1993 წ. მარტის წარუმატებელი შეტევის შემდეგ რუსეთიში შემუშავებულ იქნა სოხუმის აღების ახალი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა: 1. ტყვარჩელის დაჯგუფების მიერ ოჩამჩირის რ-ში ტრასის ხელში ჩაგდებას და ამისთვის ს. ტამიშში (ოჩამჩირის რ-ნი) საზღვაო დესანტის გადასხმას, რომელსაც დაეხმარებოდა აფსუათა ადგილობრივი შენაერთები; 2. პარალელურად გუმისთის ფრონტზე შეტევას; სოხუმის გარშემო არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სიმაღლეების აღებას ხელსაყრელი პლაცდარმის შესაქმნელად.
1 ივლისს აფსუურმა მხარემ ე.წ. აღმოსავლეთ ფრონტზე დაიწყო შეტევა. მთავარი დარტყმა მიმართული იყო ს. ტამიშზე. ერთდროულად შეტევა დაიწყო გუმისთის ფრონტის მარცხენა ფლანგზე.
2 ივლისს ტამიშთან დილის 5 საათზე, ჩვენი მონაცემებით, ზღვიდან გადმოსხეს 600 მედესანტე, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების მეომრები იყვნენ. გემიდან გადმოცალეს ერთი ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და „ურალის“ ტიპის ავტომანქანა „გრადის“ დანადგარით.
გამთენიისას მტერმა გაარღვია ქართველთა საბრძოლო პოზიციები, დაიკავეს სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები და გამაგრდნენ ს. ლაბრასა და ტამიშში. ტამიშის დესანტს მეთაურობდა ზაურ ზანთარია, ხოლო ე. წ. აღმოსავლეთ ფრონტს ხელმძღვანელობდა მირაბ ქიშმარია, ფრონტის შტაბს - ბათალ ჯოპუა.
ქართულ პოზიციებზე განლაგებულმა „ქაქუცა ჩოლოყაშვილის, „ავაზას", დუშეთის, ახალციხის, კოჩარის ბატალიონების მებრძოლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მოწინააღმდეგეს. ს. ცაგერასთან ერთკვირიან გააფთრებულ ბრძოლებში მტრის ფორმირებებს დიდი ზიანი მიადგა და მათ უკან დაიხიეს. მათი მცდელობა, ზღვიდან ხელახლა გადმოესხათ დესანტი, არტილერისტთა ცეცხლის შემდეგ ჩაიფუშა. აფსუათა მონაცემებით, ამ ოპერაციაში დაეღუპა 73 და დაიჭრა 250 მათი მეომარი. ქართველებმა ჩაძირეს 3 კატარღა და ერთი გემი, გაანადგურეს 2 ტანკი. ქართველებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს - 300-მდე მეომარი დავკარგეთ.
ქართულმა მხარემ მძაფრი ბრძოლების შედეგად დაიბრუნა დაკარგული საბრძოლო პოზიციები ტამიშის მონაკვეთზე, გახსნა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. აღნიშნულ ბრძოლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: მაშველთა კორპუსმა „მხედრიონმა", ზ. გამსახურდიას მომხრეთა შენაერთმა, ბატალიონმა „თბილისი“ და ცაგერას 242-ე ბატალიონის მეომრებმა, 243-ე ბატალიონის ტანკისტებმა, 247-ე საარტილერიო დივიზიონმა, 24-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა, მენაღმეთა ასეულმა და გენერალ-მაიორ ზ. უჩაძის მეთაურობით შექმნილმა ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობამ. გარღვევის ჯგუფთან ერთად იყვნენ ი. ბათიაშვილი (უშიშროების სამსახურის უფროსი), ჯ. იოსელიანი, კ. გაბაშვილი (თბილისის მერი).
სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდენარეობდა სოხუმის მისადგომებთან. ს. შრომასთან (ზეგანი - მთა ახბიუკი) 4 ივლისს ჩამოგდებულ იქნა რუსული ვერტმფრენი, რომელიც დესანტის გადმოსხმას ცდილობდა.
გამარჯვების ილუზიის შესაქმნელად და მეომართა მოტივაციის ასამაღლებლად აფსუათა ლიდერმა ვ. არძინბამ 6 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა ყველა ქართველ მეომარს, რომელიც იარაღს დაყრიდა.
საქართველოს პარლამენტმა 8 ივლისს მიიღო დადგენილება „"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ". სოხუმში ჩავიდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების მისიათა (გერმანია, აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, სომხეთი, ისრაელი) მეთაურები. მათ შეხვდა თ. ნადარეიშვილი, რომელმაც გააცნო ფრონტებზე შექმნილი ვითარება. შემდგომ სტუმრები მიიღო ე. შევარდნაძემ.
1993 წ.9 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 849 რეზოლუცია. საბჭომ გენერალურ მდივანს ბ. ბ. გალის სთხოვა, გაეგზავნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, რომ გაფორმებულიყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამავე მიზნით გაიგზავნა 50 სამხედრო დამკვირვებელი. ეს იყო კონფლიქტის შესახებ უშიშროების საბჭოს პირველი რეზოლუცია. ამას აღშფოთებით შეხვდა ვ. არძინბა და საპასუხო წერილში გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. იმავე დღეს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა ორი თვის ვადით.
10 ივლისს ვ. არძინბამ შესთავაზა ე. შევარდნაძეს აფხაზეთიდან ქართული ჯარების გაყვანა, რაზეც უარი მიიღო. იმ დღეს მტერმა ტამიში დატოვა. საპასუხოდ ქართულმა მხარემ (გ. ყარყარაშვილი) 13 ივლისს ულტიმატუმი წაუყენა მოწინააღმდეგეს, დაეწია ჯარები გუდაუთამდე.
14 ივლისს რუსების დესანტმა ბრძოლებით აიღო გალის რ-ში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მიშველის მთა, რომელიც ტყვარჩელს გადაჰყურებდა. შეტაკება გაიმართა ღამით და მასში დაიღუპა კასპის ბატალიონის დაახლოებით 50-მდე ქართველი მეომარი.