04 октября 2017

რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1992 წლის ოქტომბერი

1 ოქტომბერი
- პრეზიდენტ ზვიად  გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულმა ფორმირებებმა შეტევა განახორციელეს და აიღეს ქ. ხობი.
2-3 ოქტომბერი
- გაგრაზე თავდასხმა განახორციელეს რუსეთის რეგულარული არმიისა და მათ მიერვე ორგანიზებულმა ჩრდილოეთ კავკასიელთა შენაერთებმა, მათ შორის, შამილ ბასაევის რაზმმა. ბრძოლებში გამოყენებულ იქნა ტანკები და ავიაცია. ზღვის აკვატორია ჩაიკეტა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების მიერ. საქართველოს წინააღმდეგ მეომარ ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილ გენერალ-პოლკოვნიკ გ. კოლესნიკოვი. ამავე პერიოდში რუსულმა ტანკერმა უდაუთაში, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებდა, ჩამოცალა 420 ტონა დიზელის საწვავი და ბენზინი, რომელიც სამხედრო ტექნიკისთვის იყო განკუთვნილი.
-  ე. წ. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტ მ. შანიბოვის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა КГБ-სა და ГРУ-ს (რუსეთის გენშტაბის სამხედრო დაზვერვა) მიერ შექმნილი ამ ორგანიზაციის საგანგებო ყრილობა. ორგანიზაციას ეწოდა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია. მიიღეს გადაწყვეტილება, გაეფართოებინათ აფხაზეთში სეპარატისტთა მხარდაჭერა, კერძოდ, მხარი დაუჭირეს საომარ მოქმედებებში კაზაკთა რაზმების მონაწილეობას.

3-4 ოქტომბერი
- განხორციელდა შეტევა მდ. გუმისის პერიმეტრზე ( ე. წ. „დვურეჩიასთან“), ს. კამანისა და ს. შრომის მიმართულებით.  მტრის დროებითი წარმატების შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის (შემდგომ თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის) მებრძოლებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაანადგურეს.
5 ოქტომბერი
- რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს ვერტმფრენი Ми-8 ჩამოაგდეს.
11 ოქტომბერი
- საქართველოში ჩატარდა პირველი პოსტკომუნისტური პარლამენტის არჩევნები. აფხაზეთში არაკონტროლირებადი (გაგრის ზონა და გუდაუთის რაიონი, ქ. ტყვარჩელის ზონა) ტერიტორიებისა და გალის რაიონის გარდა (აქ აქტიურობდნენ ზ. გამსახურდიას მომხრეები, რომლებმაც ჩაშალეს არჩევნები) მოსახლეობამ ყველგან გამოხატა თავისი ნება.
13 ოქტომბერი
- ქვემო ეშერაში ჩამოაგდეს საქართველოს СУ-25 ტიპის გამანადგურებელი.
18 ოქტომბერი
- ე. წ. კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ასამბლეის პრეზიდენტი მ. შანიბოვი ჩადის გუდაუთაში და აყალიბებს კონფედერაციის ოპერატიულ შტაბს.
31 ოქტომბერი
- ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელი ლოთი ქობალია ჩადის სოხუმში და აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლს კისრულობს.


Комментариев нет: