ჩვენ, საქართველოში, ოდითგანვე ვცხოვრობდით
და ვებრძოდით მტრებს. წლები არ დაითვალოთ, რამდენია, რადგან შეცდებით.
ოდითგანვე ვიბრძოდით!
ამასთან, შიდა ბრძოლები იყო და
მრავალი. ამ დროს დიდია ღრენა და ვიშვიში. ადამიანები იხსნიდნენ ნიღბებს ისე, რომ თავადაც ვერ ამჩნევდნენ ამას. დღესაც ასეა?
კრიტიკულ მომენტებში შიშვლდება სულიერი სიმაღლისა თუ სიმდაბლის სახე. მაგრამ ნუ დავემსგავსებით ავაზაკებს და ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს.
თუ ჩვენ ბუნების არსისა და სამყაროს შესახებ კითხვებზე პასუხებს ისეთივე აუცილებლობად არ განვიცდით, როგორც შიმშილი და წყურვილი განიცდება, მაშინ აღრენილ ცხოველს ვემსგავსებით და ამას მოდური ჩაცმა, დემნა გვასალია, პარფიუმერია და სიაფანტურად დაშაქრული რეჩიტატივები არ შველის.
ლუციფერსა და არიმანს შორის
მოქცეულთ, ამპარტავნობა და ცდუნება გვკვებავს. ამიტომ გვიწევს თხელი სამყაროდან ამ
გაცხადებულ, მატერიალურ სამყაროში ბალანსირება და ჰარმონიისთვის მუშაკობა, რომელიც
მხოლოდ ქრისტეს მეოხებით მიიღწევა.
გვავიწყდება რა ეს (ან, შესაძლოა,
ვერც ვერასდროს გავიგოთ), ერთმანეთს დავსდევთ, არ ვინდობთ, ცილს ვწამებთ, ვღალატობთ,
არჩევანს ვუსპობთ და ვკლავთ...
შიგადაშიგ გვიყვარს დედ-მამა,
შვილები, ცოლი, ქმარი, და-ძმა, სამშობლო, მაგრამ გარდა შვილების სიყვარულისა,
დანარჩენი ეგოისტურია, ჩვენი პირადი ხორციელი კომფორტის ამბავია. ჩვენგან ღმერთის
სიყვარულსაც გამორჩენის დაღი აზის - უფალო, შემიწყალე; ღმერთო, ეს მომეცი, ის
მომეცი, ბინა მაჩუქე, მერსედესი მინდა, აგარაკი მიწყალობე, ეს პრეზიდენტი მინდა,
ის მძულს!.. ანდა, უფრო გასაკვირი - ის დასაჯე, ესენი ამოწყვიტე და ა. შ.
ჩვენ ხშირად აქაური,
დედამიწისეული ცხოვრების ინსტრუმენტებს ვანიჭებთ ისეთ მნიშვნელობას, რომ თანდათან
მათ ტყვეობაში ვვარდებით. აქედანაა გაფეტიშება, ფანატიზმი, პარტიული თუ ჯგუფური
ჯოგიზმი, არჩევნებსა და თანამდებობებზე ოცნება-ბღავილი და ა. შ.
არადა, დღეს ხარ - ხვალ არა და
სულიერ სამყაროში შესულს (გარდაცვალება), ჩადენილი მამაძაღლობების (ანუ ცოდვების)
გამო, კვლავ გიწევს დაბადება (რეინკარნაცია), რადგან საიქიოში ტყუილი არ მოსულა და
იქ სრულად აღიქვამ, რას აკეთებდი დედამიწაზე. ამიტომ ილტვი კვლავ დედამიწისკენ,
რადგან მხოლოდ აქაა შეცდომათა თუ დანაშაულთა გამოსწორებისა და გამოსყიდვის შანსი.

