31 января 2019

სომხების მონაწილეობა აფხაზეთის ომში


1992 წ. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ადგილობრივმა სომხებმა ხელში იარაღი აიღეს. ჩვენ არ გვაქვს დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები, რომ მათ აქტიობას რუსეთის სპეცსამსახურები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ არსებული მასალები და მაგალითები სწორედ ამაზე მეტყველებს.
გაგრელი სერგეი ზაბელიანის ინიციატივით, რომელსაც შემდგომ ბაგრამიანის ბატალიონის ზურგის უფროსის მოადგილედ ვხედავთ, 1992 წ. 15 აგვისტოს (ომის მეორე დღეს) 200 სომეხი მზად იყო საომრად. ამათგან 20-მდე კაცმა პირველ შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა გუდაუთის რ-ნ ს. შიცკვარასთან (ვიტალი სმირის დაჯგუფებაში). შემდგომ, 1993 წ. 5 იანვარს, სოხუმზე განხორციელებულ შეტევაში გენა ჭანბას ასეულის შემადგენლობაში იბრძოდა სომეხთა ოცეული. აქ მათ დანაკარგები ნახეს მოკლულთა და ტყვეთა სახით.
სეპარატისტთა ხელისუფლებამ შესაბამისად დააფასა სომეხთა აქტიურობა და ვ. არძინბას 1993 წ. 9 თებერვლის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა „ბაგრამიანისსახელობის სომხური ბატალიონი“.  აფსუებისადმი ერთგულების ფიცი პირველმა ალბერტ ტოპოლიანმა დადო. ამ შენაერთში ძირითადად გაერთიანდნენ გაგრის, გუდაუთის რ-ებისა და ტყვარჩელელი სომხები. მეთაურად დაინიშნა უფროსი ლეიტენანტი ვაგარშაკ კოსიანი, ხოლო შტაბის უფროსად - პოლკოვნიკი ლეონიდ მარქარიანი. მათ შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღიდან დაბრუნებული მეომრებიც.
საქართველოს გენპროკურატურის გამოძიების მასალებით, უშიშროებისა და სადაზვერვო ორგანოების მონაცემებით, ბაგრამიანის ბატალიონმა აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთში ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში.
ბაგრამიანის ბატალიონი შეიარაღებასა და სხვა საჭიროებებს რუსეთიდან რეგულარულად და ორგანიზებულად ღებულობდა. მოსკოვის დავალებით შენაერთს ეხმარებოდნენ სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები (მაგ., ყოფილი გაგრელი სერგეი ჩაკრიანი და სხვა).

სომხებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სოხუმზე 1993 წ. მარტის შეტევის დროს. აქტიურობდა მე-3 ასეული (მეთაური გალუსტ ტრაპიზონიანი), რომელმაც მდ. გუმისთაზე გადასული 31-დან 15 მებრძოლი დაკარგა. ეს ბატალიონი აქტიურობდა აგრეთვე სოხუმის რ-ნ ს. ცუგუროვკასთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში, სექტებერში - სოხუმის აღების დროს და შემდგომ გაიგზავნა გალის რაიონში.
სომხები იბრძოდნენ აფსუათა სხვა შენაერთებში: „მსროლელთა“, მოტომსროლელთა, განთიადის, სოხუმის ეშერა-ათონის და ბიჭვინთის ბატალიონებში, გაგრის ასეულ „აძაფშში“.
1992-93 წწ. ქართველთა წინააღმდეგ სულ დაახლოებით 1500 სომეხი იბრძოდა. მათგან 140-მდე დაიღუპა. საბრძოლო დამსახურებებისთვის 11 სომეხს მიენიჭა „აფხაზეთის გმირის“ წოდება (კ. გურგენიანი, გ. ტრაპიზონიანი, ა. ისხანიანი, ს. კირაკოზიანი, ა. ასატურიანი და ა. შ.), 5 - დაჯილდოვდა „ლეონის ორდენით“, ხოლო 10 - მედლით „მამაცობისთვით“.
სომხური ბატალიონი მონაწილეობდა აგრეთვე 1998 წ. მაისში გალის რ-ში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკურ წმენდაში.  

Комментариев нет: