19 апреля 2019

თურქეთი და აფსუათა იმედები

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა გარკვეულ გავლენას ახდენს აფხაზეთის პრობლემაზე, იქაურ მმართველ რეჟიმსა და საზოგადოებაზე. მას ისტორიული მიზეზებიც აქვს. ამასთან, სოხუმელი ლიდერები ცდილობენ თურქეთთან ნამეტანი დაშაქრული ურთიერთობებით რუსეთი არ აწყენინონ, მაგრამ გვერდს ვერ უვლიან იქ არსებული დიდი დიასპორის საკითხსა და ეკონომიკურ საჭიროებებს. საქართველოს ხელისუფლება 90-იან წლებში არაეფექტურად და უნიათოდ ეწინააღმდეგებოდა თურქეთის სხვადასხვა კერძო სტრუქტურის უკანონო საქმიანობას ოკუპირებულ აფხაზეთში. ერთხელ ვ. არძინბაც კი ჩაიყვანეს "ტურისტად" იქ... ამ თვალსაზრისით შემდგომმა მთავრობებმა შესამჩნევად გამოასწორეს მდგომარეობა, თუმცა, ჩავარდნები მაინც ხდება.

აფსუებისთვის თურქეთთან ნებისმიერი კავშირისთვის მთავარ წინაღობას  რუსეთ-თურქეთის ურთიერთობათა არასტაბილურობაა, რომელსაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორისაა: ისტორიული მეხსიერება, გეოპოლიტიკური პრიორიტეტები, საზოგადოებრივი აზრი. აი, სავაჭრო ბრუნვის ზრდა, გაზსადენი „სამხრეთ ნაკადი“, აშშ-სთან უთანხმოება თუ კონფრონტაცია კი აახლოებს მათ (უფრო ერდოღანსა და პუტინს).
ამასთან, არის სერიოზული უთანხმოებაც, მაგ., სირიასთან დაკავშირებით, ყირიმის თათრებისა და რეგიონში გეოპოლიტიკური დომინირების საკითხებში. ამიტომაა, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ლამის მოკავშირეობასა და კონფლიქტწინა მდგომარეობას შორის მერყეობს. ამდენად, სოხუმის რუსეთზე მიბმულ ხელისუფლებას რეალურად უჭირს მანევრირება. თუმცა, მიუხედავად კრემლის ტოტალური კონტროლისა და მისდამი უსიტყვო მორჩილებისა, აფსუები თურქულ მიმართულებაზე „თვალს არ ხუჭავენ“.


აფსუებმა იციან, რომ ამჟამინდელ საერთაშორისო კონტექსტში მათ დამოუკიდებლობას თურქეთი არ აღიარების და ამას ვერ უშველის ეკონიმიკური კონტაქტების გაფართოება და დიასპორის მხარდაჭერა. ისლამისტი რ. ერდოღანი ისევე, როგორც ამ ქვეყნის ბოლო პერიოდის ყველა სეკულარული მთავრობა, ცხადია, საქართველოს ერთიანობას უჭერს მხარს და აქ აზერბაიჯანის ფაქტორია ერთ-ერთი გადამწყვეტი. უფრო მეტიც, თურქული ინტერესები ვერ ურიგდება პრორუსულ განწყობებს აფხაზეთში და მის ოკუპაციას, რადგან ეს ასუსტებს ოსმალეთის იმპერიის იდეური მემკვიდრის პოზიციებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიაში. მის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თეორიული შესაძლებლობა წარმოიშვება მხოლოდ მაშინ, თუ სეპარატისტები ორიენტაციას შეიცვლიან და ის თურქული და დასავლური გახდება, რაც რეალობისგან პარსეკებითაა დაშორებული.

ამასთან, სოხუმში იმედი აქვთ, რომ რუსულ-თურქული ეკონომიკური თანამშრომლობიდან მოგებას ისინიც მიიღებენ სხვადასხვა ინვესტიციების სახით, რისთვისაც საკმაოდ ინტენსიურად ეწევიან შიდა კანონმდებლობის მოწესრიგებას და ცდილობენ ჩრდილოვან ეკონომიკურ მექანიზმებთან ბრძოლას. სპეციალისტების შეფასებით, აფხაზეთში რუსეთსა და თურქეთს შორის სტიქიური სამეურნეო კონკურენციაა, რაც სასიცოცხლო კაპიტალის გადინებას იწვევს, რადგან შიდა რეინვესტირების ლეგალური საშუალებები არ არსებობს.

აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში პოტენციური ქართული სამეურნეო ექსპანსიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია სწორი საკანონმდებლო რეგულირებითა და სპეციალური სამსახურების ხარისხიანი მუშაობით, რაც არ მოითხოვს შუასაუკუნეობრივ ქონებრივ აკრძალვებს. მოკლედ, იქაურ ხელისუფლებას კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა სურს, რომელშიც თურქეთთან და რუსეთთან ერთად, საქართველო და სხვა ქვეყნებიც აფხაზური კანონმდებლობის საფუძველზე იმოქმედებენ.

ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ ფრთხილად, მაგრამ უკვე დაიწყო თურქეთის ჩრდილოკავკასიელ დიასპორებთან მუშაობა, რომლებმაც მე-19 ს.-ში დატოვეს ისტორიული სამშობლო. ამ მიმართულებით თურქულ-რუსულ მრავალმხრივ ურთიერთქმედებებში მონაწილეობა, აფსუათა აზრით, ზრდის აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსის მიზანმიმართული გაძლიერებისა და პარტნიორულ პროექტებში მონაწილეობის შანსს.

თურქეთში მცხოვრებ ჩრდილოკავკასიელთა შთამომავლებთან კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის აფსუები საწყის ეტაპზე რუსეთს საკუთარ გამოცდილებასა და დახმარებას სთავაზობენ.
როგორც ჩანს, სოხუმის რეჟიმს იმის ილუზია აქვს, რომ რუსეთ-თურქეთის არამდგრადი ურთიერთობებიდან პოლიტიკურად და ეკონომიკურად რაიმეს იხეირებენ.

აშშ-სა და, ფაქტიურად, დასავლეთს დაპირისპირებულ პრეზიდენტ რ. ერდოღანს, რომელსაც უამრავი შიდა პრობლემაც აქვს, ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს, რაც ობიექტურად თურქეთის დასუსტებას იწვევს. ის განზე დგას დასავლეთის მიერ ინიცირებული შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების ძალისხმევისგან (რაც აისახა 2016 წ. ნატოს ვარშავის სამიტისა და 2017 წ. ბუქარესტში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტებში, ასევე 2011 წ. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ „შავი ზღვის სტრატეგიაში“ და ახალი მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე_2019, ვაშინგტონი). ჩვენთვის ცუდია, რომ რუსეთი და თურქეთი მრავალ მისწრაფებასა და ქმედებაში სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს. მაგრამ ამ ორომტრიალში სადაა სოხუმელ ილუზიონისტთა ადგილი, გაუგებარია.

Комментариев нет: