21 июля 2016

დევნილებისთვის გამეტებული ბუშტები და მაკარონები

მრავალი ჩვენი თანამემამულე წუხს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად აქტიური დევნილები კვლავ დაქსაქსულებია. ჩემი აზრით, ამ გათითოკაცების და სოხუმელ, გაგრელ თუ გალელ პროფესიონალთა სხვადასხვა ჯგუფებში "გაბნევას" ორი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი, ფასეულობებსა და პოლიტიკურ გემოვნებებში განსხვავებულობა (მხოლოდ ის, რომ ჩვენ ყველა აფხაზეთიდან ვართ, ვერასდროს ვერ გახდება გაერთიანების საფუძველი) და მეორე, არც ერთ ხელისუფლებას არ სურდა ჩვენგან გამოკვეთილი და გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბება, რადგან სახიფათოდ მიაჩნდათ ეს ამ სოციალური ფენის განსაკუთრებული და გასაგები რადიკალიზმის გამო, რისი მიზეზები, იმედია, ასახსნელი არაა.
ამასთან, ვაღიაროთ, რომ დევნილთა პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოებრივად აქტიურთა ერთი ნაწილი ფარისეველი კონფორმისტია ან ვაზელინმომარჯვებული მედროვე ყვარყვარე. ეს ულმობელი სიმართლეა. ორი ღმერთის მსახური კი ვერ ცხონდება... რა სურათი გვაქვს დღეს?

ვხედავთ, რომ აფხაზეთის საკითხი მხოლოდ პოლიტიკური პოზისთვის გამოიყენება წინასაარჩევნოდაც. ცხადია, ის აუცილებლად ზოგადქართულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს მუდამ, მაგრამ დღეს ამოცანათა ზღვაში ისეა ჩაკარგული, რომ რეალურად, პარტიებს არც აინტერესებთ და არც ესმით ეს პრობლემა. დევნილებს საარჩევნო ხმების პრიზმიდან უყურებენ მხოლოდ და ამ პრაგმატიზმში მორალს კარგავენ. ამიტომ თავიანთ რიგებში დევნილი პროფესიონალები "მოწვეულ სპეციალისტებად" ჰყავთ მხოლოდ, როგორც აუცილებელი თემის გამხმოვანებლები, პიარშიკები. აფხაზეთი ხომ მათი "ტკივილია" და სხვანაირად ვერ მოიქცევიან - ონჯღორე იქნება ეს!
წინასაარჩევნოდ (და არა მარტო) აფხაზეთის საკითხი, სამწუხაროდ, დაყვანილია, როგორც ჩემი მეგობრები იტყვიან, "ბუშტებისა" და "მაკარონების" პრობლემამდე, ანუ დევნილებს გვთავაზობენ აფსუებთან უპირობო და დამამცირებელ შერიგებას (ბუშტი, რომელიც სკდება) და წინა პლანზეა გამოტანილი ყველასთვის მტკივნეული და გასაგები სოციალური ასპექტები (მაკარონი, როგორც ვიტალური აზროვნების სიმბოლო).
ამდენად, დღეს აფხაზეთის საკითხი ბუშტისა და მაკარონის რაციონალიზმზეა დასული. აფხაზეთი - როგორც ძირითადი ქართული იდეა და ამოცანა - პოლიტიკური სივრცის სანაგვეშია. სიტუაციური პესიმიზმია?
მაგრამ ეს ჩემი პესიმიზმია, რომელიც აუცილებლად გასაზიარებელი არაა.

Комментариев нет: