05 августа 2017

მოსკოვში სჯერათ, რომ ამერიკა სამხედრო ძალით დაუპირიპირდება

საქართველოში მანამდეც ჩამოსულა მრავალი ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის ჩინოსანი და ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები ტრიბუნებიდან არაერთხელ მოგვისმენია. განსაკუთრებით მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემების ფონზე, ამგვარმა ძალისხმევამ ეჭვები და გარკვეული ნიჰილიზმი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ქმედითი და გულწრფელია დასავლეთის ჩვენდამი დამოკიდებულება. ამასთან, სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი დამოუკიდებლობა გადარჩა. ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ახლანდელი ვიზიტი, ვფიქრობთ, მაინც განსაკუთრებული გამოდგა და არა იმიტომ, რომ ქართველებმა ევროპა და მსოფლიო გავაკვირვეთ საოცარი დემოკრატიით, არამედ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი საბოლოოდ გადაირია და ცივილიზებული სამყარო შესაბამის რეაგირებაზე გადავიდა.

პენსის განცხადებები ჯერ ესტონეთში და შემდეგ თბილისში, ჩვენი წარმოდგენით, აშშ-ს სტრატეგიის ცვლაზე მიუთითებს. რუსეთის მიმართ წარმოებული უნაყოფო გადარწმუნებისა და წერტილოვანი სანქციების ტაქტიკა იცვლება სრულმასშტაბიანი შეკავების პოლიტიკით ისე, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო, ანუ ძალა ძალის წინააღმდეგ, კბილი კბილის წილ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. პენსის მკვეთრი განცხადებები მხოლოდ წუხილის გამოხატულებად რომ არ დარჩენილიყო, ისინი გაკეთდა ფოთიდან თბილისამდე ამერიკული სამხედოების უპრეცედენტო მარშისა და ვაზიანში ტანკების, თვითმფრინავებისა და ჯარისკაცების ფონზე. ეს რუსეთისადმი ღია გზავნილია.
ამასთან, ქართველები „ურწმუნო თომები“ ვართ და ბოდიშის მოხდით მაინც ვიკითხავთ: სადაა გარანტია, რომ ვიცე-პრეზიდენტის ჩვენს გულებზე მალამოდ მოფენილი საბრძოლო რიტორიკა უბრალო სიტყვებად არ დარჩება? არსად?
ამასთან, მოვლენათა ჩვენს სასარგებლოდ განვითარების იმედს მაინც იძლევა შემდეგი გარემოებები: თავად პენსის ფიგურის პოლიტიკური რეპუტაცია - ის ქორია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთისადმი რეალისტური (ანუ მკვეთრი) დამოკიდებულებით გამოირჩევა; რუსეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის დაყვავება-დამშვიდებიდან („გადატვირთვებიდან“) შეკავებისკენ ცვლს ბუნებრივია, რადგან ეს უკანასკნელი მრავალი წელია არღვევს საერთაშორისო ურთიერთობათა ნორმებს, რაშიც იმდენად შეტოპა, რომ სრულმასშტაბიანი სანქციები მიიღო (დავარქვათ ამას ანაკონდას ეფექტი).
პენსის მკვეთრი განცხადებები მხოლოდ სიტყვები რომ ყოფილიყო, რუსეთის ხელმძღვანელობას არ ექნებოდა ისეთი აღელვებული რეაქცია, რაც შემდეგში გამოვლინდა და წინასწარაც გამოიხატა: არნახული პომპეზურობით (ატომური წყალქვეშა ნავების დემონსტრირებითა და ა. შ.) 5 ადგილას ჩაატარდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის რიგითი დღე; პარალელურად მოაწყვეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და არც მალავდნენ, რომ ეს ამერიკისგან მომდინარე გამოწვევების პასუხია.
და ბოლოს. პუტინი 8 აგვისტოს აფხაზეთში ჩადის, რაც დაგეგმილი არც ჰქონდა. (შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესმა აფხაზეთი და ცხინვალი კანონით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა). სოხუმში პუტინის ეს ვოიაჟი, მათი გათვლებით, საქართველოსა და ამერიკის გაფრთხილებაა: ბევრი არ „გაახუროთ“, თორემ 2008-ს გავიმეორებო.
ამგვარად, მოსკოვში სჯერათ, რომ რუსულ აგრესიას აშშ სამხედრო ძალით დაუპირიპირდება და მის მოკავშირე ქვეყნებში პარპაშის საშუალებას უკვე არ მისცემს. სხვა შემთხვევაში, პუტინს ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების დემონსტრირება არც დასჭირდებოდა და ნერვიულ-ისტერიული რეაქცია არ ექნებოდა. მათ უკვე იციან, რომ სამეზობლოში ომის შემთხვევაში, ცხვირში მიიღებენ.
ამ კონტექსტში ჯდება უკრაინაც, რადგან პენტაგონმა უკვე მიმართა პრეზიდენტს ტრამპს, ამ ქვეყნისთვის „ჯაველინების“ (და სხვა ე. წ. ლეტალური იარაღის) გამოყოფის შესახებ. ხოლო თუ რას ნიშნავს ეს, ამას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება.
შესაძლოა, საქართველოში ბევრი ვერც ხვდება, აგვისტოში, შვებულებების პერიოდში, რაც მოხდა: მსოფლიოში ყველაზე მძლავრმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ბოლო-ბოლო, მკვეთრი, ცხადი და, რაც მთავარია, სამართლიანი პოზიცია დაიკავა ყველაზე საშიში და შავბნელი ავტორიტარული რეჟიმის მიმართ.
ველოდოთ სასურველ ცვლილებებს!

გაისად - სოხუმში!

Комментариев нет: