16 июня 2016

ლაცუზბაიების წარმომავლობის საკითხისათვის

ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვიდვართ და ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები? ეს შეკითხვები საუკუნეების მანძილზე აინტერესებდათ ადამიანებს. დღემდე ამ საკითხების გარკვევის ერთადერთ საშუალებას გენეალოგიის, ისტორიული წყაროების და არქეოლოგიური მასალების შესწავლა წარმოადგენდა. დღეს ამაში გენეტიკური გენეალოგია გვეხმარება. დნმ-ის შესწავლა გვაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ ადამიანების წარმომავლობა, მიგრაციების გზები და ეთნიკური ჯგუფების ურთიერთკავშირები.

აღნიშნული საკითხების შესასწავლად გენეტკური გენეალოგია იყენებს ადამიანის დნმ-ის სამ ტიპსიგრეკ დნმ- (Y-DNA), მიტოქონდრიულ დნმ- (mtDNA)და აუტოსომურ დნმ-დღეისთვის გამოყოფილია მამობრივი ხაზის 20 და დედობრივი ხაზის 29 ძირითადი ჯგუფი, რომლებსაც «ჰაპლოჯგუფები» ეწოდება.

შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს ცნება «ქართული გენი» (ისევე როგორც «გერმანული გენი» ან «ჩინური გენი»). თანამედროვე ქართველებში გავრცელებულია ჰაპლოჯგუფები, რომლებიც დამახასიათებელია ახლო აღმოსავლეთის და ანატოლიის რეგიონისთვის.
გენეტიკური მონაცემებით ნათლად ჩანს, რომ ქართველებში ორი ჰაპლოჯგუფი დომინირებს – G2a და J2a.

ჰაპლოჯგუფი G ირანში, ზაგროსის მთების მიდამოებში, დაახ. 30 000 წ. წინ გაჩნდა, ხოლო მისი შვილობილი G2a – 10-12 000 წ. წინ აღმოსავლეთ ანატოლიში ან კავკასიაში. ამჟამად იგი მაქსიმუმს სწორედ ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოში აღწევს. ადიღეურ ხალხებში ყველაზე გავრცელებულია ამ ჰაპლოჯგუფის ერთი შტო G2a3b1.

მეორე დომინანტი ჰაპლოჯგუფი არის J2 და ის, სავარაუდოდ, 18-20 000 წ. წინ გაჩნდა, ხოლო მისი შვილობილი J2a – 12–15 000 წ. წინ. გავრცელებულია მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე.

გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, რომელიც ეყრდნობა გვარის ცალკეული წარმომადგენლების Y-DNA (ანუ მამობრივი ხაზის) ტესტის შედეგებს, ლაცუზბაიები მიეკუთვნებიან J2a1b ქვეჯგუფს.

წარმოშობის ადგილად მესაპოტამია ან სამხრეთ ანატოლია მიიჩნევა. მისი ფართო გავრცელება მიგვანიშნებს, რომ ამ ჰაპლოჯგუფის მატარებლები რეგიონის უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც თავიანთი ცოდნა და კულტურა მთელს რეგიონში გაავრცელეს. არსებობს ვარაუდი, რომ თურქეთის სამხრეთით მდებარე გობეკლი-ტეპეს უძველესი რელიგიური კომპლექსის შემქმნელთა უმრავლესობა სწორედ ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი იყო
კავკასიაში J2a ყველაზე მაღალი სიხშირე ქართველებსა და ნახურ ხალხებშია. თუმცა, ქართველებში ამ ჰაპლოჯგუფის დიდი მრავალფეროვნებაა და რამოდენიმე განსხვავებული ქვეჯგუფია გავრცელებული (J2a*, J2a1a, J2a1b, J2a1b1, J2a1k, J2a2*, J2a2a), ხოლო ჩეჩნებსა და ინგუშებში ძირითადად ერთი ტიპი – J2a4b* დომინირებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ უძველეს პერიოდში, რეგიონში შემოსვლის შემდეგ, J2a–ს წარმომადგენლები სწორედ ამიერკავკასიაში დასახლდნენ, სადაც მათ შთამომავლებს ახალი მუტაციები გაუჩნდათ, რომლებიც შემდგომ სხვა რეგიონებში გავრცელდნენ. ამაზე საქართველოში აღმოჩენილი J2a*სიძველეც მეტყველებს.

ჩვენში გავრცელებული სხვა ჰაპლოჯგუფების და მათი ქვეტიპების უმრავლესობაც (R1b1a1, J1*, J1b, I2c) კავკასიასა და ანატოლიას უკავშირდება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მათი ქართველების გენოფონდში არსებობა სწორედ შემოსევების შედეგად დატოვებულ კვალს უკავშირდება, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ქართველების ჰაპლოტიპების უმეტესობა (ჰაპლოჯგუფის ინდივიდუალური მაჩვენებლები, რომლებიც მათ იგივე ჰაპლოჯგუფის სხვა წარმომადგენლებისგან განასხვავებს) საკმაოდ ძველი და სხვებისგან ცალკე მდგომებია, რაც მათ უძველეს წარმომავლობაზე მიუთითებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ შემთხვევაში ერთეული შემთხვევები შეიძლება არ ასახავდეს გვარის დამფუძნებლის წარმომავლობას და გვარის წარმომადგენელთა უმეტესობას, შესაძლოა, სხვა ჰაპლოჯგუფი აღმოაჩნდეს. ამიტომ სასურველია, ამა თუ იმ გვარის რამოდენიმე ადამიანმა გაიკეთოს ტესტი, რაც უფრო ზუსტ შედეგებს იძლევა.

საქართველოში, სამწუხაროდ, ცოტას თუ აქვს გენეტიკური ტესტი გაკეთებული, მაგრამ მათ შორის აღმოვაჩინე ისეთებიც, რომელთა მონაცემები ლაცუზბაიებისას ემთხვევა, ანუ მათ დაუდგინდათ J2a1b ჰაპლოჯგუფი. ესენია: ლატარია, თორია, აფციაური, ტყებუჩავა, აბაშიძე (ბაცბი),  მუმლაძე, ბიბილეიშვილი, ალვერდაშვილი, გოგიტიძე, თაბაგარი, გოგლიძე, უშარაული, ფავლენიშვილი, ფუტკარაძე, შარაბიძე, ქისტაური, ხურციძე და სხვა.

ამბობენ, რომ გენეტიკური ტესტირება დღეს მარტივი და ბევრისთვის ხელმისაწვდომია. არსებობს მრავალი კომერციული კომპანია, რომელიც აკეთებს ამგვარ ანალიზს (https://www.23andme.com/) და https://www.familytreedna.com/). 

აქ არავის რეკლამას არ ვაკეთებ, მაგრამ არის ასეთი შემოთავაზებაც: თუკი ვინმე ტესტის გაკეთებას გადაწყვეტს, ან შეკითხვები გაუჩნდება გენეტიკური გენეალოგიის შესახებ, გაწევრიანდეს FB ჯგუფში - "ქართველების გენეტიკური წარმომავლობა" ან მიმართოს კომპანია «Family Tree DNA»-ის კავკასიის პროექტის ადმინისტრატორს.

Комментариев нет: