06 июня 2016

საფეხბურთო სეპარატიზმი

ახლახან (28 მაისი-6 ინვისი) ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდა ფიფას მიერ არაღიარებული ტურნირი ფეხბურთში, რომელსაც „მსოფლიო ჩემპიონატი“ დაარქვეს. ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო ე. წ. ConIFA (დამოუკიდებელ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაცია), რომელიც 2013 წ. შეიქმნა და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა თუ ავტონომიათა თვითორგანიზებულ გუნდებს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ნაკრებებს ეძახიან. სხვადასხვა მონაცემებით, ამ ორგანიზაციაში 12-დან 33 წევრია. წყარიებში მის შტაბ-ბინად მითითებულია შვედეთის ქ.  ლულეო. პრეზიდენტია ვინმე პერ ანდერს ბლინი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი, შვედეთში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელი დიმიტრი ფაღავა. მათ ღარიბ საიტზე რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას ვერ იპოვი. 

ეს „საფეხბურთო სეპარატიზმი“ 2014 წ. დაიწყო შვედეთის ქ. დებრენეცში, სადაც ტარდებოდა იქ მცხოვრები 17 ათასიანი უმცირესობის - საამის ეთნო-კულტურული დღესასწაული და მას დაამთხვიეს საფეხბურთო ფესტივალიც. მონაწილეობდა 12 გუნდი და ჩემპიონი გახდა ნიცის საგრაფო. მაშინ აფხაზური და ოსური გუნდები შვედეთში ვერ ჩავიდნენ, რადგან ამ ქვეყნამ მათ ვიზებზე უარი უთხრა.

მიუხედავად ConIFA-ს პრეზიდენტ ბლინის განცხადებისა, თითქოს მათ პოლიტიკასთან კავშირი არა აქვთ და სპორტი ხალხთა დაახლოებას უწყობსო ხელს, აფხაზეთში ჩატარებულმა ამ ე. წ. ჩემპიონატმა კარგად აჩვენა, რომ ეს ორგანიზაცია, პირიქით, სეპარატიზმისა და გათიშულობის ხელშემწყობად გვევლინება. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ე. ი. ჩვენი მტერია. ასევე, ჩვენთვის უცნობია, ვინ აფინანსებს მათ აქტივობებს, რადგან არც ერთი სერიოზული სპონსორი მათთან კავშირში შემჩნეული არაა.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ქვეყანას დღეს ერთი დაუძინებელი მტერი ჰყავს და ეს რუსეთია, გამოვთქვამ გონივრულ ეჭვს, რომ ConIFA-დ წოდებულ ფეხბურთის ავანტიურისტებს (მისი აფსუა ვიცე-პრეზიდენტით) სწორედ მოსკოვი აფინანსებს და მის „ოფშორული“ მეცადინეობებითაა განხორციელებული მსოფლიო ჩემპიონატად მონათლული სპეცოპერაცია, რომელიც მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წინააღმდეგ.

ამასთან, ვფიქრობ, რომ ტურნირში მონაწილე „ნაკრებების“ დიდ უმრავლესობას ცუდი განზრახვები არც ამოძრავებდათ. ისინი მსგავს ღონისძიებებს კულტურულ-ტურისტურლ სიბრტყეში განიხილავენ, ასე ვთქვათ, დროს ატარებენ და საკუთარი ქვეყნების მთავრობებთან ამის გამო პრობლემები არაა აქვთ. უბრალოდ, გაისეირნეს ГРУ-ს ფულით სოხუმისა და გაგრის სანაპიროებზე, - რუსული „ხალიავა“.

ცხადია, იგივეს ვერ ვიტყვით აფხაზურ რეჟიმზე, რომელიც, ლამის, ფიფა-ს წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას ვიღაც ორი თავისუფალი აგენტის მეშვეობით.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარკვეული სამუშაო ჩაატარა ამ ე. წ. ჩემპიონატის ჩასაშლელად, ანდა, თუ გნებავთ, მის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ჩარჩოებში მოსაქცევად. 

შედეგს ვხედავთ!

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ჩვენი მხრიდან არც ღირს რაღაც ეზოს დონის გუნდების შეკრებაზე ნამეტანი ყურადღების გამახვილება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საკითხის ასე გაუბრალოებაც საზიანოა, რადგან აფსუებისთვის შექმნილი დამოუკიდებლობის ილუზიას კარგად იყენებს რუსეთი. 

ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად გზას მაშინ ვხედავთ, როცა ურემი გადაბრუნდება. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს იმ პირთა ზუსტი სია, რომლებმაც ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით მონაწილეობა მიიღეს სოხუმის საფეხბურთო მარაზმში და ამის შესახე ოფციალურად აცნობონ შესაბამისი ქვეყნების მთავრობები.

ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს შეგვიძლია, მაგრამ ამაზეც არ ვთქვათ უარი.

აფხაზურ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: ლაპლანდია (ფინეთი), რეცია და პადანია (იტალიის პროვინციები), სეკეის მხარე (რუმინელი უნგრელები), ჩრდილოეთ კიპროსი (თურქული ოკუპაციის ზონა), დასავლეთ სომხეთი (თურქეთის ტერიტორი, სადაც სომხები არც ცხოვრობენ), სომალილენდი (სომალის თვითგამოცხადებული ანკლავი, რომელსაც არავინ არ აღიარებს), პენჯაბი (ინდოეთის შტატი, რომელსაც პაკისტანი ედავება), იაპონელი კორეელები (მეორე მსოფლიო ომის დროს სამუშაო ძალად ჩაყვანილთა შთამომავლები), ერაყელი ქურთები, ჩაგოსი (ბრიტანეთის კუნძული ინდოეთის ოკეანეში, რომელსაც მავრიკია ედავება).

ამ „თავისუფალ საფეხბურთო მოგზაურობაში“ მონაწილეობა ვერ მიიღეს ისეთმა ავტორიტეტულმა გუნდებმა, როგორებიცაა: კუნძული მენი (ბრიტანეთი), ფელვიდეკი (სლოვაკელი უნგრელები), ფრანკონია (გერმანია), ჰელჰოლანდი (გერმანიის კუნძული ჩრდ. ზღვაში), ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა (უკრაინა), მთიანი ყარაბაღი (აზერბაიჯანი), ოქსიტანია (მცირერიცხვოვანი ხალხი საფრანგეთში), "სამხრეთ" ოსეთი, დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, სირიის არამეელები (ასირიელები), რიუკიუ (იაპონია), უიგურები (ჩინეთი), ზინზიბარი (ტანზანია) და ა. შ.
ხომ შთამბეჭდავი „თანამეგობრობაა“?



Комментариев нет: