01 июня 2016

რუსეთი - შაგრენის ტყავი

ვიღაცამ თქვა, რუსეთი მხოლოდ იმ საზღვარს აღიარებს, რომლის ორივე მხარეს აკონტროლებსო. რუსს რომ ჰკითხო, რად უნდა ამდენი ტერიტორია, რომელიც ძირითადად უკაცრიელია, დანაწევრებით ვერაფერს გიპასუხებს. რუსებს მტაცებლებსაც ვერ შევადარებთ, რადგან ზომას ინსტიქტი კარნახობს და იმდენს მოინადირებენ, რამდენიც დღეს და ახლა სჭირდებათ. აი, რუსეთის ექსპანსიასა და მუხანათობას კი საზღვარი არა აქვს. მათ არ იციან, რისთვის სჭირდებათ ის სივრცე, რომელსაც ბუნებრივი ნამატით ვერ ითვისებენ და რომელშიც ვერ ვითარდებიან. გადახედეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთს, შეხედეთ არქტიკას და ა. შ.
თუ ვინმე იტყვის, რომ რუსი ამ უკიდეგანო სივრცეებიდან ბუნებრივ რესურსებს ქაჩავსო, მართალი იქნება, მაგრამ, ჯერ ერთი, არაეფექტურად და, მეორე, რას ხმარდება მიღებული მოგება? ისევ ახალი ტერიტორიების უაზრო დაპყრობას ან მსოფლიო პროლეტარული რევოლუციებზე ფიქრს; შესაბამისად, ჯარის შენახვასა და იარაღის წარმოებას. ამიტომ რუსეთის მოსახლეობის სოციალური ყოფა საუკუნეების მანძილზე ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. წინა საუკუნეებისგან განსხვავება გარეგნული და ფასადურია. რუსს დღეს კონსტიტუციაც აქვს, ის არჩევნებსაც ატარებს, სასამართლო სისტემის მაგვარიც შექმნა და ა. შ. რაღაც საცხოვრებელიც გააჩნია, ტელევიზორი, სმარტფონი, მაცივარიც უდგას... შიმშილითაც არ კვდება და არაყსაც წრუპავს, მაგრამ უფლებრივად და ეკონომიურად ისეთივე холоп-ია, როგორიც ვარიაგი რიურიკების დროს. ეს კი მისი მსოფლმხედველობრივი კონსტრუქციის განმაპირობებელია. რუსი მენტალურად დღესაც ყაჩაღი მათხოვარა, რომელსაც ფოთის პორტიდან "ტრაფეინი" უნიტაზები გააქვს და ჟურნალისტმა თენგიზ გოგოტიშვილმა ჯიბეში ნაქურდალი ვერცხლის კოვზი უპოვა (2008 წლის ომის კადრები).
რუსეთის სახელმწიფო, მისი რიურიკულ-მონღოლური ბუნებიდან გამომდინარე, მუდამ დესპოტური იყო და ასეთია დღესაც. ამ ქვეყანაში ხალხია ვალდებული, იზრუნოს ხელისუფლებისა და ელიტის კეთილდღეობაზე. არადა, სახელმწიფოს არსი სწორედ რომ საპირისპიროა. ამგვარ მახინჯ სისტემას ისტორიის ლოგიკა დიდხანს ვერ აიტანს. ის აუცილებლად ნადგურდება როგორც არაბუნებრივი და პროგრესის დამაზიანებელი. იმ საზოგადოებას, სადაც სოციალური იერარქიის ელემენტებს შორის ბალანსი და თაწონადობაა დარღვეულია, მომავალი არა აქვს.
რუსეთს, თუ მან ვერ მოახერხა შინაგანი ტრანსფორმაცია, სრული დეზინტეგრაცია ელოდება. მიუხედავად ვ. პუტინის მცდელობისა, შეაჩეროს სსრკ-ს დაშლით დაწყებული განადგურება, ეს პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება. ყირიმის ოკუპაცია და საქართველოში მავთულხლართების ღამ-ღამობით ქურდ-ბაცაცური გადმოწევა ამას ვერ უშველის. ვერც აფხაზეთის და ცხინვალის მიტაცებას მოახერხებს და სულ ტყუილად იკლავს თავს სირიელი არაბების სიყვარულით. რუსეთმა პრობლემების გადაწყვეტა საკუთარ თავში უნდა ეძებოს. 
ბალზაკი და მისი შაგრენის ტყავი გამახსენდა:)))

Комментариев нет: