23 февраля 2019

დეოკუპაციის კომისია


საქართველოს პარლამენტში 1996 წ. შეიქმნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია. წინა, რუსეთთან ომის დროს არჩეულ საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობდა კონფლიქტთან დაკავშირებული ორი სტრუქტურა:  გაგრის მოვლენების შემსწავლელი და აფხაზეთის საქმეთა კომისიები. უკანასკნელს ევალებოდა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე წინადადებების შემუშავება, მაგრამ მათ რეალურად ვერ იმუშავეს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიას ზურგს უმაგრებდა ფრაქცია „აფხაზეთი“ და მთელი პარლამენტის განწყობაც შესაბამისი გახლდათ, რაც, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში პოლიტიკური კონიუნქტურის გამო შესუსტდა. აფხაზეთიდან 1992 წ. არჩეულ დეპუტატებს,  რომლებსაც ორჯერ გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა და რომლებმაც ორ ფრაქციად გაყოფა მოასწრეს, 2003 წ., ვარდების რევოლუციის შემდეგ, დეპუტატის მანდატები ჩამოართვეს...

კომისიის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოსაწესრიგებლად მიმართულ ღონისძიებათა კოორდინირება, მათ განხორციელებაზე კონტროლის დაწესება, სამშვიდობო პროცესისათვის ხელის შეწყობა და აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებისა და დასკვნების მომზადება, რეკომენდაციებისა და წარდგინებების შემუშავება.

უმნიშვნელოვანესი გახდა 1996 წ. 17 აპრილის პარლამენტის დადგენილება აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ პრობლემის კონსტიტუცია.

კომისიის ეგიდით, მისი თავმჯდომარეებისა და აპარატის ექსპერტ-სპეციალისტთა ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემულია მრავალი მონოგრაფია და ნაშრომში: აფხაზეთის ლაბირინთი (ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე), 1999 (ვ. ყოლბაია, დ. ლაცუზბაია, რ. გელანტია, თ. ჭახრაკია);
 აფხაზეთის საკითხი საქართველოს პარლამენტში (1995–1999 წწ.); აფხაზეთის საკითხი ოფიციალურ დოკუმენტებში (1989–2004), ნაწილი I, II და III; Мифы и реальность. Сборник статей по вопросам истории и политического статуса Абхазии,  2004;  კონფლიქტები. პროგნოზირება - საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები, 2007 (შ. მალაშხია); კონფლიქტების ანატომია, 2011 (შ. მალაშხია); შოთა მალაშხიას იდეით, თაოსნობითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარებით განხორციელებული პროექტი „ოკუპაცია“ (17 დოკუმენტური ფილმი), რომელშიც ასახულია საბჭოთა კავშირის, მისი მემკვიდრე რუსეთისა და ნაცისტური გერმანიის მიერ ევროპასა და აზიის ქვეყნების ოკუპაციის ისტორია, მილიონობით ადამიანის ტრაგედია და დაპყრობილი ერების განმათავისუფლებელი ბრძოლა.

კომისია აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გამთლიანებისთვის ფუნდამენტალურად აუცილებელი კანონის - „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ - შემუშავებასა  და 2008 წ. მის მიღებაში.
 
2018 წელს კომისიის სახელწოდებას სიტყვა „დეოკუპაცია“ დაემატა.

კომისიის პირველი თავმჯდომარე იყო ვახტანგ ყოლბაია (ორი ვადით). მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატებს უფლებამოსილება არ გაუგრძელეს, თავმჯდომარის თანამდებობას რიგრიგობით იკავებდნენ: ვასილ მაღლაფერიძე, აკაკი ბობოხიძე, შოთა მალაშხია (ორი ვადით), გიორგი ვოლსკი, გედევან ფოფხაძე.

მიუხედავად შიდასახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებში ხშირად რადიკალური დაპირისპირებისა, პოლიტიკურ ძალთა უდიდესი უმრავლესობა ქვეყნის მთლიანობის საკითხში კონსესუსის მიღწევას მუდამ ახერხებდა. ცხადია, საზოგადოებაში იყო და არის საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებული გარკვეული პოლემიკა, მაგრამ ევროატლანტიკური, ცივილიზებული მსოფლიოსკენ მისწრაფებები იმდენად დიდი, თვალსაჩინო და შეუქცევადია, რომ ე. წ. რუსული ორიენტაციის ძალების პოლიტიკური მომავალი განწირულია, რადგან ასეთია ერის დაკვეთა. ამასთან, წარმატებას, რუსული ოკუპაციის შედეგების დაძლევას ერთსულოვანი ძალისხმევა სჭირდება.















Комментариев нет: