08 февраля 2018

ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა გრაფიკაში

რამდენად შეეფერება სიმართლეს ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მიერ გავრცელებული ეს სურათი, სხვა საკითხია, მაგრამ, ვფიქრობთ, იქ არსებულ ტენდენციებს, ასე თუ ისე, მაინც ასახავს.
რუსული ფულის იმედად დარჩენილ მოსახლეობას რეალურად უჭირს და ამიტომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ცდილობენ აფხაზეთიდან გაღწევას, რადგან განვითარების ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავენ. საყურადღებოა ისიც, რომ აფხაზეთის ეკომომიკისა და ფინანსების უდიდეს ნაწილს სომხები აკონტროლებენ, ხოლო პუტინის რუსეთის მიერ განხორციელებულ ე. წ. ინვესტიციებს ადგილობრივი "ავტორიტეტები" კლანური პრინციპით ინაწილებენ.

11 января 2018

საახალწლო დაპირისპირება აფხაზეთში

გიორგი ლუკავას ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის ციხიდან განთავისუფლებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის გამო, როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში პოლიტიკუპი ვითარება დაიძაბა. გაიმართა მრავალი აქცია. „პარლამენტმა“ შექმნა სპეციალური კომისია და საგანგებო სხდომაზე მიიღო სპეციალური დადგენილება. დოკუმენტის მიხედვით, „პრეზიდენტს“ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურა ამ ორგანოს სრული შემადგენლობით დაკომპლექტებისთვის, რაც მას ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ეს კი, ოპოზიციის ვარაუდით, რაულ ხაჯინბას მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გამოძიებისა და დამტკიცების საშუალებას იძლევა, რაც „პრეზიდენტის“ იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი შესაძლოა გახდეს.

28 декабря 2017

აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რ. ხაჯინბას მიმართვა

ჩვენი მთავარი ამოცანები უცვლელია და დაკავშირებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს რესურსების შენახვასთან, ეკონომიკის ზრდასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან, სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებასთან, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ხარისხის ამაღლებასა და საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფასთან. (...)
სახალხო კრებაში - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში 2017 წ. მარტში ჩატარებული არჩევნები მრავალპარტიული და კონკურენტუნარიანი იყო, რამაც მისი დემოკრატიული ხასიათი განსაზღვრა.
{2017 წ. არჩევნების პირველი ტური ჩატარდა 12 მარტს, მეორე - 26 მარტს. 35 ადგილიანი ორგანო ტრადიციულად მონოეთნიკურია: სამი სომეხი, ერთი ქართველი გალის რ-დან, დანარჩენი აფხაზი და არც ერთი რუსი. ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 53,05 %.  დეპუტატთაგან მხოლოდ ერთია ქალი. მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 20 დეპუტატი გაიყვანა, ე. წ. ოპოზიციამ - 9, ხოლო დანარჩენებს ნეიტრალურებად თვლიან}.

14 декабря 2017

ჟენევის მოლაპარაკებები - უსარგებლო საჭიროება

გრძელდება აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, ხოლო მეორე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარებას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო- თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის მონაწილეობით. შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის / დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ა/ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი.

13 ноября 2017

ვისი აშენებულია ბესლეთის ხიდი?

აფსუა ბლოგერი ვინმე რისმაგ აჯინჯალი მიიჩნევს, რომ სოხუმთან მდებარე ქართული კულტურის მატერიალური ძეგლის, - ბესლეთის (თამარ მეფის) ხიდის, - ქართული ასომთავრული წარწერა 1935 წ. ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს ამოტვიფრეს ქართველმა მეცნიერებმა და ის მანამდე არ იყო. არადა ეს სამუშაოები 1939 წ. განხორციელდა.  ხიდზე ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში გააქრეს. ქართველი ამას, ცხადია, არ იზამდა. სტელა მოიპარა აფხაზეთში ქართული კვალის წაშლით დაიტერესებულმა ნაძირალამ.

23 октября 2017

რა უჯდება რუსეთს სოხუმისა და ცხინვალის რჩენა

ბოლო რვა წლის განმავლობაში  რუსეთმა აფხაზეთის რეჟიმს 37 მლრდი რუსული რუბლის დახმარება გამოუყო, რაც დღევანდელი კურსით 643 817 457 აშშ-ის დოლარს შეადგენს. ამ თანხებს სოხუმის ხელისუფლება დარღვევებით ხარჯავდა, მაგრამ ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეები არ აღძრულა.
2009 წლიდან „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ბიუჯეტის 50%-ზე მეტი რუსულ დახმარებაზეა დამოკიდებული, რომელიც ორი მიმართულებით იხარჯება: „სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“ და „საბიუჯეტო ინვესტიციები“.
2009-2016 წწ. ცხინვალის რეჟიმმა რუსეთისგან მიიღო 52,45 მლრდი რუსული რუბლი, რაც 912,6 მლნ აშშ-ის დოლარია.
2010 წ. რუსეთის შესაბამისმა საფინანსო სტრუქტურებმა შეამოწმეს აფხაზეთისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მაჩვენებლები და 347 მლნ რ.რ. დარღვევა აღმოაჩინეს.
2017 წლისთვის რუსეთი აფხაზეთს გამოუყოფს 4,7 მლრდ რ.რ. (81,7 მლნ დოლარი).
2018-2020 წწ. დაგეგმილია აფხაზეთისთვის 11,5 მლრდ, ხოლო ცხინვალისთვის - 16,8 მლრდის გამოყოფა. 

04 октября 2017

რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1992 წლის ოქტომბერი

1 ოქტომბერი
- პრეზიდენტ ზვიად  გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულმა ფორმირებებმა შეტევა განახორციელეს და აიღეს ქ. ხობი.
2-3 ოქტომბერი
- გაგრაზე თავდასხმა განახორციელეს რუსეთის რეგულარული არმიისა და მათ მიერვე ორგანიზებულმა ჩრდილოეთ კავკასიელთა შენაერთებმა, მათ შორის, შამილ ბასაევის რაზმმა. ბრძოლებში გამოყენებულ იქნა ტანკები და ავიაცია. ზღვის აკვატორია ჩაიკეტა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების მიერ. საქართველოს წინააღმდეგ მეომარ ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილ გენერალ-პოლკოვნიკ გ. კოლესნიკოვი. ამავე პერიოდში რუსულმა ტანკერმა უდაუთაში, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებდა, ჩამოცალა 420 ტონა დიზელის საწვავი და ბენზინი, რომელიც სამხედრო ტექნიკისთვის იყო განკუთვნილი.
-  ე. წ. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტ მ. შანიბოვის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა КГБ-სა და ГРУ-ს (რუსეთის გენშტაბის სამხედრო დაზვერვა) მიერ შექმნილი ამ ორგანიზაციის საგანგებო ყრილობა. ორგანიზაციას ეწოდა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია. მიიღეს გადაწყვეტილება, გაეფართოებინათ აფხაზეთში სეპარატისტთა მხარდაჭერა, კერძოდ, მხარი დაუჭირეს საომარ მოქმედებებში კაზაკთა რაზმების მონაწილეობას.