რუსული ენდშპილი საქართველოში
მოსკოვს, ეტყობა, ყელში ამოსდის სოხუმისა და ცხინვალის, განსაკუთრებით "ჩირხინა" აფსუების, ბზუილი და "სახელმწიფოებრიობანას" თამაში (უძრავი ქონების გაყიდვაზე უარს ამბობენ, რუსული ბაზებისთვის გადასახადს ითხოვენ, "Роснефт"-ს სანქციებით ემუქრებიან...). ამასთან, ამ რეჟიმებმა საქართველოზე ზეწოლის ფუნქცია თითქმის დაკარგეს. ოთხოზორიას მკვლელობა, საზღვრის წარამარა გადაწევ-გადმოწევა, ადამიანთა გატაცებები 30 დოლარის საფასურად, გალში ქართულად სწავლის აკრძალვა, ჟენევის დემარშები დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით და ა. შ. სტრატეგიულად არაფრის მომტანია. ოკუპანტი, ფაქტიურად, ჩიხშია. ამდენად, ვფიქრობ, კრემლი გადასულია ამ ტერიტორიების სრული შთანთქმის პოლიტიკაზე. ამის ბევრი ნიშანი სახეზეა (რომლებზეც აქ და ამჟამად არ შევჩერდები), მაგრამ ჩვენთან არჩევნების შემდგომი მომავალი გვიჩვენებს, ამ მიმართულებით მოვლენათა განვითარების დინამიკას. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი დასავლეთთან სტრატეგიულ ჭიდილში ყველგან აგებს, მოვლენათა განვითარების ეს ობიექტური ტენდენცია, სავარაუდოდ, საქართველოზეც აისახება. მტერი ამას ჭვრეტს და საკუთარ გავლენათა ნიველირების პევენციას ცდილობს. გადახედეთ რამდენი ახალი პროპუსული ე. წ. პოლიტიკური პარტია მოგვევლინა წინასაარჩევნოდ. მამაძაღლი ნაფტალინმოყრილებიც გამოჩნდნენ.
კრემლს ისე გაუჭირდა, რომ ქუდზე კაცი ჰყავს მობილიზებული და ზედაპირზე იმდენი ნაგავი ამოყარა, რომ რენეგატთა და კოლაბორაციონისტთა სიმყრალემ შეაწუხა ხალხი.
გარდამტეხი, მაგრამ არა დრამატული პერიოდი უდგას ჩვენს ქვეყანას. ორსრულ ქალსაც ჰგავს დღეს საქართველო, რომელმაც სოხუმი და ცხინვალი, მშვიდი და ბარაქიანი მომავალი უნდა იმშობიაროს. რუსეთუმეთა სულისმღაფავი ჭუჭყი კი ორსრულის ერთგვარი ტოქსიკოზია მხოლოდ, რომელიც ჩვენი ერთსულოვანი და გულწრფელი აქტიურობით ჩაივლის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რუსული იმპერიული ძალების პარპაშის დასასრულის პერიოდში და ამას როგორც საზოგადოების მოწიფულობა, ასევე ხელსაყრელი საგარეო ფაქტორები განაპირობებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий