01 июля 2016

ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტს

ქართველებს უკვე არ გვიკვირს, როდესაც ვიგებთ, რომ აფსუებს ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობენ. მათ ამ ჰუმანიტარულ „მოქრთამვას“ საზოგადოების უმრავლესობა გაგებით ეკიდება. დევნილებიც ჩუმად ვართ. მაგრამ პროტესტი ჩნდება მაშინ, როცა აღმოვაჩენთ, რომ ოკუპირებული გალის რ-დან გადმოსულ ქართველებს ამგვარი შეღავათებით არ აჯილდოებენ.
გახსოვთ, ალბათ, წინა საუკუნის 20-იან წლებში სამურზაყანოს მეგრელებს ბოლშევიკები ძროხის (ან ღორის) საფასურად „აფხაზად“ ჩაწერას აიძულებდნენ, რათა ავტონომიის შესაკოწიწებლად ხალხის რაოდენობა გაეზარდათ. პრინციპში, ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ პოტენციურ „აფხაზებს“. დიდწილად ამიტომაც მივიღეთ ქართულგვარიანი დღევანდელი აფსუები, რომლებიც, დამერწმუნეთ, გაცილებით რადიკალურად არიან ჩვენს მიმართ განწყობილნი, ვიდრე გენეტიკურ-ანტროპოლოგიურად და, გნებავთ, ისტორიულად მართლა აფსუები.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს აფხაზეთში დარჩენილ ჩვენს სისხლსა და ხორცს უფასო ჯანდაცვის სანაცვლოდ ვუბიძგებთ აფსუების რიგებში „გაწევრიანებისკენ“, ანუ მათ, ფაქტიურად, ვეუბნებით, - ჩაეწერეთ აფსუად და მიიღეთ უფასო მკურნალობა, გადაარჩინეთ შვილი, ცოლო, ქმარი, დედა!

იმედია, ჩვენს მიერვე დაშვებული პაციენტთა ამგვარი დისკრიმინაცია სასწრაფოდ გამოსწორდება, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ გალის რ-ნი დღეს ერთი დიდი რუსული გულაგია, სადაც ჩვენს გმირ თანამემამულეთა ნებისმიერი უფლება დარღვეულია სიცოცხლის უფლების ჩათვლით.
სხვა საკითხია, თუ რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება „რბილი ძალის“ ამ "ჯანდაცვური" ელემენტით თავად აფსუა საზოგადოებაში. ცხადია, ისინი მადლიერნი არიან და იქნებიან, მაგრამ ეს პოზიტიური ემოცია ვერასდროს მიაღწევს ისეთ ხარისხს, როდესაც ის რაიმე სახის პოლიტიკურ შედეგში ტრანსფორმირდეს. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა სიკეთის რაოდენობრივი ზრდა სასურველ ხარისხობრივ ცვლილებას იწვევს.
რატომ?
ჯერ ერთი, აფსუები ამ და სხვა ჰუმანური აქციების გამო არასდროს არ დათმობენ, მათივე მტკიცებით, „სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას“, რადგან, ზოგადად, ასეთია ადამიანის ბუნება, როცა საქმე ეროვნულ იდენტობას ეხება.
მეორე, ჩემი აზრით, პატრიოტი აფსუა იმ ტერიტორიაზე ძალიან ცოტა დარჩა. დღეს არძინბებისა და ხვარცკიების გვარების მიღმა მთლიანად (ან ნაწილობრივ მაინც) რუსული პოლიტიკური მენტალიტეტი, მისწრაფებები და ინტერესები იმალება. გვარით და შესახედაობით აფსუა ამჟამად შინაგანად რუსია, რომელიც პარაზიტირებს ქართულ-რუსულ უთანხმოებებსა და კონფრონტაციაზე. ხოლო კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდება.
ამიტომ ნებისმიერი ე. წ. ჰუმანიტარული ინტერვენციები, ბოდიშის მოხდები, „მშიბზიები“ და სხვა ინიციატივები აპრიორი უპერსპექტივოა და, უფრო მეტიც, მავნებლური ქმებებებია, რადგან რუსული (ანუ მთავარი) ფაქტორის ნიველირებასა და ქართული საზოგადოების დეზორიენტაციას უწყობს ხელს.
ჩვენ, ომგამოვლილებს, დედამიწის ზურგზე ყველაზე ნაკლებად გვინდა კვლავ კუნთებზე ყურება, მაგრამ ძალით წართმეულს ბაბაიას ძახილით არავინ დაგვიბრუნებს და პატივაყრილი სამშობლოს ღირსების აღდგენა წაკუზულ პოზაში არ ხდება, - ეს ზუსტად ვიცი.

ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ (მათე, 7, 6).

Комментариев нет: