01 февраля 2019

აფხაზეთის 2019 წლის "საპრეზიდენტო" არჩევნების შესახებ


მ. წ. 31 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციურ გაერთიანების „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობის“ (შეიქმნა 2018 წ. 27 აგვისტოს) შტაბის ახალ ხელმძღვანელად აირჩიეს თეიმურაზ ხიშბა, რომელმაც შეცვალა ყოფილი „ვიცე-პრეზიდენტი“  მიხეილ ლოგუა (ა. ანქვაბის დროს) და რომელიც დღევანდელი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯინბას მთავარი ოპონენტის ასლან ბჟანიას (დეპუტატი, ადრე - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი, გენერალი) საარჩევნი შტაბს ხელმძღვანელობდა 2014 წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
თეიმურაზ ხაშბა სერგეი შამბას თანამებრძოლია და მისი პარტიის „ერთიანი აფხაზეთის“ (Единая Абхазия) გაგრის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მუშაობდა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ.

ოპოზიციურ „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობაში“  გაერთიანებულია 8 ორგანიზაცია. გაერთიანების შტაბში შედიან: ასლან ბჟანია („აფრა“), ალხას კვიწინია („ამცახარა“), სერგეი შამბა („ერთიანი აფხაზეთი“), დმიტრი დბარი („კიარაზაა“), ნუგზარ აშუბა („აბზანხარა“), ვიაჩესლავ ჩირიკბა („ახიპშიმარა“), ირინა აგრბა („ქალები პოლიტიკაში“) მიხაილ ლოგუა (ს. ბაღაფშის ფონდი); აფხაზური „პარლამენტის“ წევრები: ომარ ჯინჯოლია, იური ხაგუში (გაგრა), ასთამურ არშბა (გაგრა), ლაშა აშუბა (სოხუმი),  ბათალ აიბა (სოხუმი).
მოძრაობის დეკლარირებული მიზანია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და მისი თანდათანობითი ეკონომიკური და სოციალური განვითარება. გაერთიანება მიიჩნევს, რომ 2004 წლიდან რ. ხაჯინბას პოლიტიკურ არენაზე გამოჩენამ საზოგადოება გახლიჩა და მის პერმანენტულ მარცხს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში (ჯერ ს. ბაღაფშის, შემდეგ ა. ანქვაბის წინააღმდეგ) მუდმივად კრიზისი და არეულობა მოჰქონდა, რასაც მხოლოდ რუსების დახმარებით უმკლავდებოდნენ. ამიტომ მოძრაობას მიაჩნია, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია და წინსვლა შესაძლებელია მხოლოს რ. ხაჯინბას პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში. 

პროგნოზების მიხედვით, 2019 წლის სოხუმის რეჟიმის „საპრეზიდენტო“  არჩევნებზე რეკორდული რაოდენობის კანდიდატები შეიძლება დარეგისტრირდნენ. აქამდე 2004 წ. „არჩევნები“ პირველ ადგილზე, როცა 6 კანდიდატი იყრიდა კენჭს (შემდეგ ერთმა მოიხსნა თავი), ხოლო 2009 წ. – 5.
2018 წ. 19 დეკემბერს რ. ხაჯინბას პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა“ («Форум народного единства Абхазии») მას შესთავაზა მეორე ვადით კენჭისყრა და, ცხადია, დღევანდელი „პრეზიდენტი“ მომხრეებს არ გააწბილებს.
რაც არ უნდა გავიკვირდეს, საზოგადოების ზოგიერთ წრესა და სოციალურ ქსელებში განიხილავენ აფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის (რეზიდენცია - ახალი ათონი) ხელმძღვანელის, „არქიმანდრიტ“ დოროფეის (დბარი) კანდიდატურასაც, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მაინც ფანტაზიის სფეროდანაა და როგორც თავად ინიციატორები ამბობენ, მასთან არც არის შეთანხმებული. 
ზოგადად, საქართველოს გამთლიანებისთვის აფხაზეთის „პრეზიდენტის“ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება, მაგრამ ჩვენი პერსპექტივისა და მოქმედების ტაქტიკის გათვლისთვის ოკუპირებული ტერიტორიების შიდა პროცესების დაწვრილებით ცოდნას სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება. ეს რუსული ოკუპაციის დაძლევის გზაზე ერთ-ერთი მიმართულებაა.

Комментариев нет: