იმდენად დინამიური და მოვლენებით დატვირთულია ბოლო დღეები, რომ ადამიანებს ბუნებრივად ებადებათ კითხვები, ღელავენ, უხარიათ, ეშინიათ. მამაძაღლი რუსების ცხვირ წინ ნატოს ჯარების მარში -
როგორც მორალურ-ტექნიკური მხარდაჭერის დემონსტრირება; აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი და მისი მკვეთრი შეფასებები ოკუპანტის მიმართ -
როგორც აშშ-საქართველოს საერთო ინტერესების გამოხატულება; ამერიკის
კონგრესის ყოვლისმომცველი სანქციები (ევროპელ რუსოფილთა წუწუნის
ფონზე) და რუსეთის
კარიკატურული "კონტრსანქციების" (აშშ-ს საელჩოსთვის საწყობების ჩამორთმევა); პრეზიდენტ ტრამპის ექსცენტრიული პოლიტყალთაბანდობისთვის
ამოდებული ლაგამი; ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები საქართველოში (რომელშიც სომხეთიც კი მონაწილეობს, რადგან
"ქარის მიმართულება" იგრძნეს); პუტინის ვიზიტის დაანონსება კრიმინალურ და გავერანებულ აფხაზეთში -
როგორც რუსეთის პოლიტიკური კრახი; რუსების არმიის წვრთნები ჩრდილოეთ კავკასიაში... რთულია ერთბაშად ამდენის გადახარშვა და შესაძლო პერსპექტივის დალაგება.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ადექვატური პოზიტიურობით აფასებს დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკელთა
ნაბიჯებს, ზოგი, მწარე
გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც კითხულობს: გვემუქრება ხიფათი? ხომ არ განმეორდება 2008 წელი და ა. შ. პირიქით, მოვლენებში ასე თუ ისე ჩახედულთათვის ცხადია, რომ ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ გარდამტეხი მომენტი უდგას, როცა საქართველოს ერთგვარად მივიწყებული თემა მსოფლიო პოლიტიკის უმაღლეს ეშელონებს უბრუნდება.
მიუხედავად რუსეთის და მისი ადგილობრივი გოშიების სურვილისა, თავისუფალი
სამყაროსთვის საქართველო კვლავ ფუნქციამატარებელ სახელმწიფოდ რჩება. "სულელი
და თვითმკვლელი მეფისგან" ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ არც რუსეთია 2008
წლის მდგომარეობაში და, როგორც ვხედავთ, არც კოლექტიური დასავლეთია ობამას
"გადატვირთვის" ხასიათზე დღეს. ზოგიერთ ჩვენგანს, ხშირად, ერთ დღეში (და ისიც ლანგარზე მორთმეული) სურს მიიღოს თავისუფლება, უსაფრთხოება, წარმატება, სიმდიდრე, შვილების კეთილდღეობა და (უკაცრავად, მაგრამ) გავსებული მაცივარი. ეგრე სადაა?! ქართველი არასდროს ყოფილა პირდაფჩენილი მათხოვარი და ამას ჩვენი ჯიში და ჯილაგი დღესაც ყველგან ამტკიცებს, თუნდაც ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში... ვიღაცა ამასაც აკრიტიკებს, რადგან საკუთარი სილაჩრის იქით ვერ იხედება.
პათეტიკის
გარეშე. იმპერიები მიდი-მოდიან, ჩაჩანაკდებიან და ქრებიან, საქართველო კი ათასწლეულებია ამაყად გადაჰყურებს მარადიული ყოფიერების უკიდეგანო სივრცეებს. დესპოტური იმპერიების მომავალი მხოლოდ მათ დაშლაშია. ამდენად, ისტორიის ეს ლოგიკა რუსეთსაც ვერ ასცდება.
ძნელია, საქართველოს მრავალათასწლოვანი გამძლეობის სიბრძნეს ჩაწვდე ბოლომდე, მაგრამ ერთი ცხადია, ყველას თავისი როლი აქვს კაცობრიობის "აქაურ", დედამიწისეულ ფუსფუსში და საკუთარი ბედის მჭედელიც თავადაა - ერიც და ბერიც. არც ჩვენით დაწყებულა და ჩვენითაც არ მთავრდება ეს ქვეყანა. ასეთია უფლის მიერ დადგენილი "თამაშის წესები" და ამიტომ მომავლის შიში (და წუწუნი - "რა გვეშველება"?) უადგილოა, მით უმეტეს მაშინ, თუ ერს, ადამიანს საკუთარი ფუნქცია ოდნავ მაინც აქვს გააზრებული.
საქართველოს ხომ განსაკუთრებით მაშინ უჭირდა, როცა ფუნქციის მექანიზმში ჩატყდებოდა რაღაც, როცა რწმენას და
იმედს კარგავდა, როცა იდეალებზე მაღლა ყოველდღიურ მოსაწყენ რუტინას აყენებდა.
დღეს კი, ასე ვთქვათ, ფრანსუა რაბლეს გოლიათი პანტაგრუელის ნაბიჯებით მივიწევთ წინ, როცა ჩვენს ერს სრულად უბრუნდება სიღრმისეული და დაუძლეველი სიცოცხლისმოყვარეობა, რომლის წინაშეც ყოველივე წარმავალი უძლურია და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიებისა თუ ლოკალური გაჩერებებისა, ოპტიმიზმის საფუძველი ნაღდად გვაქვს, რადგან უკვე ჩანს იმ სამშობლოს
კონტურები, რომლისთვის ჩემი თაობა (და არა მარტო) პირდაპირი მნიშვნელობით
სისხლისგან დაიცალა.
ამიტომ აქტიური იმედი არ მოგვშლოდეს, ქართველებო, რადგან,
ხომ იცით, "არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და
სოფლისთვის არა იზრუნვოს".

Комментариев нет:
Отправить комментарий