17 апреля 2019

აფხაზეთი 9 აპრილის წინა დღეებში. მოგონების მაგიერ 30 წლის შემდეგ.

1989 წ. 18 მარტს აფსუა სეპარატისტებმა ს. ლიხნში გამართეს მრავალათასიანი შეკრება-მიტინგი, რომელზეც მიიღეს ანტიქართული წერილი მოსკოვისადმი - ე. წ. “ლიხნის მიმართვა”, რომელშიც, ფაქტიურად, საქართველოსგან გამოყოფა და რუსეთთან შეერთება მოითხოვეს. 
ლიხნის პროვოკაციას ქართველებმა 1989 წ. 25 მარტის სოხუმისა და გალის გრანდიოზული მანიფისტაციებით უპასუხეს. მასზე სიტყვით გამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ჯონი ლატარია, ალექსანდრე ჯიქია (ედპ), დიმა ჯაიანი და სხვა.
აღნიშნულ აქციაზე გადაწყდა, რომ ანტიიმპერიული მიტინგი ჩატარებულიყო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაბა ლესელიძეში, მდ. ფსოუსთან, რითაც სიმბოლურად გამოიხატებოდა ჩვენი მთავარი მტრის - რუსეთისადმი დამოკიდებულება. ამით აფსუებს ვაჩვენებდით, რომ მათთან პრობლემები არ გვაქვს, ჩვენ პატივს ვცემთ მათ ეროვნულ გრძნობებს და ა. შ.
1989 წ. 1-ელ აპრილს ლესელიძეში ავტობუსებით გავემგზავრეთ. მიტინგზე გამომსვლელთა (ზ. ჭავჭავაძე, ჯ. ლატარია, ბ. კაკუბავა, მ. კოსტავა და ა. შ.) მთელი რისხვა მიმართული იყო კრემლისაკენ, იმპერიისკენ. აქციას “იცავდა” შინაგანი ჯარის საკმაოდ მოზრდილი შენაერთი. მიტინგის შემდეგ მ. კოსტავა, თ. ჩხეიძე, ზ. ჭავჭავაძე და სხვები გაგრაში შეყოვნდნენ. დანარჩენები გამოვემგზავრეთ სოხუმში. 

ჩვენს ავტობუსზე აფსუათა პირველი თავდასხმა (დაახლ. 1000 კაცი) დაბა ბზიფთან მოხდა. მძღოლმა, იური გაგუამ, როგორც კი შეაჩერა ავტობუსი, ეგრევე წამოვიდა ჩვენსკენ ქვის წვიმა. შუშები დაილეწა და ადამიანებმა ტრამვები მიიღეს. შეშინება ვერ მოვასწარით, ვერც მივხვდით, რა ხდებოდა, მაგრამ როდესაც ბრბომ მოინდომა მანქანაში შემოჭრა, მაშინ კი მივხვდით, რომ აქ დაგვხოცავდნენ. შველა არსაიდან ჩანდა. ჩამტვრეული ფანჯრიდან დავინახე ერთი ჩემი ნაცნობი აფსუა გული გაგულია (ერთ დროს ვსწავლობდით უნივერსიტეტში) და მას დავუყვირე, რას შვებით-მეთქი. შემხედა, მიცნო, თითქოს გაოგნდა და შერცხვა, შეწუხდა და მოინდომა ეგზალტირებუთა, გაბოროტებულთა (რომლებიც უკვე რკინისა და ხის “დუბინკებს” იქნევდნენ) შეჩერება, რომ ავტობუსში არ ამძვრალიყვნენ. ყვიროდა აფსუურად - “შვანგლ, შვანგლ” - გეყოფათ, მაგრამ ვერაფერს გახდა. მძღოლს, რომელიც დაბნეული გაქვავებული იჯდა, დავუყვირე, როგორმე დაძრულიყო ადგილიდან. ავტობუსი დიდი, “იკარუსის” მარკის იყო და ის აქსელერატორს მთელი ძალით დააწვა, ააღმუვლა, წყვეტილ-წყვეტილად დაიძრა. მანქანის წინ შეგროვილი აფსუები მიხვდნენ, რომ თუ არ გადაიწეოდნენ, გაისრისებოდნენ. იურიმ მოახერხა რამოდენიმე ათეული მეტრით წინ წაწევა, დაეჯახა ტრასის შუაში მდგომ მსუბუქ მანქანას და გადააგდო გვერდზე. უკან გამოგვეკიდნენ სხვა მანქანებით. გვდიეს ერთი ხანი და თავი დაგვანებეს. ვიფიქრეთ, ამით მორჩა, მაგრამ ახალი ათონის გასასვლელთან სხვა, უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფი დაგვხვდა. თუ ბზიფთან მხოლოდ ქვებით გვისწორდებოდნენ, აქ იარაღიდანაც გვესროლეს. სწორედ მაშინ დავიჭერით რამოდენიმე კაცი.

მოკლედ, დალეწილ-დაჩეჩქვილებმა ჩავაღწიეთ სოხუმში. გამვლელები გადარეულები უყურებდნენ “ნაფრონტალ” ავტობუსს, რომლიდანაც დასისხლიანებული და გაბრაზებული ადამიანები იყურებოდნენ. მანქანა კპ-ის საოლქო კომიტეტის შენობასთან მივიყვანეთ, რომელსაც ასობით ადამიანი შემოეხვია. საიდანღაც ოპერატიულად მოიყვანეს შინაგანი ჯარის შენაერთი და ალყაში მოგვაქციეს.
მერაბ კოსტავას გაუგია თავდასხმის ამბავი და პირველი ის მოვიდა ჩვენთან. მე მოკლედ ვუამბე მომხდარზე. მშვიდად მომისმინა და თქვა, რომ ეს იყო პროვოკაცია. გამოცდილმა დისიდენტმა ხალხს ურჩია, დაშლილიყვნენ და სახლებში წასულიყვნენ. მისი აზრით, საჭირო არ იყო სიტუაციის უფრო გამწვავება, რადგან ეს მტრის წისქვილზე დაასხამდა წყალს.

თავდასხმების ამბავი სწრაფად გავრცელდა. ეს იყო პირველი ე. წ. ქართულ-აფსუური შეტაკება, სადაც სისხლი დაიღვარა.

ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ მოსკოვისთვის სასურველი იყო ქართულ-აფსუური დაპირისპირების ესკალაცია და ამიტომ გადაწყდა, საპროტესტო აქტიურობა გადატანილიყო თბილისში ამ ვანდალიზმის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა პასუხისმგებაში მიცემის მოთხოვნით. სწორედ ეს გააჟღერა 2 აპრილს სოხუმის ცენტრში სტიქიურად შეკრებილი მრავალი ათასი ადამიანის წინ ზურაბ ჭავჭავაძემ. მან თქვა, რომ იმპერიას სურს აფსუებთან ჩვენი დაპირისპირებით, სისხლისღვრის პროვოცირებით ხელი შეუშალოს მთავარს - საქართველოს სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ. “თქვენ გაიგებთ და ნახავთ, რას გავაკეთებთ თბილისში”, - მიმართავდა ის შეკრებილებს. ხალხი დაეთანხმა და ნელ-ნელა დაიშალა.
1989 წ. 7 აპრილს აკაკი ბაქრაძე ჩამოვიდა აფხაზეთში და შეხვდა რუსთაველის საზოგადოების ადგილობრივ ხელმძღვენელობას, სხვა აქტივისტებს. მეორე დღეს გულირიფშის ცენტრში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, რომელოც მალხაზ პატარაიას მიჰყავდა. სიტყვით გამივიდა ა. ბაქრაძე. გამოცხადდა, რომ 9-ში სოხუმში შედგებოდა გრანდიოზული მანიფისტაცია, რომელსაც აქტუალიზაცია უნდა მოეხდინა თბილისში “დავიწყებული” აფხაზეთის თემისთვის.
...მაგრამ 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე რუსებმა ქართველები დახოცეს.

Комментариев нет: