1993 წ. გაზაფხულისთვის რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ სახელმწიფო გადატრიალებითა და სამოქალაქო დაპირისპირებით, ცხინვალისა და აფხაზეთის ომებით შუალედურ საწადელს მიაღწია და საქართველო სრულ ქაოსში ჩააგდო. გამომდინარე, ქვეყნის სრული დეფრაგმენტაციისთვის მას აფხაზეთში სამხედრო კამპანია უკვე არ სჭირდებოდა. ამიტომ ჯერ 15-18 მარტს და შემდეგ ივლისის დასაწყისში მტერი შეეცადა, ასე ვთქვათ, აფხაზეთის თემა დაეხურა. მაგრამ ქართული ჯარის გმირობამ ეს გეგმა ჩაუშალა. ამიტომ, უფრთხოდა რა პირდაპირ და ღია სამხედრო აგრესიას, მოსკოვმა ტაქტიკა შეცვალა და კვლავ შუამავალი მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგო.
1992 წ. 3 სექტემბრის მოსკოვის ხელშეკრულების ვერაგული დარღვევის შემდეგ (ოქტომბერში გაგრის აღება და ქართველთა გენოციდი), თბილისს, წესით, სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების სისუსტისა და მის ხელმძღვანელთა კოლაბორაციონიზმის გამო 1993 წ. 27 ივლისს სოჭში კვლავ გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება. რუსების ამ თვალთმაქცობის მთავარი მიზანი იყო ქართული ჯარის განიარაღება და დეზორგანიზაცია, მშვიდობის ილუზიის შექმნა და შემდეგ სოხუმზე მძლავრი დარტყმა აფხაზეთიდან ქართველების სრული განდევნის მიზნით.
სოჭის დოკუმენტით ჩვენ გვეკრძალებოდა: აფხაზეთში დამატებით ჯარის შემოყვანა, მობილიზაციის განხორციელება, ჯარების გადაადგილება, იარაღის შეტანა, სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა ხელშეკრულების მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვით 10-15 დღეში უნდა დაგვეშალა და ფრონტიდან გაგვეყვანა შეიარაღებული ფორმირებები მთელი მათი შეიარაღებით. ცხადია, ყოველივე ეს შეფუთული იყო იმ ვალდებულებით, რომელსაც თავის თავზე იღებდნენ დროებითი სამმხრივი (ქართულ-აფხაზურ-რუსული) საკონტროლო ჯგუფები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ზედამხედველობას განახორციელებდნენ.
იქვე ნახსენები იყო რუსეთის ჯარების ნეიტრალიტეტი და გაეროსა და ეუთოს დამკვირვებელთა მონაწილეობა მონიტორინგში. მოსკოვი თვალთმაქცურად დათანხმდა ადგილობრივებისგან შინაგანი ჯარის შექმნას და მაგისტრალური გზებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას. გათვალისწინებული იყო საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება მდ. გუმისთაზე, ფსოუსა და ენგურზე. იქმნებოდა მრავალეროვნული მილიცია. მუდმივი ბინადრობის ადგილებში ბრუნდებოდნენ ლტოლვილები და ამ პროცესს გაერთიანებული კომისია უზრუნველჰყოფდა. ეყრდნობოდნენ რა მოსკოვის 1992 წ. უკვე დარღვეულ და ფეხქვეშგათელილ ხელშეკრულებას, უნდა აღდგენილიყო აფხაზეთის ხელისუფლების კანონიერი ორგანოების ნორმალურ საქმიანობას.
დღეს შედარებით მარტივად შეიძლება სოჭის ხელშეკრულების ავკარგიანობაზე საუბარი და დაშვებულ ტრაგიკულ შეცდომათა ანალიზი, მაგრამ მაშინაც მრავალი ჩვენგანისთვის ნათელი იყო, რომ აფხაზეთს დიდი ტრაგედია ელოდა. მას როგორც ხელისუფლებაში, ასევე მეომრებშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
საინტერესოა, თვალი გადავავლოთ, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ფრონტზე და განსაკუთრებით ზ. გამსახურდიას მომხრეების მიერ კონტროლირებად სამეგრელოში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს, ფაქტიურად, მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს.
27 ივლისს თბილისში ყოფილი ხელისუფლების მიმხრეები აწყობენ მიტინგს საომარი მოქმედებების ბოლომდე გაგრძელების მოთხოვნით, ხოლო მეორე დღეს ლ. ქობალიას შეიარაღებული რაზმები შედიან სენაკში და სთავაზობენ თ. კიტოვანს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებას, რასაც ის არ ღებულობს. მოლაპარაკების შემდეგ ლ. ქობალიამ 31 ივლისს დატოვა სენაკი.
29-30 ივლისს აფსუათა შენაერთებმა იერიში მიიტანეს ტამიშთან განლაგებულ ჩვენს შენაერთებზე. პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა სოხუმის რ-ნ ს. ცუგუროვკასთან და შრომა-ახალშენის მიმართულებით.
ე. შევარდნაძის ბრძანებულებით 30 ივლისს მუშაობას შეუდგა დამკვირვებელთა კომისია. 2 აგვისტოს შეიქმნა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების კომისია ჟ. შარტავას თავმჯდომარეობით.
შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: გუმისთის ფრონტზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი; დაიწყო ბატალიონების დაშლა; რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო გემების საშუალებით ფოთში გაიყვანა მძიმე ტექნიკა, რომლისთვის მათ ფულიც გადაუხადეს. ეს მაშინ, როცა რუსები შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკური ფონის შესაქმნელად ვ. არძინბას მეშვეობით გაეროში ბ. გალისთან აგზავნიდნენ მიმართვებს ქართველთა მიერ ხელშეკრულების დარღვევის შესახებ, ანუ გარკვეულწილად თავს იზღვევდნენ სოხუმის შტურმის წინ. 24 აგვისტოს საბოლოო კონსულტაციებისთვის აფსუათა ლიდერი მოსკოვში გამოიძახეს.
ქვეყნის ხელისუფლებაში მეტი არეულობის შესატანად და აფხაზეთიდან ყურადღების გადასატანად 28 აგვისტოს ლ. ქობალიას რაზმებმა მოულოდნელი დარტყმით აიღეს სენაკი და აბაშა, ხოლო ორ დღეში ზუგდიდში გაიმართება ზ. გამსახურდიას პერიოდის საქართველოს უზენაესი საბჭოს 62 დეპუტატის შეკრება, რომელზეც განიხილეს შექმნილი მდგომარეობა, რუსეთთან ურთიერთობისა და მისი სამხედრო ბაზების პრობლემა, მათთვის ტელევიზიით საეთერო დროის დათმობის საკითხი და ა. შ. 7 სექტემბერს ლ. ქობალია შეეცადა კონტროლი დაემყარებინა გალის რაიონზე, ხოლო 15-ში ლაშქრობა მოაწყო გურიის მხარეში. ამით იმის თქმა მინდა, რომ დასასავლეთ საქართველოში ფორმირდებოდა ძალის მეორე ცენტრი პარლამენტით, მთავრობითა და სამხედრო სტრუქტურებით.
რუსეთმა სოჭის ხელშეკრულებით, ერთის მხრივ, სრულიად მოგვაშიშვლებინა აფხაზეთის ფრონტი და, მეორეს მხრივ, დასავლეთ საქართველოში ხელი შეუწყო გროზნოში გახიზნული ზ. გამსახურდიას მომხრეთა გაძლიერებას, რითაც კიდევ უფრო დაასუსტა ისედაც კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი თბილისის ხელისუფლება. ამის გამოხატულება იყო პარლამენტთან შეუთანხმებლობის გამო ე. შევარდნაძის 14 სექტემბრის განცხადება შესაძლო გადადგომის შესახებ.
ამასთან, სოხუმსა და სხვა ადგილებში იმედმოცემულმა დევნილებმა დაიწყეს დაბრუნება. საოცარია, მაგრამ აფხაზეთის სკოლებში 1-ელ სექტემბერს დაიწყო სწავლა მაშინ, როცა დანარჩენ საქართველოში 15-ში. ხალხმა ბავშვები ჩამოიყვანა. თავად თქვენი მონა მორჩილი მაშინ პროფესიით პედაგოგი გახლდით და სოხუმის მე-5 საშუალო სკოლაში გამოვცხადდი ფარაჯაში გამოწყობილი გაკვეთილების ჩასატარებლად. თქვენ წარმოიდგინეთ, ბაგა-ბაღებიც კი გაიხსნა და სოხუმის მერმა გ. გაბისკირიამ დაბომბვისგან დაზიანებული ქალაქის ქუჩების შეკეთებაც დაიწყო. გაიხსნა მაღაზიები, კაფეები.
მოკლედ, ყველაფერი მზად იყო აფხაზთის ოკუპაციისა და ქართველი მოსახლეობის გასანადგურებლად და 27 ივლისს მოჰყვა კიდეც 27 სექტემბერ - სოხუმის დაცემა.
Комментариев нет:
Отправить комментарий