01 июля 2016

ეუთო და აფხაზეთის საკითხი

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას საფუძველი 1975 წ. ჩაეყარა. დღეს ის 55 სახელმწიფოს აერთიანებს.  ეუთოს მისია საქართველოში 1992 წ. დაარსდა.
ჩვენს კონფლიქტებთან  დაკავშირებით მნიშვნელოვანია ეუთოს ხუთი სამიტი. სწორედ ამ ორგანიზაციამ აღიარა, რომ აფხაზეთში განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა. პირველად  ეს მოხდა 1994 წ. 6 დეკემბერს  ბუდაპეშტის  შეხვედრაზე. ციტატა რეზოლუციიდან: "(...) გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას "ეთნიკური წმენდის", მოსახლეობის, განსაკუთრებით ქართველთა, თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მასობრივი განდევნისა და უდანაშაულო მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაღუპვის გამო". მაგრამ აქვე "კმაყოფილებით აღინიშნა" რუსეთის სამშვიდობო მისიაც, რაც თავად ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ფაქტიური  აგრესორისთვის 1992 წ. 23 ივნისის სოჭის ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული.
ეუთომ 1996 წ. 2 დეკემბრის ლისაბონის სამიტზე კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და დაგმო "აფხაზეთში ეთნიკური წმენდა, რასაც მოჰყვა ძირითადად ქართველი მოსახლეობის მასობრივი განადგურება და იძულებითი განდევნა, სეპარატისტების დესტრუქციული აქტები" და მათ მიერ არჩევნების გამართვის გადაწყვეტილება.
1997 წ. 9 ივლისის ვარშავის შეხვედრაზე ეუთომ დაადასტურა ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტების სულისკვეთება. იქ მიღებულ დოკუმენტში საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და დსთ-ს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობაზე. ვარშავის შეხვედრაზე ამ ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა გაეროს ეგიდით აფხაზეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის იდეას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ეუთო, "საქართველოს მეგობართა" ჯგუფის ქვეყნები, რუსეთი და კონფლიქტის მხარეები.

იმ პერიოდში რუსეთი, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და ამიტომ დსთ-ს შეხვედრებზე საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას თანხმდებოდა. ის მხარს უჭერდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და დევნილთა დაბრუნებას. დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს გამოცხადებული ჰქონდათ აფხაზეთის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური ბლოკადა. მაშინდელ დოკუმენტებს რომ გადახედავთ, საქმეში ჩაუხედავებმა, შესაძლოა, იფიქრონ, რომ აფხაზეთის ომში რუსეთი არაფერ შუაშია და მასზე ახლო მეგობარი ჩვენ არ გვყოლია. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკის გამო ეუთო იძულებული იყო რუსეთისთვის "ხელშემწყობი" და გამშველებელი ეწოდებინა.
ეუთოს უმაღლესი დონის სტამბოლოს შეხვედრამ, რომელიც 1999 წ. 19 ნოემბერს გაიმართა, ფაქტიურად, გაიმეორა წინა შეხვედრების შეფასებები და რეკომენდაციები. აქ მიღებულ დოკუმენტში სიახლეც იყო, რაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთს შორის კონსტიტუციური უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის მომზადების აუცილებლობის დეკლარირებაში გამოიხატა. აგრეთვე გადაწყდა გალის რაიონში ეთნიკური წმენდის ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა.
აფხაზეთისა და ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე იყო საუბარი 2001 წ. 23 თებერვლის ეუთოს ვენის სამიტზე.

კაცი იკითხავს: რა მნიშვნელობა აქვს ეუთოს ამ დოკუმენტებს, თუ ეს რეკომენდაციები არასდროს არ შესრულებულა და პირიქით, რუსეთმა ფარატინა ქაღალდებად აქცია ისინი?
პასუხი: სამწუხაროდ, მხოლოდ ამ დოკუმენტებშია მაღალ საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული აფხაზეთში ქართველების გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ამბავი. ეს ვერ მოხერხდა გაეროში რუსეთის ვეტოს უფლების გამო. თუმცა, მაინცდამაინც არც საქართველოს შეუწუხებია ამ საკითხით თავი. ამიტომ ქართველებს გვაქვს ის, რაც გვაქვს და ამას უნდა ჩავებღაუჭოთ, რადგან, განსაკუთრებით 2008 წ. შემდეგ, რუსეთის მამხილებელ დოკუმენტთა კეისი თანდათან ივსება და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება გამოყენებული იმ საერთაშორისო ტრიბუნალზე, რომელიც ამ ქვეყანას და მის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს მოელის ახლო მომავალში.
ამდენად, აუცილებელია 1-5 ივლისს თბილისში მიმდინარე ეუთოს ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ძლიერი დოკუმენტის მიღება.
...თუ ქართველებმა კვლავ სამარცხვინოდ არ დავჭამეთ ერთმანეთი, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა ეუთოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით.





Комментариев нет: