20 мая 2020

გაყინული კონფლიქტების შესახებ

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებს „გაყინულს“ უწოდებენ, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალჯერ მიაყენეს სახიფათო დარტყმა.
,,გაყინული კონფლიქტი’’კონფლიქტის ისეთი სახეობაა, რომელიც, მართალია, აწმყო დროში არ წარმოადგენს სისხლის ღვრის კერას, თუმცა, მასში არსებული დაძაბულობითი მუხტის გამო, შესაძლებელია მყისიერად იქცეს სამხედრო დაპირისპირების წყაროდ. საქმე გვაქვს ე.წ. ,,კონფლიქტის რეზერვებთან’’.
გაყინული კონფლიქტების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ,,საჭიროებისამებრ’’ შესაძლებელია გამოყენებულ იქნან როგორც ქვეყნის, ასევე მთელი რეგიონის დესტაბილიზაციისათვის. ვგულისხმობთ საზღვარგარეთის (მოცემულ შემთხვევაში რუსეთის) სპეციალური სამსახურების მიზანმიმართულ ქმედებას, შეინარჩუნოს და მართოს კონფლიქტები.
რუსული საგარეო პოლიტიკა კონფლიქტების გაღვივების ,,განსაკუთრებულ დროდ” ყოველთვის მიიჩნევს ისეთ პერიოდს, როდესაც საქართველო დგას მეტად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშე, მაგალითად, ხელს აწერს ნატოსთან რაიმე სახის თანამშრომლობას, ან ერთვება რომელიმე ენერგეტიკულ პროექტში, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ხორციელდება. კიდევ: მოსკოვს ძალიან არ უნდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რადგან ეს ჩვენს შიდაპროცესებში ჩარევის საშუალებას უზღუდავს და „ცუდი“ მაგალითია რეგიონის ქვეყნებისთვის და თავად რუსეთისთვისაც.
გაყინული კონფლიქტების მიზანია საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ინტერვენციის გზით უზრუნველყოს ქვეყნის პოლიტიკური კურსის შენელება, ან საუკეთესო შემთხვევაში მისი ცვლა.
საქართველოს შემთხვევაში გაყინული კონფლიქტები გამოყენებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებების ცვლის და ტორპედირებისსათვის. რუსული საგარეო პოლიტიკის მიზნებისათვის გაყინულ კონფლიქტთა ეფექტურობას ისიც ემატება რომ ქვეყნები, რომელთაც აქვთ ტერიტორიალური კონფლიქტები სხვა სახელმწიფოებთან და უშუალოდ მონაწილეობენ კონფლიქტში, ვერ გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, ანუ ალიანსის წევრობა შეუძლიათ მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით სტაბილურ ქვეყნებს.

Комментариев нет: