05 января 2026

1993 წ. 5 იანვარს აფსუებმა სოხუმის შტურმი სცადეს.

1993 წლის 5 იანვარს აფსუებმა სოხუმს შემოუტიეს. ჯერ რამდენიმე დღე ქალაქის საცხოვრებელ კვარტლებს უშენდნენ ჭურვებსა და გრადის ზალპური რაკეტები, მაგრამ მდ. გუმისთის ფორსირება და სოხუმის შტურმის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 

შეტევაში მტრის მონაცემებით 37 აფსუა დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა. თუმცა, როცა ტყვეთა და გვამების გაცვლა განხორციელდა, მათგან 90-მდე დაღუპული დაითვალეს ჩვენებმა. 

ჩვენი ბატალიონი N55090 ოჩამჩირის რ-დან (ს. კინდღი) ახალი დაბრუნებული იყო, სადაც 30 დეკემბერს გადაგვისროლეს 80-მდე მებრძოლი. პირადად გენერალმა გენო ადამიამ გაგვაცილა და 23-ე ბრიგადიდან მსუბუქი იარაღი და ტყვია-წამალი (АГС, РПГ, ПК და ა. შ.), ცხადია, შესაბამისი ტრანსპორტიც გამოგვიყვეს. მიზეზი ის იყო, რომ ღამით, იმ დიდთოვლობაში 10-მდე ჩვენიანი აფსუათა დივერსიულ რაზმს, ეტყობა, მიპარვით დაუხოცია. რატომ მოხდა ეს, დღემდე გაურკვეველია. მტერს ვერ მივუსწარით, გაქცეულები იყვნენ, თუმცა, იანვრის დასაწყისში მათ თავისი მიიღეს! 


1993 წ. იანვრის მტევაზე მათი ისტორიკოსი ვალიკო ფაჩულია წიგნში „ქართულ-აფხაზური ომი 1992-93“ წერს, რომ ქართული ჯარების სოხუმის დაჯგუფების წინააღმდეგ შეტევის ჩატარების გადაწყვეტილება აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ მიიღო „აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული მძიმე ვითარების გამო, სადაც მტერი სისტემატურად ახორციელებდა შეტევებს მთელი თავდაცვითი ხაზის გასწვრივ“. 

თუმცა, არახელსაყრელი ამინდის პირობებისა და სხვა სერიოზული ფაქტორების გამო, ეს ოპერაცია ჩაუფლავდათ. ამასთან, ეს "მეცნიერი" მიუთითებს, რომ, თურმე, ქართველებმა 150 კაცი დაკარგეს დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, აგრეთვე 2 ტანკი და БМ-21 "გრადი", რაც მტკნარი სიცრუეა. ქსელში თავად აფსუების მიერაა გავრცელებული ვიდეო კადრები, სადაც ვ. არძინბამ როგორ "გადაუარა" ამ ოპერაციის მონაწილე მეთაურებს.

აფსუათა მაშინდელმა ე. წ. თავდაცვის მინისტრმა, "გენერალ-ლეიტენანტმა" სულთან სოსნალიევმა განაცხადა: „ბევრი სოხუმზე იანვრისა და მარტის შეტევას წარუმატებლად მიიჩნევს, თუმცა, ეს არაა სრული სიმართლე. იმ პირობებში მთავარი მიზანი იყო ფართომასშტაბიან ოპერაციებში ჯარების მართვის პრაქტიკა, მტრის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, რომელიც ოთხჯერ აღემატებოდა ჩვენს რაოდენობას და 15-20-ჯერ მეტი არტილერია ჰქონდა. სწორედ მაშინ მიღებული საბრძოლო გამოცდილების წყალობით განხორციელდა სექტემბრის ოპერაცია წარმატებით"... 

რომ არა მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლებისა და, ხშირ შემთხვევაში, ჯარის მეთაურთა არაკომპეტენტურობისა და/ან პირდაპირი ღალატისა, ჩვენ აფხაზეთს შევინარჩუნებდით.

Комментариев нет: