13 октября 2021

მუჰაჯირთა რეპატრიაციის პერიპეტიები აფხაზეთში

მუჰაჯირობა აფსუებისა და სხვა კავკასიელი ხალხების დიდი ტრაგედია იყო, რომელიც ორი იმპერიის, ოსმალეთისა და რუსეთის შეჯახების შედეგად განვითარდა. აფსუები თვლიან, რომ მათი ხალხის 80% საზღვარგარეთ ცხოვრობს, რომლებიც XIX ს. მეორე ნახევარში გახდნენ დევნილნი.

ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1993 წ. 23 მარტს აფსუათა მაშინდელმა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ ხელი მოაწერა განკარგულებას „რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის შექმნის შესახებ“.  

დღეისთვის თურქეთიდან, სირიიდან, იორდანიიდან დაახლოებით 5,5 ათასი დევნილთა  შთამომავალი დაბრუნდა, 10 ათასმა კი მიიღო „აფხაზეთის მოქალაქეობა“. 2018 წ. დაფიქსირდა რეკორდული ციფრი - 543 რეპატრიანტი. ჩამოსულები 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერითა და შეღავათებით სარგებლობენ: მათ უფინანსებენ უმაღლესი განათლებას, მკურნალობას, ბავშვის დაბადებისთვის უხდიან შემწეობას და ა. შ.  მაგრამ 26-27 წლის განმავლობაში მუჰაჯირთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესმა, შეიძლება ითქვას, ფიასკო განიცადა.   

რამოდენიმე დღის წინ სოხუმში გაიმართა დისკუსია, რომელზეც განხილული იქნა დიასპორებთან ურთიერთობების პრობლემებიმრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ: ატანურ აკუსბა - თურქეთში აფხაზეთის კულტურული ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელი,  საზოგადოებრივი ორგანიზაცია აბაზასხელმძღვანელი - უმარ კონჩევი,  საზოგადოებრივი ორგანიზაციაასხარ ხელმძღვანელი ლევან მიკაა, აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში იბრაჰიმ ავიძბა და ა. შ.

აღინიშნა, რომ რუსეთის გავლით სოხუმში ჩამოსვლა ძალიან ძვირია და 3-4 კაციან ჯგუფს დაახლოებით 150 ათასი რუბლი (2 ათასი აშშ-ს დოლარი) უჯდება. ამას ემატება ტექნიკური ხასიათის პრობლემები - აეროპორტში საათობით გაჩერება, გაუთავებელი შემოწმებები, თითის ანაბეჭდები და ა. შ. ეს მაშინ, როცა "აფხაზეთს და რუსეთს შორის 2014 წ. ხელშეკრულების მე -12 მუხლის შესაბამისად უნდა შექმნილიყო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სპეციალიზებული საბაჟო ორგანო, რომელიც იმუშავებდა რუსეთის ფედერაციაში (სოჭი აეროპორტი, საზღვაო ნავსადგური), თუმცა, ეს არავის აინტერესებს.

დიასპორის წარმომადგენლების თქმით, მათ ჰქონდათ საუბარი თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან და ბიზნეს კომპანიებთან სოხუმთან საზღვაო მიმოსვლის შესახებ, როგორც ეს დსთ-ს ქვეყნების მხრიდან ბლოკადის პერიოდში იყო. ატანურ აკუსბა: „დღეს გაუგებარია, რა ხდება. რამოდენიმე წლის წინ თურქული მხარის თხოვნით სწავლობდნენ სოხუმის ყურის აკვატორიას, ზომავდნენ ზღვის სიღრმეს. შემდეგ ეს შეწყდა. ახლა თურქეთის აფსუური დიასპორა ცდილობს აფხაზეთამდე დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე გაჭრას, მით უმეტეს, რომ ენგურის საკონტროლო პუნქტის გავლით აფხაზეთში მოხვედრა 100 აშშ-ის დოლარი ჯდება. თურქული მხარე მოამაზადებს ამ საკითხს, მოძებნის ტუროპერატორს, რომელიც უზრუნველჰყოფს ეთნიკურად აფხაზი თურქეთის მოქალაქეების შეიარაღებულ დაცვას“. ატანურ აკუსბას განცხადებით, ამაზე შეთანხმება უკვე არსებობს.

ისედაც ჩავარდნილი რეპატრიაცია კორონავირუსმაც დააზარალა. ძირითადი კონტინგენტი დღეს ჩრდილოეთ კავკასიიდანაა - ოთხასამდე აბაზა ითხოვს აფხაზეთის მოქალაქეობას, თურქეთიდან -  11-12, იორდანიიდან - 2, ეგვიპტიდან - 1.

რეპატრიაციაზე პასუხისმგებელნი და  დიასპორის წარმომადგენელნი აღნიშნავენ, რომ არ არის ჩამოყალიბებული რეპატრიაციის კონცეფცია და პროგრამა. ამასთან, მათი აზრით, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი აფხაზეთის რეგიონებში რეპატრიანტებისთვის მიწების გამოყოფის შესახებ და საკანონმდებლო ორგანოში მათთვის განისაზღვროს შესაბამისი კვოტებ.

ცხადია, მოსკოვს, რომელსაც არ აინტერესებს ადგილობრივ აფსუათა ბედი, მით უფრო არ სჭირდება თურქეთიდან ან სირიიდან ჩამოსახლებულები. ვერც ადგილობრივი რეჟიმი დააჩქარებს „თანამემამულეთა“ პრობლემების გადაწყვეტას, რადგან მთლიანად დამოკიდებულია კრემლზე და წინააღმდეგობა გამორიცხულია.

ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ, რომ აფხაზეთის ომის შედეგად გამოდევნილი ასიათასობით ქართველის დაბრუნებაა საშური მშობლიურ ადგილებში, რისი იგნორირება დიდ სულიერ წინაღობას ქმნის ოკუპანტთა მარიონეტების ნებისმიერი წამიწყებისთვის.

 

 


Комментариев нет: