23 сентября 2017

რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1993 წლის სექტემბერი

1993 წ. 27 სექტემბერი სოხუმის რუსების მიერ ოლუპაციის, ხსოვნისა და იმედის დღეა. 
ქვემოთმდებარე გამოქვეყნებულია წიგნში „აფხაზეთის ლაბირინთი“, რომელმელიც საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით და დაფინანსებით 1999 წელს გამოიცა სამ ენაზე. (ავტორები: ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია). 
ცხადია, ფაქობრივი შეცდომებისგან დაზღვევული არ ვართ. ბევრია გამოსაკვლევი და დასაზუსტებელი. ძმები თუ მეტყვის რამეს, გავითვალისწინებ.


ამ 1993 წ. 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულების შემდეგ, აფხაზეთში მასიურად ბრუნდებიან დევნილები, რომლებიც რუსების მიერ 1992 წ. 2-5 ოქტომბერს ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ, რაც მოსკოვის 1993 წ. 3 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევა იყო (http://www.parliament.ge/files/613_8104_942757_Doc_2.pdf), სოხუმიდან, გულირიფშიდან და ა. შ. გავხიზნეთ. ბავშვები, ქალები, ბებიები, ორსრულები... სოხუმში სკოლები და ბაგა-ბაღები იხსნება.  სროლა არაა. იწყება დაბომბვის შედეგების აღრიცხვა და აღდგენითი სამუშაოები. სოხუმის მერი, გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავაა ამის ხელმძღვანელი.


7 სექტემბერი

- პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი სამხედრო მეთაური ლოთი ქობალია შეეცადა თავის კონტროლისთვის დაექვემდებარებინა გალის რაიონი. არ გამოუვიდა.


- ე. შევარდნაძის განკარგულება „აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის მიხედვით „სამშვიდობო პროცესის შეუქცევადობის მიღწევის, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით“ აღმასრულებელ სტრუქტურებს დაევალათ რიგი ღონისძიებებისა. 

14 სექტემბერი

- პარლამენტთან უთანხმოების გამო ე. შევარდნაძემ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, რასაც მოჰყვა მისი მომხრეების მიერ ორგანიზებული მიტინგი. ცნობილი „დაჩოქვა“ – „ოღონდ არ წახვიდე ედუარდ“...

15 სექტემბერი

- ლოთი ქობალია აწყობს „ლაშქრობას“ გურიის მხარეში. სოხუმი ალყაშია.

16 სექტემბერი

- რუსებმა დაიწყეს შტურმი ე. წ. აღმოსავლეთის (ტყვარჩელ-ოჩამჩირის მიმართულება) ფრონტზე.

17  სექტემბერი

- გუმისთა გადმოლახეს რუსეთის სპეცდანიშნულებისა და ჩრდილოკავკასიელთა რაზმებმა. აიღეს ორივე ხიდი გუმისთაზე და ს. აჩადარის ნაწილი. ძალები უთანასწოროა. ჩვენს მხარეს არა აქვს მძიმე ტექნიკა, არტილერია, ყუმბართმტყორცნები.
- მტერი არტილერიისა და ავიაციის, ე. წ. აგაესების მხარდაჭერით ახორციელებს შეტევას სოხუმის რაიონის ს თავისუფლებზე, ბირცხასა და ოდიშზე.
- რუსეთის გენშტაბის ახალი მითითება: ე. წ. მთიელ ხალხთა კონფედერაციამ (რუსული დაზვერვის „სპეცნაზი“) გამოსცა ბრძანება აფხაზეთში დასაბრუნებლად ყველა სამხედრო ფორმირების სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ.
- ე. შევარდნაძე ადლერში შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ პავლე გრაჩოვს. საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

18 სექტემბერი

ესაა ე. შევარდნაძის სოხუმიდან გაკეთებული განცხადება. თითქმის მთლიანადაა ტექსტი, რადგან მნიშვნელოვანია.
- ე. შევარდნაძის მიმართვა („მიმართვა ჩემი სამშობლოს ყველა მეგობარს!“): „მოგმართავთ თქვენ ალყაში მოქცეული სოხუმიდან და აღარც კი ვიცი, მოაღწევს თუ არა ჩემი სიტყვები თქვენამდე. ბრძოლები ახალა რამდენიმე უბანში მიმდინარეობს იმ შენობიდან, რომელშიც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფები. რაც უნდა მოხდეს, (…) არ მივატოვებ სოხუმელებს, ტანჯვა და უუფლებობა რომ არგუნა ბედმა საკუთარ ქალაქში, რომელიც უხეში, არაადამიანური ძალის წინაშე ბედის ანაბარა არის დატოვებული. ეს ძალა პირდაპირ საცხოვრებელ უბნებს ბომბავს. (…) გუდაუთის ლიდერები ამბობენ, რომ იბრძვიან თავისუფლებისათვის, მშობლიურ მიწაზე ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად. მაგრამ ასეთივე თავისუფლება სწყურია და ასეთივე უფლების მოპოვებას ცდილობს 240 ათასი ქართველი, რომელთაც საუკუნეთა მანძილზე გაუდგამთ ფესვები აქაურ მიწაზე. (...) ჩვენ აქედან არავის გაძევებას არ ვაპირებთ მაშინ, როცა გუდაუთის დაჯგუფების მფარველთა დანაშაულებრივმა ნებამ განდევნა და გააძევა 150 ათასი ქართველი, რომლებიც ახლა ავადმყოფობითა და შიმშილით იხოცებიან რუსეთისა და საქართველოს ქალაქებში. მათთან ერთად ათასობით აფხაზი, რუსი, სომეხი აღმოჩნდა აყრილი საკუთარი კერიდან. ჩვენ არც არავის დაპყრობა განგვიზრახავს - განა შეიძლება საკუთარ მოქალაქეთა დაპყრობა და ოკუპირება საკუთარი მიწისა, რომელიც ჩვენი უძველესი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის კერაა? ჩვენ მხოლოდ რესპუბლიკის სუვერენიტეტის და მისთვის სასიცოცხლო არტერიების დაცვას ვცდილობდით, გვსურდა ბოლო მოღებოდა დივერსიასა და ტერორს, და ეს გაგვეკეთებინა ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად და მათი თანხმობით. აფხაზთა ბანდების ბელადებმა ყველაფერი იცოდნენ, მათ კარგად უწყოდნენ ყოველივე, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას ბანდიტები, მოძალადეები, ტერორისტები იყენებდნენ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ მოქმედებათა ჩასადენად. მაგრამ ითმენდნენ ყოველივეს და განზრახული ჰქონდათ ეს კოზირი თავისი ინტერესებისათვის გაეთამაშებინათ. ეს მათ შეძლეს კიდეც და მოახერხეს რუსეთისა და ჩვენი ქვეყნის იმ ძალების უშუალო მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით, რომლებსაც საქართველოს დანაწევრება ჰქონდათ განზრახული. ახლა, როცა ანტიხალხური ძალების მოქმედება თვით საქართველოშიც ერთ ნაკადად შეიკრა, სოჭის ხელშეკრულების, როგორც გუდაუთაში ამბობენ, „სპონტანური“ ძირის გამოთხრა, რუსეთის ზოგიერთი უმაღლესი ჩინის სამხედროთა მოქმედება და რუსეთის პარლამენტის პოლიტიკა ჩვენ გვაძლევს უფლებას ვამტკიცოთ, რომ კარგად კოორდინირებულ და სინქრონიზებულ ერთობლივ შემოტევასთან გვაქვს საქმე. მე მინდა მსოფლიომ შეიგნოს: აფხაზეთი იმპერიის სისხლიანი რევანშის საბრძოლო ველია, „მეორე აგვისტოა“, იმ დენთის კასრია, რომლის მეშვეობითაც არა მარტო შევარდნაძის საქართველო სურთ ააფეთქონ, არამედ ელცინის რუსეთიც. ამჟამინდელი ჯოჯოხეთის წინაშე ყველა მოვლენა ერთ ლოგიკურ ჯაჭვად ლაგდება. 1992 წლის 3 სექტემბერს ჩვენ მოსკოვში ხელი მოვაწერეთ შემაჯამებელ დოკუმენტს. ჯერ ქაღალდს მელანი არ შეშრობოდა, რომ ეს დოკუმენტი დაქირავებულთა ჩექმებით გათელეს, რომლებმაც უიარაღო გაგრა შტურმით აიღეს. 1993 წლის 14 მაისს დავთქვით: შეგვეწყვიტა ცეცხლი, მაგრამ სოხუმი კვლავ შეტევის ობიექტი გახდა, როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან და ჰაერიდან, ოჩამჩირის რაიონში კი თავით ფეხებამდე შეიარაღებული დესანტი გადმოსხეს და ქალაქი ბლოკადაში მოექცა. დაბოლოს, უკვე მერამდენედ, ვენდეთ რა რუსეთის სამშვიდობო მისიას, მის, როგორც გარანტისა და შუამავლის როლს, დავდეთ 1993 წლის 27 ივლისს შეთანხმება და პასუხად კვლავ ღალატი მივიღეთ. …კვლავ აქუხდნენ ქვემეხები, რომლებიც, შეთანხმების შესაბამისად, უნდა გაეზიდათ; აგუგუნდა საბრძოლო ტექნიკის ძრავები, რომლებიც განკომპლექტებული უნდა ყოფილიყო. შეტევაზე გადმოვიდნენ ბოევიკები, რომლებიც თითქოს განიარაღებული ჰყავდათ, და ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვთქვათ, რომ ხელშეკრულების შესრულების გარანტმა მხარემ ან არ ისურვა, ან ვერ შეძლო ყოფილიყო გარანტი. უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი მოლაპარაკება რუსეთის თავდაცვის მინისტრთან გენერალ გრაჩოვთან. თავისთავად კონსტრუქციული მოლაპარაკება, იმავე დღეს დეზავუირებული იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის ზოგიერთი ხელქვეითის განცხადებებითა და რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით. არავითარი დადებითი შედეგი არ მოუტანია, ჯერჯერობით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასაც და მისი გენერალური მდივნის არაერთგზის მტკიცე განცხადებებს. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის პრეზიდენტს გულწრფელად სურს ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოწესრიგებას, მაგრამ მას ამაში ხელს უშლის იგივე ძალა, რომელსაც ჩვენი გასრესა სურს. და მაინც, მე კვლავ მივმართავ ბორის ნიკოლოზის ძე ელცინს, გაეროს უშიშროების საბჭოსა და ბატონ ბუტროს გალის, მთელ პროგრესულ დემოკრატიულ რუსეთს, მთელ მსოფლიო გაერთიანებას მოწოდებით: ნუ დაუშვებთ საზარელ დანაშაულს, შეაჩერეთ პატარა ქვეყნის დასჯა, იხსენით ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი იმპერიული რეაქციის კოცონზე დაწვისაგან. მსოფლიოს უფლება არა აქვს, შეურიგდეს ერთ-ერთი უძველესი ხალხის, დიდი კულტურის შემოქმედისა და მაღალი სულიერი ტრადიციების ქვეყნის მოსპობას. პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ, თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ საქართველოსთვის, მისთვის უმძიმესი განსაცდელის ჟამს. იქნებ, დადგა დრო, აშკარად თქვათ მის დასაცავად ვაჟკაცური სიტყვა. სიტყვა თქვენი რუსეთის დასაცავადაც, რადგან ისტორიულად ჩვენი ხალხები მუდამ ერთ ბედს იზიარებდნენ. იმედს ვამყარებ მეგობარი უკრაინელი ხალხის, მისი პრეზიდენტის დახმარებაზე, რომელთანაც ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ურთიერთდახმარების შესახებ. ასევე იმედს ვამყარებ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისა და რესპუბლიკების, ჩვენი ისტორიული მეზობლების - სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის სოლიდარობაზე. ველი დახმარებას ჩვენი დასავლელი მეგობრებისაგან. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც კეთილი და ძლიერი ხელი გამოუწოდა და გამოუწვდის საქართველოს, რომელსაც არარსობის უფსკრულისკენ უბიძგებენ. როცა „ცივი ომის“ დამთავრებას ვესწრაფოდი, ძირს ვურყევდი გათიშვისა და გაუცხოების კედლებს, მე ვიბრძოდი ყველა ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აზრადაც არ მქონია, რომ კაცობრიობის არსებობისათვის მთავარი საფრთხის თავიდან აცილების შემდეგ სწორედ ჩემს სამშობლოს დაუდგებოდა შავბნელი განთიადი. იქნებ, ვინმემ თქვას, რომ ეს სასოწარკვეთის ამოძახილია. არა! თუ ეს მაინც ამოძახილია, ეს არის სულის, ჩემი და ჩემი ხალხის ამოძახილი. და მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს, რადგან კაცობრიობა ბედნიერი ვერ იქნება, მშვიდად ვერ ისარგებლებს მშვიდობის სიკეთით, სანამ დაღუპვის საფრთხე ელის თუნდაც ერთს, დაე, ყველაზე მცირერიცხოვან ხალხს. ამას ვწერ ღამის 3 საათზე. ქალაქს თავს ატყდება ჭურვები, დანგრეულია 1500 საცხოვრებელი სახლი. არ არის წყალი, პური, შუქი და იფერფლება იმედი. სროლა გრძელდება. ეს-ეს არის რამდენიმე ჭურვი დაეცა სამშობიარო სახლს, სადაც ძუძუმწოვარა ბავშვები და მათი დედები იყვნენ. არ გემშვიდობებით. გამომშვიდობება არ მინდა. დაე, ღმერთმა არ მოგაკლოთ მშვიდობა და ბედნიერება“.

18 სექტემბერი

- რუსეთის თავდაცვის მინისტრი პ. გრაჩოვი პრესკონფერენციაზე მოსკოვში აკეთებს პროვოკაციულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „არც ქართველთა, არც აფხაზთა მხარეებს არ სურთ მშვიდობა. ერთი ღრმად ჩაეფლო სისხლში, მეორეს კი ვერ გაუკონტროლებია სიტუაცია. საქართველოში მიმდინარეობს ნამდვილი სამოქალაქო ომი და არა მარტო აფხაზეთში“.

19 სექტემბერი

- ადლერში გაიმართა აფხაზეთში ვითარების მოწესრიგების გაერთიანებული კომისიის პირველი სხდომა. შეხვედრამ აფხაზური მხარის დესტრუქციული პოზიციის გამო უშედეგოდ ჩაიარა (ძირითადად აქტიურობდა ნ. ხაშბა - აფსუათა მთავრობის მეთაურის პირველი მოადგილე).
- ტამიშისა და ძველი კინდღის საავტომობილო ტრასას სეპარატისტთა რაზმები აკონტროლებენ. გადაკეტეს პეტიმეტრი.
- რუსეთის მთავრობამ (ვ. ჩერნომირდინის ხელმოწერით) გამოსცა განკარგულება „აფხაზთა მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სოჭის 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“, რომელშიც ნათქვამია: „თუ აფხაზეთის მხარე კვლავაც არ დაიცავს სოჭის შეთანხმებას, განხორციელდეს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, შეუწყდეს ენერგომომარაგება აფხაზეთს რუსეთის ტერიტორიიდან“. ამ სიაფანტობებს სოხუმის აღებამდე აკეთებენ.

21 სექტემბერი

- ე. შევარდნაძე ჩადის სოხუმთან განლაგებულ საბრძოლო პოზიციებთან.

21-23 სექტემბერი

- რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები, აფსუაები და დაქირავებული „ბოევიკები“ შემოვიდნენ სოხუმის შემოგარენში.
- სოხუმის “შუქურას” რაიონში მტერმა ვერ შეძლო უპირატესობის მიღწევა, მაგრამ სამაგიეროდ წინ წაიწია შრომის მხრიდან და სოხუმის ფუნიკულიორს მიადგა. შემდგომ მთლიანად აიღო აჩადარა და ლეჩქოფის სასაფლაოდან გავიდა ცენტრალურ სადგურთან, გადაკვეთა რკინიგზა, გავიდა ზღვის სანაპირომდე და ალყაში მოაქცია შუქურას მიდამოებში მებრძოლი ბატალიონები; მეორე ნაწილი გაუყვა ჭოჭუას ქუჩას და ე.წ. ტრაპეციის მთასთან (ფუნიკულიორის მოპირდაპირე) შეუერთდა შრომის მხრიდან შემტევ შენაერთს.

23 სექტემბერი

- ე. შევარდნაძემ სოხუმში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც შეაფასა შექმნილი მძიმე ვითარება.

24 სექტემბერი

- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ რადიოთი მიმართა სოხუმის მოსახლეობას და ქალაქის დამცველებს: „ძვირფასო მეგობრებო, სოხუმელებო, საქართველოს მოქალაქენო! მძიმე დღეები უდგას დღეს მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი ქალაქ სოხუმს. ქალაქს შემოესივნენ უცხოელი მომხვდურები და აფხაზი სეპარატისტები… მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი გმირობით, ვაჟკაცობითა და თავდადებით… სეპარატისტებს და ავანტიურისტებს, რომლებსაც ისტორია გაასამართლებთ, უნდათ, რომ ქართველმა კაცმა ამ ქართულ ქალაქში აღარ იცხოვროს. ბევრს უნდა, რომ გაგრის ტრაგედია სოხუმშიც გაიმეოროს… მე ვიცი, რომ თქვენ კარგად გესმით, როგორი ამოცანის წინაშე ვდგავართ. ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიჭირთ. ბევრმა გასაგები მიზეზების გამო დატოვა სოხუმი, მაგრამ თქვენ აქ დარჩით იმისთვის, რომ იბრძოლოთ სოხუმისა და საქართველოსთვის…  მოგმართავთ თქვენ, სოხუმის მოქალაქენო, მოგმართავთ ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და გენერლებს: მე ვიცი, თუ რა რიგ ძნელია ახლა პოზიციებზე დგომა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება შევდრკეთ, ჩვენ ყველანი ჩვენს ადგილზე უნდა ვიდგეთ. უნდა გავამაგროთ ქალაქი, გადავარჩინოთ სოხუმი… მე მინდა გითხრათ ისიც, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა, მინისტრთა საბჭო, ბატონი ჟიული შარტავა, მისი კოლეგები, ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქი და მთელი რაიონები, რომლებიც სოხუმს გარს არტყია - ყველანი საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამას კარგად ხედავს ჩვენი მოწინააღმდეგე და ამიტომაც ასეთი სიძულვილით და ასეთი გამძაფრებით ებრძვის, ანგრევს ჩვენს საყვარელ სოხუმს… მე მინდა ყველას გთხოვოთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეინარჩუნოთ თქვენთვის ჩვეული გამძლეობა, ვაჟკაცობა და თუ რომელიმე ქუჩაზე, რომელიმე უბანში გამოჩნდება მტერი, მას ისე უნდა დავხვდეთ, როგორც ეს მტერს ეკადრება“...

18-27 სექტემბერი

- სენაკში ჩეჩნეთიდან ჩამოფრინდა ზ. გამსახურდია. აწყობს მიტინგებს სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში, ჩადის ოჩამჩირეში და შეხვდა სამთავრობო ჯარების რიგ ხელმძღვანელებს, ლ. ქობალიას რაზმის მეთაურებს.

16-27 სექტემბერი

- თვენახევარმა ცეცხლის შეწყვეტამ გახიზნული მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა და უკან მოაბრუნა. სკოლები სავსეა ბავშვებით. მებრძოლები ძლიერ განიცდიან ოჯახების ბედს. სამგზავრო ავიაცია ვერ უმკლავდება ლტოლვილ ბავშვთა და ქალთა, მოხუცთა გადაყვანას. მოსახლეობა იმდენადაა მიჩვეული მტრის შემოტევებს, დაბომბვებს და სხვა უბედურებას, რომ მშვიდად ტოვებს (ყოველი შემთხვევისთვის) ქალაქს. არავის არ სჯერა, რომ სოხუმი დაეცემა: არც იმ საშინელებას გრძნობენ, ქალაქის აღების შემდეგ გულუბრყვილობით თუ სხვა მიზეზით ჩარჩენილ ქართველებს რომ ელოდებათ...
- მთელი საქართველო წამოიმართა მოძმეთა გადასარჩენად. მოიხსნა თითქმის ყველა ავია რეისი და მოხალისენი შიშველი ხელებით მიემართებიან ფრონტზე. ქართველი მეომრები იღუპებიან უთანასწორო ბრძოლაში. მტერმა ააფეთქა მებრძოლებითა  და მშვიდობიანი ადამიანებით სავსე თვითმფრინავი, ყველა ჩაიწვა შიგ...
- სეპარატისტთა მიერ ჩამოგდებულ იქნა და ზღვაში სოჭიდან მომავალი თვითმფრინავი, რომელშიც მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები ისხდნენ.
- სოხუმის აეროპორტში ჭურვების ზუსტი დარტყმით განადგურებულ იქნა მგზავრებით სავსე თვითმფრინავი. აქვე დაიღუპა სახელოვანი ქართველი სპორტსმენის ლევან თედიაშვილის ვაჟი ვახტანგ თედიაშვილი, რომელიც დამწვარი თვითმფრინავის მშველელთა რიცხვში იყო.
- მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები იმართება ყოფილი ხელისუფლების მომხრეებთან, რომელთა შეიარაღებული ფორმირებები სამეგრელოში არიან დისლოცირებულნი. მათი მეთაურები (ლოთი ქობალია, აკაკი ელიავა…) უარს აცხადებენ „ხუნტის“ ჯარებთან ერთად ომში ჩაბმაზე და ალყაშემორტყმულ სოხუმს ბედის ანაბარა ტოვებენ.
- მდ. კოდორის სიახლოვეს თავმოყრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი შენაერთი (დაახლოებით 3 ათასი მებრძოლი და 60-მდე ჯავშანტექნიკა), ასევე ექსპრეზიდენტის მომხრეთა შეიარაღებული ფორმირებები, რომელებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებს მდინარის ფორსირებას და სოხუმელთა დახმარებას.

27 სექტემბერი

- მტერმა სოხუმი აიღო.
- ე. შევარდნაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბთან ერთად გადადის სოხუმის გვერდით, დაბა აგუძერაში.
- საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, სადაც მოუწოდა ე. შევარდნაძეს დაბრუნებულიყო თბილისში თავისი მოვალეობის შესასრულებლად, რაც თავიდან ააცილებს საქართველოს უფრო დიდ სისხლისღვრასა და სამოქალაქო ომს.

25-28 სექტემბერიდან

მოსახლეობა და ჯარის ნაწილები ორი მიმართულებით იხევდნენ უკან. მშვიდობიანი ადამიანების ერთი ნაწილის ევაკუაცია ხდებოდა ზღვიდან (გულრიფშის რ-ნი), ხოლო მეორე, გაცილებით დიდი მასის, კოდორის ხეობით, მერხეული-წებელდა-ლათა-აჟარა-გენწვიში-ჩხალთა-საკენის გზით. მთის გზას, “გოლგოთის გზას” მიუყვებოდა ათობით მსუბუქი და სატვირთო მანქანა, ათასობით ქართველი. არ იყო საკვები. ხალხი შიმშილისაგან და სიცივისგან იღუპებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა, სვანები, რითაც შეეძლო, ეხმარებოდა მათ. ერთდროულად პოზიციების გამაგრებას ცდილობდნენ მეომრები. ხალხი ჭუბერის უღელტეხილისკენ მიიწევდა. ამ პერიოდში მაღალმთიანეთში ღამით სუსხია. ბავშვები, მოხუცები, ქალები სიცივისგან ავადდებოდნენ. უღელტეხილის გადასვლისას დაიღუპა მრავალი ასეული ადამიანი. ჯერაც არაა დადგენილი. დაახლოებით - 400. მიცვალებულებს, ხშირ შემთხვევაში, იქვე ასაფლავებენ. საფლავებს დანით და კოვზებით თხრიდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს დახმარებისთვის. ბევრი ქვეყანა გამოეხმაურა, განსაკუთრებით, უკრაინა და სომხეთი, რომლებმაც ვერტმფრენები გამოგზავნეს. ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა ხალხს ეხმარებოდა პურით, ხორცით, კონსერვებით, თბილი ტანსაცმლით... კოდორის ხეობის მოსახლეობამ გაიღო ყველაფერი, რისი გაღებაც შეეძლო. ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი გმირობა. ამასთან ერთად, კოდორის ხეობაში აღმოჩნდნენ ბანდიტური ჯგუფები და კრიმინალები, რომლებიც ილაჯგაწყვეტილ და გაწამებულ ადამიანებს ართმევდნენ იარაღს, სასწაულით შემორჩენილ ავტომანქანებს, ფულსა და პირად ნივთებს, ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ მათ ადამიანურ ღირსებას.


28 სექტემბერი

- გრძელდება გულრიფშის რაიონის (მაჭარა, აგუძერა, დრანდის აეროპორტი) დაბომბვა. ზღვიდან და ხმელეთიდან დამიზნებით ბომბავენ დრანდის აეროპორტს.
- დრანდის აეროპორტიდან (გულრიფშის რ-ნი) აფრენილ თვითმფრინავს, რომელშიც იმყოფებიან ა. ჯორბენაძე, ი. ბათიაშვილი, კ. გაბაშვილი, ა. კავსაძე, შ. კვირაია, ჟურნალისტი რ. ეგაძე, ე. შევარდნაძე და მისი დაცვის რამდენიმე თანამშრომელი (ძირითადი ნაწილი კოდორის ხეობით დაბრუნდა თბილისში) და მრავალი დევნილი ბავშვი და ქალი, ცეცხლს უშენენ ზღვიდან, მაგრამ მფრინავების მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით ბათუმის გავლით უვნებლად ჩამოფრინდა თბილისში ეს ბორტი.
- დრანდის აეროპორტიდან 17 საათზე გამოფრინდა აეროპორტის უფროსის, ზ. ხაინდრავას ინიციატივით ბოლო წუთებში სახელდახელოდ შეკეთებული თვითმფრინავი, რომლითაც აეროპორტში ჩარჩენილი 120-მდე მოხუცი, ბავშვი და ქალი ქუთაისის გავლით ჩამოყვანილ იქნა თბილისში.

29 სექტემბერი

- რუსები შედიან გულრიფშში.

30 სექტემბერი

- მტერმა დაიკავა ოჩამჩირე და გალი და მ. ენგურს მიადგა 2000 საათისთვის.
- გალის რ-ის მოსახლეობა გაიხიზნა ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში.

Комментариев нет: