რუსეთ-თურქეთის
ურთიერთობა გარკვეულ გავლენას ახდენს აფხაზეთის პრობლემაზე, იქაურ მმართველ რეჟიმსა
და საზოგადოებაზე. მას ისტორიული მიზეზებიც აქვს. ამასთან, სოხუმელი ლიდერები ცდილობენ თურქეთთან ნამეტანი დაშაქრული ურთიერთობებით
რუსეთი არ აწყენინონ, მაგრამ გვერდს ვერ უვლიან იქ არსებული დიდი დიასპორის საკითხსა
და ეკონომიკურ საჭიროებებს. საქართველოს ხელისუფლება 90-იან
წლებში არაეფექტურად და უნიათოდ ეწინააღმდეგებოდა თურქეთის სხვადასხვა კერძო სტრუქტურის უკანონო საქმიანობას ოკუპირებულ აფხაზეთში. ერთხელ ვ. არძინბაც კი ჩაიყვანეს "ტურისტად" იქ... ამ თვალსაზრისით შემდგომმა მთავრობებმა შესამჩნევად გამოასწორეს მდგომარეობა, თუმცა, ჩავარდნები მაინც ხდება.
აფსუებისთვის თურქეთთან ნებისმიერი კავშირისთვის მთავარ წინაღობას რუსეთ-თურქეთის ურთიერთობათა არასტაბილურობაა, რომელსაც
სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორისაა: ისტორიული მეხსიერება, გეოპოლიტიკური
პრიორიტეტები, საზოგადოებრივი აზრი. აი, სავაჭრო ბრუნვის ზრდა, გაზსადენი „სამხრეთ ნაკადი“, აშშ-სთან უთანხმოება თუ კონფრონტაცია კი აახლოებს მათ (უფრო ერდოღანსა და პუტინს).




