18 ноября 2025

რატომ აღიარებს სირია დღემდე აფხაზეთს?

ოფიციალურ მიღებაზე აფსუების დროშა არაა
 
სირია ერთ-ერთია იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელიც აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას 2018 წლიდან. 2024 წ. დეკემბრიდან, რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ მისი ეს პოზიცია შეიცვლებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცის ხელმძღვანელობით დამასკოს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა და აფსუებს კვლავ კარგად დახვდნენ.

 

ასადის წასვლის შემდეგ სირიის შიდა და საგარეო პოლიტიკა შეიცვალა: ვაშინგტონმა სანქციები გააუქმა, ბრიუსელმა ახალი ხელისუფლების მიმართ კეთილი ნება გამოხატა, ხოლო ანკარამ რეგიონში მოსკოვი შეცვალა.

 

ასადის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება მაშინ აღიქმებოდა როგორც ჟესტი მოსკოვის მიმართ, რომელიც სირიის რეჟიმს ოპოზიციასთან ბრძოლაში აქტიურად უჭერდა მხარს.

 

საბოლოოდ, ასადი დამარცხდა და შესაბამისად, მოსკოვმაც დაკარგა პოზიციები რეგიონში. ამიტომ, საქართველო, – არც თუ ისე უსაფუძვლოდ, – ელოდა, რომ სირიის ახალი მთავრობა გააუქმებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს. უფრო მეტიც, 2025 წ. ივნისში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი ოფიციალური ვიზიტით სირიას ეწვია. რადგან მოსკოვმა თითქმის მთლიანად დაკარგა დამასკოზე გავლენის ბერკეტები, ვიზიტის ორგანიზება მხოლოდ თავად სირიისა და აფხაზეთის ორგანიზებით მოხდა. ანუ, პირველად ისტორიაში, აფხაზური დიპლომატია მხოლოდ საკუთარ ძალებზე იყო ორიენტირებული და საკმაოდ წარმატებითაც.


საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით. 


ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.


მაგრამ ოფიციალური დამასკის პოზიცია ამ საკითხზე დღემდე უცნობია.


ამასთან, აფხაზეთის მიერ  სირიის ახალი მთავრობის დროს პოზიციების შენარჩუნება არა იმდენად მხარეების დიპლომატიის წარმატებაშია, რამდენადაც უზარმაზარი აფსუური და ჩერქეზული დიასპორის ძალისხმევაში. ის სირიაში საუკუნენახევრის წინ ჩამოყალიბდა რუსეთ-თურქეთისა და კავკასიის ომების შედეგად.

 

ამ დიასპორის წარმომადგენლები თითქმის ყოველთვის სირიის ელიტის ნაწილი იყვნენ, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკაში, არმიასა და ბიზნესში და მათი გავლენა ყოველთვის დიდი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ეს ასპექტი გაითვალისწინა სირიის ახალმა ხელისუფლებამ დიქტატორის მიერ დატოვებული საქმეების გადახედვისას.

 

გარდა ამისა, უზარმაზარი აფსუურ-ადიღეური დიასპორა, რომელიც რამდენიმე მილიონს ითვლის, ცხოვრობს მეზობელ თურქეთში, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ამუხრუჭებს სირიის მიერ 2018 წ. აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარების გაუქმებას.

Комментариев нет: