25 мая 2016

პასუხი ანზორ წოწონავას რუსული სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებლისგან

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ბ-მა ანზორ წოწონავამ ამ ორგანოს საიტზე გამოაქვეყვა ტექსტი, რომელშიც პასუხი გასცა ომის ვეტერანსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ბ-ნ როინ ჯანაშიას ამ უკანასკნელის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ რეპლიკაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე. მაგრამ ეს არაა მთავარი, რადგან ბ-ნი ანზორის გამოხმაურებიდან მივხვდი, რომ საქმე ეხება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს „ცნობა-არ ცნობის“ საკითხს. ამასთან, იქვე ავტორი შეეცადა, რბილად რომ ვთქვათ, აფხაზთა კრებაზე ეპასქვილა, რაც უფრო მაინტერესებს.
არ შევუდგები ა. წოწონავას ამ პუბლიკაციის იმ ნაწილის შეფასებას, სადაც ის რ. ჯანაშიას ლანძღავს, რადგან, ვფიქრობ, თავად ადრესატს შესწევს პასუხის გაცემის უნარი. მით უმეტეს, ჩემი დასაცავი მას არაფერი სჭირს და არც ვარ ჩახედული იმ ნიუანსებში, რომელიც ასე დარწმუნებით სცოდნია პატივცემულ დეპუტატს.
ამასთან, ძალიან გამაკვირვა და აღმაშფოთა, როცა ა. წოწონავამ (რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ და მრავალ კარგ საქმეში გვითანამშრომლია საქართველის პარლამენტში ჩვენ-ჩვენს პოზიციებზე) რ. ჯანაშიასთან ერთად აფხაზთა კრებაც, როგორც იტყვიან, მიგვაფურტა,  - „რუსული სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებელნი“ გვიწოდა და „ეგრეთ წოდებულიც“ არ დაიშურა.

ამაზე ცოტა ქვემოთ.
თავიდანვე კი მინდა კატეგორიულად და დარწმუნებით განვუმარტო ა. წოწონავას: აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს აფხაზთა კრება მთელი სულით, გულით და სიხარულითაც ცნობს როგორც ლეგიტიმურ, საქართველოს კონსტიტუციით დაკანონებულ სტრუქტურას. ამასთან, რუსული სპეცაგენტურით დახუნძლულ აფხაზთა კრებას მიაჩნია, რომ ამ ორგანოს პოლიტიკურად, მორალურად და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრებითაც ყავლი გაუვიდა.
რატომ?
იმიტომ, რომ ამოწურა ყველა პოლიტიკური რესურსი და ბ-ნი ანზორის ზოგიერთი  კოლეგის მოქმედებებისა და პოზიციის გამო საზოგადოებამ ამ ხელისუფლებას „უბედურების ზონა“ შეარქვა.
მესმის, დაუსრულებლად დეპუტატი იყო - ეს ამ ხალხის ერთგვარი მორალურ-ფსიქოლოგიური ტრაგედიაა. თუმცა, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და სოლიდური მატერიალური წახალისებით უმსუბუქებს მათ იმ მძიმე ხვედრს, რომელიც ბედმა და ჩვენ, დევნილებმა დავაკისრეთ. დიახ, ისინი ჯერ ზ. გამსახურდიას ეფიცებოდნენ ერთგულებას; შემდეგ „მოქალაქეთა კავშირს“ და ე. შევარდნაძეს "უძლებდნენ"; მ. სააკაშვილმა კი „იმ სისხლიან ცხრა წელიწადში" ხომ აფხაზეთის ბრძოლებიდან შემორჩენილი სიცხლი გაუშრო; მერე ბიძინა ივანიშვილს ხომ არ აწყენინებდნენ და ამიტომ „ქართულ ოცნებად“ ტრანსფორმირდნენ.
მადაგასკარის ყველაზე „ნიჭიერ“ ქამელეონსაც შეშურდებოდა ჩვენი დეპუტატების ფერისა და ფორმის ამგვარი გარდასახვა. რა ქნან?! საქართველოს სჭირდება მათი თავგანწირვა. აი, ჩვენ კი არ ვუფასებთ ჰეროიკულ აღმაფრენას და პუტინის დავალებებს ვასრულებთ - მათი გაყრა გვინდა!
არ გრცხვენიათ, ბ-ნო ანზორ! მე, დავით ლაცუზბაიას, ასეთს რომ მაკადრებთ? არ გრცხვენიათ, მალხაზ პატარაიას რომ ამას აკადრებთ? ანდა, ვინ არიან ის „ზოგიერთები“  აფხაზთა კრებიდან, რომლებიც, „ფაქტიურად“, ჰაროლდ ადრიან რასსელ ფილბის საქმეს რომ აკეთებენ? თქვენ ხომ კარგად იცით ჩვენი და ჩვენი მეგობრების ამბავი სოხუმიდან? იცით ჩვენი სულისკვეთება, - ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვიკეთებია და რა გვამოძრავებს დღესაც. მე გულწრფელად ვწუხვარ თქვენს გამო, თორემ ჩვენ არაფერი გვაკლდება!
ბოლოს ყველა მინდა დავაწყნარო. ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების სტრუქტურის გაუქმებას (და „უბრალო“ ხალხი შეცდომაში ნუ შეგყავთ). ჩვენ აქტიური და კომპეტენტური ახალი თაობით დაკომპლექტებული ორგანო გვინდა, რომლის წევრებს ეცოდინებათ: თუ საქმეს თავს ვერ გაართმევენ, შემდეგ არჩევნებში მათ ხმას არავინ მისცემს.
დღეს კი რა გვაქვს? ორი ათეული „სამუდამო“ დეპუტატი, რომლებსაც საკუთარი  შეუცვლელობის გულუბყვილოდ (ანდა თავხედურად) სჯერათ. მე იმის შიში მაქვს, აფხაზეთის დეპუტატმა ლორდებად არ წარმოიდგინონ თავი და, როგორც „ნისლიან ალბიონშია“ მიღებული, მემკვიდრეობით არ გადასცენ შვილებს "სამუდამო დეპუტატობა".

ვინმეს უნდა, თუ არ უნდა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები მაინც ჩატარდება და დემაგოგიური განცხადებები, თითქოს ეს სეპარატისტთა რეჟიმის ლეგიტიმაციას გამოიწვევს, ღიმილის მომგვრელია და მხოლოდ კასტური კეთილდღეობის შენარჩუნებას ემსახურება. ბოლობოლო, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში მაინც ჩაიხედეთ.
აფხაზეთის ა/რ ხელისუფლება ჩვენ გვჭირდება როგორც მობილური და ქმედითი ინსტრუმენტი და არა როგორც გაქვავებული სიმბოლო.

Комментариев нет: