09 декабря 2022

მოსკოვი დაბომბვას ელოდება?

რუსებს "სამხედრო ოპერაცია" გაეწელათ, მაგრამ მას ჯიუტად ომს არ უწოდებენ. ეუხერხულებათ ფიასკო სამ დღეში კიევის ამღებებს. ჰიბრიდული ომის პროპაგანდა ცდილობს, ომი არა უკრაინასთან, არამედ NATO-სთან და დასავლეთთან დაპირისპირებად წარმოსახონ. დამარცხების გზაზე დამდგარნი, საკუთარი "გრაჟდანებისთვის" ამ საკენკით ზრუნავენ.

კრემლი უკვე გაჰყვირის, რომ ფრონტებზე გამოჩნდნენ პოლონური და სხვა ქვეყნის შენაერთები და უკრაინული ლაპარაკი თითქმის არ ისმისო. ცხადია, ევროპა და ამერიკა, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ისრაელი და სხვა განსხვავებული დოზით, ფორმითა და მოტივაციით არიან ამ უკვე გლობალურ კრიზისში ჩართულნი, მაგრამ კრემლმა ვერ მოახერხა მისი "გარყვნილ" დასავლეთთან "წმინდა ომად" გასაღება. მოსკოვის მიზანი გასაგებია, - როგორმე იპოვოს გამოსავალი, NATO-სთან დამარცხება კი გაცილებით "პრესტიჟულია", ვიდრე მხოლოდ უკრებთან. ასე ფიქრობენ თავის გადარჩენას თანამედროვე ველურები.
რუსეთის სანქცირებული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის გრძელვადიანი ომი კატასტროფაა. პუტინს ვერ უშველა ბირთვულმა შანტაჟმა, უკრაინული ხორბლით მანიპულირებამ, ირანულმა დრონებმა თუ ეკონომიკის მსოფლიოს "დანარჩენი უმრავლესობისკენ" გადაწყობის ზღაპრებმა. ცხადია, ჩინეთი, რომლის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, საკუთარი ინტერესებით მოქმედებს (აშშ-სთან სავაჭრო ბალანსი -$587 მლრდ, ექსპორტი - $452 მლრდ). ფრთხილ პოზიციაზე არიან სხვა აზიური დიდი ქვეყნებიც. ამდენად, მოსკოვს ვერ შველის ყბადაღებული ШОС - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ირანი, ბელორუსი - დამკვირვებელი).

ვ. პუტინს მხოლოდ ირანი და მეკარტოფილე ლუკასენკო შერჩა. მგონი, ჩრდილოეთ კორეაც დისტანცირებას არჩევს.

რუსული არმია განიცდის არა მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დეფიციტს, არამედ კრემლს, ფაქტიურად, ჩაუვარდა ე. წ. შეზღუდული მობილიზაცია. პუტინის პრეს-მდივანმა კი ამ დღეებში ახალი მობილიზაციისთვის მზადება არ დაადასტურა.
კრემლის მანიაკს მდგომარეობისა და ფაქტების შეფასებაც უჭირს. რამდენიმე დღის წინ ვ. პუტინმა უკრაინის ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ჩვენ არ დაგვიწყიაო. მათი 10 თვიანი "სამხედრო ოპერაცია" ხომ ომი არაა და მალე, ალბათ, იტყვიან - ომი ჩვენ არ დაგვიწიაო.

ახლახან უკრაინელებმა უპილოტო აპარატებით განახორციელეს რუსეთის სიღრმეში დარტყმები. ამან დიდი დაბნეულობა გამოიწვია მოსკოვ-ყარაყორუმში და სპეციალისტთა აზრით, მნიშვნელოვნად შეცვალა ომის ტაქტიკური პერსპექტივა. თუ დღემდე კრემლი დაუსჯელად ბომბავდა კიევს, დნეპრს, ხარკოვს და სხვა ქალაქებს, გაანადგურა ენერგო ინფრასტუქტურის 35-40%, დღეს უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების შორ მანძილზე მოქმედი (1000 კმ) უპილოტოები, რომლებიც მოსკოვსა და პეტერბურგსაც მიწვდებიან. უკრაინელები ამ თვალსაზრისით უკვე არ არიან დამოკიდებულნი დასავლეთზე, რომელიც თავს იკავებს მსგავსი იარაღის კიევისთვის გადაცემაზე.
რუსების შიშების დასაწყისად ჩავთვალოთ მოსკოვის ირგვლის GPS-ს სისტემის (გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა) ჩახშობის დაწყება, დაბომბვისთვის ემზადებიან და იციან, უკრაინელებს რეალურად აქვთ შეტევა გადაწყვეტილი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჯერ ვერ შეაჩერებს „პრავოსლავნუტების“ განზრახვებს, რადგან საკუთარი ხალხიც კი მათ არ ადარდებთ. ისტორიულადაა ასე.

Комментариев нет: