამ განაგრძო შურისძიება და ოქტომბერ-ნოემბერში სოხუმში გაიმართა ე. წ. 30-ის საჩვენებელი სასამართლო პროცესი. ბრალდებულთა შორის იყო ნესტორის ძმა მიხეილ ლაკობაც. პროცესს უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ძირითად ბრალდებას წარმოადგენდა აფხაზეთის საბჭოთა კავშირიდან მოწყვეტის მცდელობა და თურქული ორიენტაცია. ბრალდებულებმა, რომელთაგან შემდგომ 20 დახვრიტეს, დანაშაული აღიარეს.
აფხაზეთის სსრკ-დან მოწყვეტისა და თურქეთთან შეერთების ვერსია, ცხადია, სიმართლისგან შორს იყო და ალოგიკურ ხასიათს ატარებდა. თუმცა, არსებობს ცნობა, რომ ლაკობამ იმ დღეებში რამდენიმე წერილი მიიღო თურქეთიდან, რაც ლავრენტის არ გამოპარვია (საერთოდ, მისი ორგანიზებული ხომ არ იყო?!) და ლაკობასთვის ორაზროვნად უთქვამს, - თურქეთიდან რაღაც წერილები მოდის აფხაზეთში და მათი ადრესატების პოვნა, იმედია, არ გაგიჭირდებათო. სწორედ ეს გამხდარა ლაკობას "თვითმკვლელობის" მიზეზი.
გაცილებით სარწმუნო ვერსია: ბერიამ იცოდა, რომ აფსუური პარტოკრატიის ოცნება მუდამ რუსეთთან შეერთება იყო, მაგრამ ამ საბაბით საჩენებელ პროცესებს ვერ გამართავდა.
შემდგომ ლ. ბერიას მეცადინეობით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა შავიზღვისპირეთში და, კერძოდ, აფხაზეთში საუკუნეების მანძილზე დარღვეული დემოგრაფიული წონასწორობის აღსადგენად, მაგრამ, სამწუხაროდ, მიღწეული შედეგები საქართველოს 60-70-იანი წლების ადგილობრივმა გაყოდულმა პარტოკრატიამ გაანიავა.
ამგვარად, ლავრენტი ბერია თავისებურად, იმ კონკრეტული ისტორიული მომენტისთვის დადგენილი მეთოდებით ებრძოდა საქართველოს მტრებს. ცხადია, ის მეტისმეტად რთულ ფიგურას წარმოადგენდა. ჭკვიანი, ერუდირებული, ვერაგი და შურისმაძიებელი, განდიდების მოყვარული, ბრწყინვალე ორგანიზატორი და სტრატეგი, იშვიათი მოხერხებითა და ალღოთი დაჯილდოებული ლავრენტი ბერია საშიში კაცი იყო ყველასთვის და თავად სტალინსაც აძრწოლებდა ზოგჯერ, სტალინს, რომელმაც საქართველო მიწები გაანიავა, დააქუცმაცა, ხელოვნური ავტონომიები შეუქმნა და სამომავლო ეროვნულ-პოლიტიკური პრობლემებისთვის გაიმეტა.
ლავრენტი ბერის ამ თვალსაზრისით სტალინის სრული ანტიპოდია.

Комментариев нет:
Отправить комментарий