1993 წ. 16-17 მარტს გუმისთაზე
განცდილი მარცხისა და დიდი ზარალის შემდეგ, რუსეთის არმია მომავალი დარტყმისთვის ემზადებოდა,
მაგრამ ჩვენი დემორალიზებისა და „ცხელი“ საომარი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, განაგრძობდა სოხუმის საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვას, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას, ლოკალურ
შეტაკებებს.
1-ელ მაისს საქართველოს
სუ-25 ტიპის 2 თვითმფრინავი ცდილობდა მტრის საარტილერიო წერტილების ჩახშობას, როცა ერთ-ერთი გუდაუთიდან აფრენილმა სუ-27 ტიპის მოიერიშემ
ჩამოაგდო. პილოტმა, კაპიტანმა რ. ნაროუშვილმა, მოასწრო
კატაპულტირება.
მომავალი დარტყმისთვის მზადების ფარგლებში მოსკოვის
მიერ ინტენსიურად მარაგდებოდა ტყვარჩელის ზონა, ე. წ. სამხრეთის ფრონტი, რომელიც ხმელეთიდან
მოწყვეტილი იყო მტრის ძირითად ნაწილებთან კომუნიკაციას. ამიტომ ცოცხალი ძალა და იარაღი
იქ ჰაერიდან ხვდებოდა.
ომის საწყის ეტაპზე ქართულმა მხარემ დიდი შეცდომა დაუშვა,
ტყვარჩელი რომ არ დაიკავა და არ გაწმინდა მტრებისგან დაეს მაშინ, როცა ქალაქი დანებებას
აპირებდა და თეთრი დროშაც გამოფინა. ამით, ფაქტიურად, სამხედრო თვალსაზრისით მოიხსნებოდა
ოჩამჩირის ზონის პრობლემა და ის ძალები, რომლებიც მთელი კამპანიის პერიოდში 24-ე ბრიგადის
სახით იბრძოდნენ ამ პერიმეტრზე, გუმისთის ფრონტს დაეხმარებოდნენ; არც დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა გადაიკეტებოდა პერმანენტულად (რაც სოხუმის ბლოკადას აგვარიდებდა), არც ტამიშის დესანტს (1993 წ. 2 ივლისი) გაბედავდნენ და არც ამდენი ხალხი დაგვეღუპებოდა. მაგრამ ე. შევარდნაძის მოთხოვნით
ტყვარჩელი არ იქნა განეიტრალებული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის
24-ე ბრიგადის დაზვერვის მონაცემებით, 15 აპრილიდან მაისის ჩათვლით ოჩამჩირე-ტყვარჩელის
მიმართულებით მტერმა მნიშვნელოვნად გაზარდა პირადი შემადგენლობა და შეიარაღება ჩრდილო
კავკასიიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან, ასევე გუდაუთიდან ჩამოყვანილი მეომრების
ხარჯზე.
სისტემატიური ხასიათი მიიღო საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლამ
გუდაუთა-ტყვარჩელსა და თებერდა-ტყვარჩელს შორის. მაისისთვის დაჯგუფებამ შეადგინა 3-3,3
ათასამდე მეომარი, მათ შორის: აფხაზურ ათარაში - 120-150 ქვეითი, კუტოლში -
150-160, ჯგერდაში - 200, ლაბრაში - 80, ღვადაში - 150-170, ჭლოუში - 110, მოქვის მეურნეობაში
- 460, მერკულაში - 300, ბესლახუბაში - 200-230, ფოქვეშში - 130-150, რეკაში -
180, ბედიაში - 250-300, ტყვარჩელში - 500.
სოლიდურად გამოიყურებოდა მოწინააღმდეგის შეიარაღებაც:
ავტომატი - 3 ათასამდე, ტყვიამფრქვევი - 69, ყუმბართმტყორცნი (РПГ) - 135, ნაღმტყორცნი
- 23, მსხვილკალიბრიანი საზენიტო დანადგარი (ЗСУ) - 6, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა (Стрела)
- 28, უმართავი რეაქტიული რაკეტა (НУРС) - 7, საზენიტო რეაქტიული დანადგარი (Град)
- 2, ქვემეხი - 4, ავტომატური ყუმბართმტყორცნი (АГС) - 3, სნაიპერის შაშხანა (СВД)
- 12, ტანკი - 4, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (БМП) - 4, ჯავშანტრანსპორტიორი - 5, მართვადი
რეაქტიული რაკეტა (ПТУРС) - 5 ერთეული.
მაისის დასაწყისში ტყვარჩელში რუსულმა ვერტმფრენებმა
ჩამოიტანეს აგრეთვე „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტები და დამატებით ავტომატები.
ტყვარჩელ-ოჩამჩირის დაჯგუფებას კარგად ჰქონდა ორგანიზებული
კავშირგაბმულობა. ფრონტს ემსახურებოდა აგრეთვე ტყვარჩელში დამონტაჟებული რადარი.
მარტში განცდილმა მარცხმა რუსებს უჩვენა, რომ აუცილებელი
იყო ქართული შენაერთების ნებისმიერი საშუალებით განეიტრალება. მან ეს ღია ბრძოლით აფსუათა და „მოხალისეთა“ რესურსით ვერ მოახერხა, რომლებიც სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად მთლიანად დეზორგანიზებული იყო. ამიტომ გამოსავალის ძიება დაიწყო და ე. წ.
სამშვიდობო ხელშეკრულება შემოგვთავაზეს. აფსუებს რუსები ბევრ არაფერს ეკითხებოდნენ, მაგრამ ამისთვის მათი შემზადებაც აუცილებლად ჩათვალეს.
რუსეთის დელეგაციამ გააცნო აფსუათა წარმომადგენლებს 6-7 აპრილს სოჭში გამართული პ. გრაჩოვისა (რუსეთის თავდაცვის მინისტრი) და თ. სიგუას (საქ.-ს პრემიერ მინისტრი) მოლაპარაკებების შედეგები, რომელზეც ქართულმა მხარემ რუსებს მტკიცებულებები წარუდგინა მათი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ და ეს „რეაქციულ ძალებს“ დააბრალა. ამაზე გრაჩოვის პროტესტმა არ დააყოვნა. მან უარყო სიგუას მტკიცებულებები და განაცხადა: «Без заключения договора о статусе российских войск в Грузии, прогресс в двусторонних отношениях невозможен. Российская сторона выступает за сохранение территориальной целостности Грузии при эффективных гарантиях автономии Абхазии и Южной Осетии».
ქართველოში ჯარში პარალელურად ცვლილებები განხორციელდა.
6 მაისს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა გენერალი გ. ყარყარაშვილი; 11 მაისს გენერალ-მაიორი ვ.
ქვარაია - თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსად; გენერალ-მაიორი ზ. უჩაძე - მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურად.
ე. წ. სამშვიდობო პროცესი გაგრძელდა და 1993 წ. 14 მაისი ე. შევარდნაძემ
და ბ. ელცინმა
მოსკოვში ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც შეეხო ქართულ-რუსულ
ურთიერთობებს, აფხაზეთში მდგომარეობის დარეგულირების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, დააჩქარონ დოკუმენტების მომზადება აფხაზეთის შესახებ უმაღლესი დონის განმეორებითი შეხვედრისათვის 1992 წლის 3 სექტემბრის
მოსკოვის საბოლოო დოკუმენტის ფორმატით. შეთანხმდნენ 20 მაისიდან მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. იქვე კონფლიქტის ზონაში დაინიშნა ბ. პასტუხოვი.
საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობდა პოლიტიკური საშუალებებით
შეეკავებინა სსრკ-ს ნანგრევებზე აღმოცენებული არასტაბილური წარმონაქმის, რუსეთის აგრესია
მეზობლების მიმართ. ამის გამოხატულება იყო მაისის დასაწყისში საქართველოში გაეროს გენ.
მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ედუარდ ბრუნერი 20-24 მაისს ვიზიტით იმყოფებოდა სოხუმში. ის გუდაუთასაც ესტუმრა. მაგრამ
20-დან ფრონტებზე შეწყვეტილი
ცეცხლი ათ დღეში მტერმა, ფაქტიურად, განაახლა.
22-23 მაისს გუმისთისა და შრომის მიმართულების ფრონტის
ხაზზე ქართული ჯარის მხარდამხარ განლაგდა უკრაინელ პატრიოტთა შენაერთი
„უკრაინის ეროვნული ასამბლეა - უკრაინის სახალხო თავდაცვა“ (УНА-УНСО). ისინი რუსეთის იმპერიას საქართველოში ებრძოდნენ ლოზუნგით
- „თუ გუმისთაზე წავაგეთ ბრძოლა, დნეპრზე მოგვიწევს ომი!“ («Если мы проиграем бои на Гумисте, то нам придется
воевать на Днепре»).
ამასთან, დასუსტებული, მაგრამ მსოფლიოსთვის საშიში რუსეთი
აგრძელებდა ორმაგ თამაშს. ტყვარჩელის მიმართულებით ყოველ დღე კურსირებდა 7-8 სამხედრო-სატრანსპორტო
შვეულმფრენი მოიერიშეთა თანხლებით. მათი ტვირთამწეობა შეადგენდა 10 ტონაზე მეტს. ტვირთები
გადაჰქონდათ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. ვერტმფრენების მარშრუტი იყო: თებერდა-ქლუხორის
გადასასვლელი (ე. წ. „Южный приют“)-ტყვარჩელი.
20 მაისს რუსეთიდან შემოფრენილ მძიმე შვეულმფრენს ცეცხლი გაუხნეს ქართველმა მეომრებმა, რის შედეგალ ის დაზიანდა და უკან გაბრუნდა, ხოლო 24 მაისი
გულრიფშის რ-ნ ს. საკენთან ჩამოაგდეს მი-6, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა გუდაუთიდან
ტყვარჩელში (დაიღუპნენ ლ. ჩუბროვი, ე. კასიმოვი, ა. საველევი, ვ. ცარიოვი, ე. ფიოდოროვი).
რუსეთი, მიუხედავად დაპირებებისა, ყველა მეთოდს იყენებდა
დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. ФСБ და ГРУ აყალიბებდნენ ე.
წ. მოხალისეთა რაზმებს და აგზავნიდნენ აფხაზეთში, მხარს უჭერდნენ აფსუათა, სომეხთა, ჩრდილოკავკასიელთა შოვინისტური ან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილი წრეების ინიციატივებს და ა. შ.
მაგალითად, 27 მაისს ვინმე აფსუა ლ. ზარანდიამ რუსეთიდან
გამოაგზავნა კარგად მომზადებული და შეიარაღებულ დაქირავებულ მეომართა დაახლოებით
120 კაციანი რაზმი, რომელიც ტყვარჩელში შვეულმფრენებით გადმოიყვანეს. ის გადაანაწილეს
ქ. ტყვარჩელში, ს. ტამიშსა და ჭლოუში. ამ პერიოდში
შვეულმფრენებმა ჩამოიყვანეს 200 კაცამდე კარგად შეიარაღებული ქვეითი. მოახერხეს თურქეთიდან
100 ერთეული ავტომატის ჩამოტანა.
24 მაისს გალის რ-ის ს. გუდავის მე-2 საშუალო სკოლის
მოსწავლეებმა და პედკოლექტივმა შეხვედრა მოუწყვეს 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის
(„სამურზაყანო“) მებრძოლებს. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ (და ვინ იცოდა?!), რომ წინ დიდი
განსაცდელი გველოდა ყველას.
ასეთი იყო 1993 წ. მაისი აფხაზეთის ფრონტზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий