14 декабря 2017

ჟენევის მოლაპარაკებები - უსარგებლო საჭიროება

გრძელდება აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, ხოლო მეორე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარებას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო- თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის მონაწილეობით. შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის / დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ა/ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი.

ჟენევის ფორმატი პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით, როგორც ვიცით, უსარგებლოა (თუ არ ჩავთვლით აფსუებისთვის საარქივო მასალების ელექტრონული ვერსიების გადაცემას და სხვა წვრილმან ამბებს), მაგრამ ამ "სალაყბოს" 2008 წ. რუსეთის აგრესიისა და მის მიერ 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების კრემლისგან იგნორირების შესახებ საუბრის ტრიბუნის ფუნქცია აქვს, სადაც საქართველო აგრესორთან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აშშ-ის შუამავლობით აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამას რუსეთი ვერ გაექცა. კი სურდა ჟენევის ფორმატის ნიველირება და შემდგომ საერთოდ გაუქმება, მაგრამ ვერ მოახერხა. სწორედ ამას ემსახურებოდა აბაშიძე-კარასინის ფორმატის წინ წამოწევისა და ამ დიალოგით ჟენევის ჩანაცვლების არაერთი მცდელობა.

მ. წ. 12-13 დეკემბრის 42-ე რაუნდზე კი განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
-        -  რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა;
-        -  სოხუმში რუსეთის საბაჟო პოსტის შექმნა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ახალგორში ანალოგიური სტრუქტურის შექმნის შესახებ;
-         - მავთულხლართების გავლება და დახურული .. გადასასვლელი პუნქტები;
-        -  ადამიანთა გადაადგილება და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომა, უკანონო დაკავებები და გატაცებები;
-         - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია;
-         - გალის -ის კვიდრთა რთული მდგომარეობა (მათი უცხოელებად დარეგისტრირება, მათი გვარებისა და ეროვნული იდენტობის შეცვლაზე იძულება, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალა);
-         - ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების აუცილებლობა;
-         - გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავება;
-         - გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საჭიროება (ამ კონტექსტში გაიმართა საინფორმაციო სესია კატასტროფის რისკების შემცირებაზე);
-         - ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების პროექტი (ქართველმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების, შესრულებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით გარანტირების აუცილებლობას);

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟენევის ფორმატს და ჩაერთონ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამის მიუხედავად, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.

მონაწილეები დაემშვიდობნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლს, ანტი ტურუნენს, და მადლობა გადაუხადეს მას თანათავმჯდომარის რანგში გაწეული რვა წლიანი ძალისხმევისთვის. მონაწილეები ასევე მიესალმნენ ევროკავშირის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის 27-28 მარტს.

ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ დისკუსიაში ჩართული მხარეების მიერ წარდგენილი სხვადასხვა ვერსიების მიუხედავად, ქართულმა მხარემ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება ისევ დაბლოკა. მათი განცხადებით, მოლაპარაკებებში მონაწილეები საქართველოსა და აფხაზეთის, ასევე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას სტაბილურად აფასებენ, თუმცა ამ პოზიციას ქართული მხარე არ იზიარებს. ყურადღება გამახვილებულია აშშ-ია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიყიდვას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგებს

Комментариев нет: