20 мая 2020

გაყინული კონფლიქტების შესახებ

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებს „გაყინულს“ უწოდებენ, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალჯერ მიაყენეს სახიფათო დარტყმა.
,,გაყინული კონფლიქტი’’კონფლიქტის ისეთი სახეობაა, რომელიც, მართალია, აწმყო დროში არ წარმოადგენს სისხლის ღვრის კერას, თუმცა, მასში არსებული დაძაბულობითი მუხტის გამო, შესაძლებელია მყისიერად იქცეს სამხედრო დაპირისპირების წყაროდ. საქმე გვაქვს ე.წ. ,,კონფლიქტის რეზერვებთან’’.
გაყინული კონფლიქტების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ,,საჭიროებისამებრ’’ შესაძლებელია გამოყენებულ იქნან როგორც ქვეყნის, ასევე მთელი რეგიონის დესტაბილიზაციისათვის. ვგულისხმობთ საზღვარგარეთის (მოცემულ შემთხვევაში რუსეთის) სპეციალური სამსახურების მიზანმიმართულ ქმედებას, შეინარჩუნოს და მართოს კონფლიქტები.
რუსული საგარეო პოლიტიკა კონფლიქტების გაღვივების ,,განსაკუთრებულ დროდ” ყოველთვის მიიჩნევს ისეთ პერიოდს, როდესაც საქართველო დგას მეტად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშე, მაგალითად, ხელს აწერს ნატოსთან რაიმე სახის თანამშრომლობას, ან ერთვება რომელიმე ენერგეტიკულ პროექტში, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ხორციელდება. კიდევ: მოსკოვს ძალიან არ უნდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რადგან ეს ჩვენს შიდაპროცესებში ჩარევის საშუალებას უზღუდავს და „ცუდი“ მაგალითია რეგიონის ქვეყნებისთვის და თავად რუსეთისთვისაც.
გაყინული კონფლიქტების მიზანია საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ინტერვენციის გზით უზრუნველყოს ქვეყნის პოლიტიკური კურსის შენელება, ან საუკეთესო შემთხვევაში მისი ცვლა.
საქართველოს შემთხვევაში გაყინული კონფლიქტები გამოყენებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებების ცვლის და ტორპედირებისსათვის. რუსული საგარეო პოლიტიკის მიზნებისათვის გაყინულ კონფლიქტთა ეფექტურობას ისიც ემატება რომ ქვეყნები, რომელთაც აქვთ ტერიტორიალური კონფლიქტები სხვა სახელმწიფოებთან და უშუალოდ მონაწილეობენ კონფლიქტში, ვერ გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, ანუ ალიანსის წევრობა შეუძლიათ მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით სტაბილურ ქვეყნებს.

13 мая 2020

საქართველო - გერმანია და "ეროვნული თვითგვემა"

გერმანია ვერაფრით ვერ გამოვიდა მსოფლიოსა და განსაკუთრებით რუსეთისა და ებრაელების წინაშე საკუთარი დანაშაულის გრძნობის სინდრომიდან. ეს "ეროვნული თვითგვემაა" ერთ-ერთი მთავარი ფსიქოლოგიური მიზეზია რუსეთისადმი, პუტინისადმი თავდახრილი, ლოიალური და თითქმის ვასალური დამოკიდებულებისა, რაც ძალიან აზარალებს ევროატლანტიკურ, დასავლეთის პოლიტიკასა და ფასეულობებს. ეს, ცხადია, დამაზიანებელია საქართველოსთვისაც. გავიხსენოთ ნატოს ბუდაპეშტის 2008 წ. სამიტის პერიპეტიები, როცა გერმანიამ დაბლოკა ჩვენთვის სასიცოცხლო ე. წ. მაპის მინიჭება პუტინის "ჩუმი" პროტესტის გამო, რამაც ამ უკანასკნელს საქართველოზე თავდასხმისთვის, ფაქტიურად, ხელები გაუხსნა.
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებში გერმანიის მონაწილეობა ორპირული თვალთმაქცობაა მხოლოდ და ამის დასტური გაზის მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" მშენებლობაა. თავი რომ დავანებოთ შტაზში გამოზრდილ მერკელს, რომელიც ხშირად ბავარიულ ლუდსა და შებოლილ თევზს უგზავნის ვლადიმირს, გერმანიის პრორუსული განწყობების დადასტურება თუნდაც გფრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის სტატიაა, რომელიც ჟურნალ "შპიგელში" Der Spiegel დაიბეჭდა ახლახან.
Министр иностранных дел ФРГ Хайко Маас: "Попытки переписать историю требуют от нас разъяснений, необходимость в которых не должна была бы возникнуть ввиду непоколебимых исторических фактовю: нападением на Польшу Германия в одиночку развязала Вторую мировую войну. И Германия в одиночку несет ответственность за преступления Холокоста, совершенные против человечности".
არადა, სადაა მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულება, როცა რუსებთან დასაპყრობი ქვეყნები გაიყვეს და პოლონეთის ოკუპაციისა და ანექსიის ზუსტ საზღვრებზეც შეთანხმდნენ? სადაა სსრკ-ს ჰიტლერთან მჭიდრო, თითქმის მეგობრული თანამშრომლობა ყველა სფეროში, როცა სტრატეგიულ ნედლეულსაც კი აწვდიდნენ მათ მრეწველობას? სადაა კაგებესა და გესტაპოს ძმური ჩახუტება და ერთობლივი საიდუმლო ოპერაციები? სადაა იმის შეგნება, რომ ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, ბოლშევიზმის ტყუპის ცალი იყო? (როგორც ამაზე ბრწყინვალედ მსჯელობს აკ. ბაქრაძე).

შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც მძლავრია გერმანიის ეკონომიკური პოტენციალი და გავლენა მსოფლიოში, იმდენად სუსტია მისი აღმოსავლური, მოსკოვური, უკრაინული, კავკასიური პოლიტიკა. ჩვენი აზრით, გერმანიისთვის "რუსული შიშები" თითქმის გადაულახავ პრობლემად იქცა და ეს არაა პრაგმატული მიდგომის შედეგი, არამედ ორ მსოფლიო ომში მწარედ დამარცხებული ერის ავდმყოფური ქცევაა.
გამომდინარე, დღეს და ახლო მომავალშიც საქართველოს მთავარი ძლიერი პარტნიორი მხოლოდ ამერიკაა.
ნახევრად ხუმრობით: იმის ალბათობა არაა გამოსარიცი, რომ ევროპელებისგან ახალი მიუნხენის შეთანხმება ვიხილოთ ახალი ჩემბერლენებით, დალადიებით, მუსოლინებითა და ჰიტლერებით. ახალი "სუდეტის ოლქიც" მოიძებნება.


02 мая 2020

რუსეთ-საქართველოს ომის ერთი თვე. 1993 წლის მაისი.


1993 წ. 16-17 მარტს გუმისთაზე განცდილი მარცხისა და დიდი ზარალის შემდეგ, რუსეთის არმია მომავალი დარტყმისთვის ემზადებოდა, მაგრამ ჩვენი დემორალიზებისა და „ცხელი“ საომარი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, განაგრძობდა სოხუმის საცხოვრებელ კვარტლებ დაბომბვას, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას, ლოკალურ შეტაკებებს.
1-ელ მაისს საქართველოს სუ-25 ტიპის 2 თვითმფრინავი ცდილობდა მტრის საარტილერიო წერტილების ჩახშობას, როცა ერთ-ერთი გუდაუთიდან აფრენილმა სუ-27 ტიპის მოიერიშემ ჩამოაგდო. პილოტმა, კაპიტანმა რ. ნაროუშვილმა, მოასწრო კატაპულტირება.
მომავალი დარტყმისთვის მზადების ფარგლებში მოსკოვის მიერ ინტენსიურად მარაგდებოდა ტყვარჩელის ზონა, ე. წ. სამხრეთის ფრონტი, რომელიც ხმელეთიდან მოწყვეტილი იყო მტრის ძირითად ნაწილებთან კომუნიკაციას. ამიტომ ცოცხალი ძალა და იარაღი იქ ჰაერიდან ხვდებოდა.
ომის საწყის ეტაპზე ქართულმა მხარემ დიდი შეცდომა დაუშვა, ტყვარჩელი რომ არ დაიკავა და არ გაწმინდა მტრებისგან დაეს მაშინ, როცა ქალაქი დანებებას აპირებდა და თეთრი დროშაც გამოფინა. ამით, ფაქტიურად, სამხედრო თვალსაზრისით მოიხსნებოდა ოჩამჩირის ზონის პრობლემა და ის ძალები, რომლებიც მთელი კამპანიის პერიოდში 24-ე ბრიგადის სახით იბრძოდნენ ამ პერიმეტრზე, გუმისთის ფრონტს დაეხმარებოდნენ; არც დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა გადაიკეტებოდა პერმანენტულად (რაც სოხუმის ბლოკადას აგვარიდებდა), არც ტამიშის დესანტ (1993 წ. 2 ივლისი) გაბედავდნენ და არც ამდენი ხალხი დაგვეღუპებოდა. მაგრამ ე. შევარდნაძის მოთხოვნით ტყვარჩელი არ იქნა განეიტრალებული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის დაზვერვის მონაცემებით, 15 აპრილიდან მაისის ჩათვლით ოჩამჩირე-ტყვარჩელის მიმართულებით მტერმა მნიშვნელოვნად გაზარდა პირადი შემადგენლობა და შეიარაღება ჩრდილო კავკასიიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან, ასევე გუდაუთიდან ჩამოყვანილი მეომრების ხარჯზე.
სისტემატიური ხასიათი მიიღო საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლამ გუდაუთა-ტყვარჩელსა და თებერდა-ტყვარჩელს შორის. მაისისთვის დაჯგუფებამ შეადგინა 3-3,3 ათასამდე მეომარი, მათ შორის: აფხაზურ ათარაში - 120-150 ქვეითი, კუტოლში - 150-160, ჯგერდაში - 200, ლაბრაში - 80, ღვადაში - 150-170, ჭლოუში - 110, მოქვის მეურნეობაში - 460, მერკულაში - 300, ბესლახუბაში - 200-230, ფოქვეშში - 130-150, რეკაში - 180, ბედიაში - 250-300, ტყვარჩელში - 500.
სოლიდურად გამოიყურებოდა მოწინააღმდეგის შეიარაღებაც: ავტომატი - 3 ათასამდე, ტყვიამფრქვევი - 69, ყუმბართმტყორცნი (РПГ) - 135, ნაღმტყორცნი - 23, მსხვილკალიბრიანი საზენიტო დანადგარი (ЗСУ) - 6, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა (Стрела) - 28, უმართავი რეაქტიული რაკეტა (НУРС) - 7, საზენიტო რეაქტიული დანადგარი (Град) - 2, ქვემეხი - 4, ავტომატური ყუმბართმტყორცნი (АГС) - 3, სნაიპერის შაშხანა (СВД) - 12, ტანკი - 4, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (БМП) - 4, ჯავშანტრანსპორტიორი - 5, მართვადი რეაქტიული რაკეტა (ПТУРС) - 5 ერთეული.
მაისის დასაწყისში ტყვარჩელში რუსულმა ვერტმფრენებმა ჩამოიტანეს აგრეთვე „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტები და დამატებით ავტომატები.
ტყვარჩელ-ოჩამჩირის დაჯგუფებას კარგად ჰქონდა ორგანიზებული კავშირგაბმულობა. ფრონტს ემსახურებოდა აგრეთვე ტყვარჩელში დამონტაჟებული რადარი.
მარტში განცდილმა მარცხმა რუსებს უჩვენა, რომ აუცილებელი იყო ქართული შენაერთების ნებისმიერი საშუალებით განეიტრალება. მან ეს ღია ბრძოლით აფსუათა და „მოხალისეთა“ რესურსით ვერ მოახერხა, რომლებიც სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად მთლიანად დეზორგანიზებული იყო. ამიტომ გამოსავალის ძიება დაიწყო და ე. წ. სამშვიდობო ხელშეკრულება შემოგვთავაზეს. აფსუებს რუსები ბევრ არაფერს ეკითხებოდნენ, მაგრამ ამისთვის მათი შემზადებაც აუცილებლად ჩათვალეს.
5-6 მაისს ადიღეს დედაქალაქ მაიკოპში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ. პასტუხოვის საიდუმლო შეხვედრა აფსუათა ერთ-ერთ ხელმძღვანელ ს. ჯინჯოლიასთან. (რეგიონული კონფლიქტები საქართველოში - სამხრეთ ოსეთის ა.ო., აფხაზეთის ასსრ (1989-2005). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული. თბ., 2005, გვ.153). სწორედ პასტუხოვი ამზადებდა ელცინისა და შევარდნაძის შეხვედრას და მოსკოვი საერთაშორისო არენაზე პოზიციონირებდა, როგორც ეთნიკურ კონფლიქტში შუამავალი. 
რუსეთის დელეგაციამ გააცნო აფსუათა წარმომადგენლებს 6-7 აპრილს სოჭში  გამართული პ. გრაჩოვისა (რუსეთის თავდაცვის მინისტრი) და თ. სიგუას (საქ.-ს პრემიერ მინისტრი) მოლაპარაკებების შედეგები, რომელზეც ქართულმა მხარემ რუსებს მტკიცებულებები წარუდგინა მათი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ და ეს „რეაქციულ ძალებს“ დააბრალა. ამაზე გრაჩოვის პროტესტმა არ დააყოვნა. მან უარყო სიგუას მტკიცებულებები და განაცხადა: «Без заключения договора о статусе российских войск в Грузии, прогресс в двусторонних отношениях невозможен. Российская сторона выступает за сохранение территориальной целостности Грузии при эффективных гарантиях автономии Абхазии и Южной Осетии». 
ქართველოში ჯარში პარალელურად ცვლილებები განხორციელდა. 6 მაისს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა გენერალი გ. ყარყარაშვილი; 11 მაისგენერალ-მაიორი . ქვარაია - თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსად; გენერალ-მაიორი . უჩაძე - მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურად.
ე. წ. სამშვიდობო პროცესი გაგრძელდა და 1993 წ. 14 მაისი . შევარდნაძემ და . ელცინმა მოსკოვში ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, აფხაზეთში მდგომარეობის დარეგულირების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, დააჩქარონ დოკუმენტების მომზადება აფხაზეთის შესახებ უმაღლესი დონის განმეორებითი შეხვედრისათვის 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის საბოლოო დოკუმენტის ფორმატით. შეთანხმდნენ 20 მაისიდან მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. იქვე კონფლიქტის ზონაში დაინიშნა . პასტუხოვი.
საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობდა პოლიტიკური საშუალებებით შეეკავებინა სსრკ-ს ნანგრევებზე აღმოცენებული არასტაბილური წარმონაქმის, რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ. ამის გამოხატულება იყო მაისის დასაწყისში საქართველოში გაეროს გენ. მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ედუარდ ბრუნერი 20-24 მაისს ვიზიტით იმყოფებოდა სოხუმში. ის გუდაუთასაც ესტუმრა. მაგრამ 20-დან ფრონტებზე შეწყვეტილი ცეცხლი ათ დღეში მტერმა, ფაქტიურად, განაახლა.
22-23 მაისს გუმისთისა და შრომის მიმართულების ფრონტის ხაზზე ქართული ჯარის მხარდამხარ განლაგდა  უკრაინელ პატრიოტთა შენაერთი „უკრაინის ეროვნული ასამბლეა - უკრაინის სახალხო თავდაცვა“ (УНА-УНСО). ისინი რუსეთის იმპერიას საქართველოში ებრძოდნენ ლოზუნგით - „თუ გუმისთაზე წავაგეთ ბრძოლა, დნეპრზე მოგვიწევს ომი!“ Если мы проиграем бои на Гумисте, то нам придется воевать на Днепре»). 
ამასთან, დასუსტებული, მაგრამ მსოფლიოსთვის საშიში რუსეთი აგრძელებდა ორმაგ თამაშს. ტყვარჩელის მიმართულებით ყოველ დღე კურსირებდა 7-8 სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი მოიერიშეთა თანხლებით. მათი ტვირთამწეობა შეადგენდა 10 ტონაზე მეტს. ტვირთები გადაჰქონდათ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. ვერტმფრენების მარშრუტი იყო: თებერდა-ქლუხორის გადასასვლელი (ე. წ. „Южный приют“)-ტყვარჩელი.
20 მაისს რუსეთიდან შემოფრენილ მძიმე შვეულმფრენს ცეცხლი გაუხნეს ქართველმა მეომრებმა, რის შედეგალ ის დაზიანდა და უკან გაბრუნდა, ხოლო 24 მაისი გულრიფშის რ-ნ ს. საკენთან ჩამოაგდეს მი-6, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა გუდაუთიდან ტყვარჩელში (დაიღუპნენ ლ. ჩუბროვი, ე. კასიმოვი, ა. საველევი, ვ. ცარიოვი, ე. ფიოდოროვი).
რუსეთი, მიუხედავად დაპირებებისა, ყველა მეთოდს იყენებდა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. ФСБ და ГРУ აყალიბებდნენ ე. წ. მოხალისეთა რაზმებს და აგზავნიდნენ აფხაზეთში, მხარს უჭერდნენ აფსუათა, სომეხთა, ჩრდილოკავკასიელთა შოვინისტური ან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილი წრეების ინიციატივებს და ა. შ.  
მაგალითად, 27 მაისს ვინმე აფსუა ლ. ზარანდიამ რუსეთიდან გამოაგზავნა კარგად მომზადებული და შეიარაღებულ დაქირავებულ მეომართა დაახლოებით 120 კაციანი რაზმი, რომელიც ტყვარჩელში შვეულმფრენებით გადმოიყვანეს. ის გადაანაწილეს ქ. ტყვარჩელში,  ს. ტამიშსა და ჭლოუში. ამ პერიოდში შვეულმფრენებმა ჩამოიყვანეს 200 კაცამდე კარგად შეიარაღებული ქვეითი. მოახერხეს თურქეთიდან 100 ერთეული ავტომატის ჩამოტანა.
24 მაისს გალის რ-ის ს. გუდავის მე-2 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა და პედკოლექტივმა შეხვედრა მოუწყვეს 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის („სამურზაყანო“) მებრძოლებს. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ (და ვინ იცოდა?!), რომ წინ დიდი განსაცდელი გველოდა ყველას.
ასეთი იყო 1993 წ. მაისი აფხაზეთის ფრონტზე.

26 апреля 2020

როგორ მზადდებოდა რუსეთის ჯარების გაყვანა


საქართველომ ოფიციალურად პირველად 1993 წ. აპრილში აფხაზეთში ომის დროს მოსთხოვა რუსეთს, გაეყვანა ჯარები. 1-ელ აპრილს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც პირველად დაადანაშაულა რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკის ხელშეწყობაში. შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელშიც რუსეთის ქმედებები შეფასდა როგორც აგრესია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას. დადგენილებაში აღნიშნულია: „საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე, აფხაზეთში, რომელსაც რუსეთის ჯარების ხელშეწყობით აკონტროლებს გუდაუთის სეპარატისტული დაჯგუფება, ტარდება ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, რომელმაც მიიღო ქართველი და სხვა ეროვნების მოქალაქეთა წინააღმდეგ მიმართული გენოციდის სახე“ (საქ.-ს პარლამენტის უწყებანი,1993, N5-8, გვ. 105).
1993 წ. აპრილი ის პერიოდია, როცა რუსეთის პრეზიდენტსა და უმაღლეს საბჭოს შორის დაძაბულობა მატულობს. ელცინმა მოინდომა საბჭოს დათხოვნა, მაგრამ არ გამოუვიდა ამიტომ და კრემლში იღებენ გადაწყვეტილებას ბ. ელცინისადმი ნდობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელიც 25 აპრილს გაიმართა. ბ. ელცინს მხარდაჭერა 58,7 % გამოუცხადა, ხოლო პარლამენტის ვადამდელ არჩევნებს მხარი 67,2 % დაუჭირა.  
საბოლოოდ,  ბ. ელცინმა  უმაჭლესი საბჭო მაინც იარაღით გარეკა (ოქტომბრის პუტჩი), ანუ რუსეთში ყველა სფეროში ღრმა კრიზისი იყო, მაგრამ აფხაზეთში საქართველოსთან ომს მაინც განაგრძობდა. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება ცდილობდა, ესარგებლა რუსეთის შედარებითი სისუსტით და ამიტომ თბილისი შეფასებებსა და მოთხოვნებში სულ უფრო კატეგორიული ხდებოდა. ამასთან, 1992 წ. არჩეულ პარლამენტში ეროვნული მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო წარმოდგენილი (მრავალი პარტიის სახით) და ე. შევარდნაძე იძულებული ხდებოდა დადგენილებების, განცხადებებისა და მიმართვების დონეზე მაინც გაეთვალისწინებინა ოპოზიციონერთა აზრი.
რუსეთის ხელისუფლება, ცხადია, აცნობიერებდა საკუთარ შესაძლებლობებს და გარკვეულ უმნიშვნელო დათმობებზე მოდიოდა, მაგრამ იმპერიულ პოლიტიკას არ ცვლიდა და სინამდვილეში ახალ დარტყმისთვის დროის მოგებას ცდილობდა. სწორედ ამიტომ დათანხმდა ის მანამდე უპრეცედენტო საკითხების განხილვას. კერძოდ, 6-7 აპრილს სოჭში შედგა მოლაპარაკება ქართულ (თ. კიტოვანი, ჯ. იოსელიანი) და რუსულ (პ. გრაჩოვი, ბ. პასტუხოვი) მხარეებს შორის, რომელზეც განიხილეს საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების 1995 წლამდე გაყვანის საკითხი.
სტამბულის ეუთოს სამიტამდე ჯერ შორი იყო, სადაც რუსეთმა ვალდებულება აიღო საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე და ბ. ელცინს ლამის ძალით მოაწერინეს ხელი  დასავლეთის ლიდერებმა შესაბამის დოკუმენტზე. ცხადია, სტაჟიანი ოკუპანტის განდევნა ადვილი არ იყო, თუმცა, ამის მცდელობა აფხაზეთში ომის დროსაც იყო.
1993 წ. 26 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ გამოსცა განკარგულება „საქართველოს ტერიტორიიდან ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის გასვლის გრაფიკის შესადგენად ორმხრივი შერეული კომისიის შექმნისა და საქართველოს მხრიდან ამ კომისიის შემადგენლობის შესახებ“, რის შესახებ ეცნობა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდალს გენერალ-მაიორ თ. რეუტს.
ედუარდ შევარდნაძის აღნიშნული გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე იქნა მხარდაჭერილი და 27 აპრილ პარლამენტმა მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციის საჯარისო ნაწილების აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის თაობაზე“. მასში საქართველომ  პირდაპირ დაადანაშაულა მოსკოვი ომში მონაწილეობისთვის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის უზენაესმა საბჭომ არაერთხელ მიიღო დადგენილებები, რომლებიც უხეშად ლახავს საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რომ მან დაარღვია მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულება, რის შედეგადაც დაყრიალდა გაგრის ტრაგედია. პარლამენტმა დაადასტურა 1 აპრილის დადგენილებაში მოცემული შეფასება იმის შესახებ, რომ  რუსეთის ჯარებისა და აფხაზი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე ადგილი აქვს ქართველი მოსახლეობის გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას“ და ამის მიზეზი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობაა. ამიტომპარლამენტმა დაადგინა: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მიმართოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანის თაობაზე. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აფხაზეთის კონფლიქტის ზონა მდინარე გუმისთის ჩრდილო-დასავლეთით, რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე, ჩაითვალოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად“. ამის თაობაზე საქართველოს საკითხი უნდა გაეტანა გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მექანიზმების ამოქმედებისათვის. 
შემდეგ იყო ეროვნული კატასტროფა - აფხაზეთის ტრაგედია და მისი დაკარგვა, ქართველთა ეთნიკური წმენდა და გენოციდი, 1993 წ. ოქტომბერში დსთ-ში შესვლა და თითქოსდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. ამიტომ ჯარების გაყვანის საკითხიც მოიხსნა. პირიქით, 1993 . ოქტომბერშივე სამეგრელოში . გამსახურდიას მომხრეების ამბოხის ჩახშობაში დახმარებისათვის . შევარდნაძემ მოსკოვს მიმართა, ხოლო 1994 წ. ენგურზე ფაქტიურმა ოკუპანტმა „სამშვიდობო კონტინგენტის“ პოზიცია დაიკავა, რაზეც ჩვენ თავად განვაცხადეთ თანხმობა გაეროში. ამავე წელს საქართველო რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას შეუერთდა.
ე. შევარდნაძეს არჩევნებისა და ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა ედგა. 1995 წ. 29 აგვისტოს მასზე თავდასხმაც განხორციელდა, ხოლო ჯ. იოსელიანთან და „მხედრიონთან“ ურთიერთობა გაუმწვავდა. ამიტომ მყიფე ძალაუფლების გამყარებას ცდილობდა ისევ მოსკოვის დახმარებით. ამიტომ 1995 . 22 მარტს რუსეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა (პ. გრაჩოვი და ვ. ნადიბაიძე) საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების (ახალქალაქიბათუმივაზიანი და გუდაუთა) შექმნისა და მათი 25 წლით განთავსების (გახანგრძლივების პერსპექტივით) ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ოღონდ ორი პირობით: რუსეთი  აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციას აღიარებდა და ეხმარება ჯარის შექმნაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველები უარს აცხადებენენ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე
საქართველოში ბაზების დაკანონების შემდეგ რუსეთი უკვე პირდაპირ აღარ ახორციელებდა დესტრუქციულ ქმედებებს. ჩვენში ბაზების განლაგებით ის ავტომატურად გადავიდა უფრო ფარულ მდგომარეობაში. მან ერთგვარი ნელი მოქმედების ოთხი ნაღმი ჩადო საქართველოშიის არც აპირებდა აღებული პირობების შესრულებას.
1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან რუსეთისგან გაწბილებულმა საქართველომ დასავლეთთან ურთიერთობის გაძლიერება დაიწყო. ამასთან, გააქტიურდა მოქმედებები ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ძალების შესამცირებლად და გასაყვანად.
1996 . მაისში ვენაში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე, რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.
1998 . ნოემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანაზე და 1999 . მათ დატოვეს საქართველოს ტერიტორია.
1999 . აპრილში საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს, გააძლიერა თავისი კავშირები ნატოსთან და გამოვიდა რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან                                         
 1999 . 17 ნოემბერს, ეუთო- სამიტზე სტამბულში ხელი მოეწერა სტამბულის შეთანხმებას. შეთანხმების თანახმად, 2001 . პირველ ივლისამდე რუსეთის მხარეს უნდა გაეთავისუფლებინა ვაზიანისა და გუდაუთის ბაზები. საქართველო დროებით ანიჭებდა მოსკოვს ხალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას, თუმცა მხარეებს მათი დახურვის ვადების შესახებ მოლაპარაკებები 2000 წელს უნდა დაესრულებინათ. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს, მიუხედავად მოლაპარაკებებში რუსეთის მცდელობებისა სტამბულის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები არ შეესრულებინა, საქართველომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდზე მაინც შეძლო შეთანხმების მიღწევა, რომლის მიხედვითაც, ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების და საქართველოში რუსეთის სხვა სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების მაქსიმალურ ვადად ის დრო განსაზღვრულიყო, რაც მათი ფუნქციონირების დასასრულებლად იქნებოდა საჭირო.
ამგვარად, მრავალწლიანი მუშაობა სამართლებრივ დონეზე წარმატებით დამთავრდა. წინ ქართველი ერის ამ მრავალსაუკუნოვანი ნების რეალიზაციის ურთულესი პერიოდი იწყებოდა, რასაც მოჰყვა კიდეც შემდგომ მორიგი ომი რუსეთთან.