12 февраля 2016

სოხუმის უნივერსიტეტის გამო

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა სოხუმში
სოხუმის დევნილი უნივერსიტეტის გარშემო საზოგადოებაში ამ ბოლო დროს გარკვეული ვნებათაღელვა შეიმჩნევა, რაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნებს უკავშირდება. მანამდეც შეგვახსენა თავი ამ სასწავლებელმა, როცა სტუდენტებმა აუდიტორიიდან გააძევეს ერთ-ერთი ლექტორი ოკუპანტი რუსეთის მიმართ ლოიალობის ბრალდებით (ნ. კერესელიძის НТВ-ს ოინები), რასაც მჯდომარე აქციებიც კი მოჰყვა. თავისთავად პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა აქტიურობაში, ჩვენი აზრით, დასაძრახი არაფერია. უფრო, პირიქითაც. მაგრამ აქ სხვა პრობლემაზე გვინდა მოგახსენოთ, რამეთუ ზემოაღნიშნული ქვემოთ ნათქვამის ნაწარმოებია.

მრავალი ჩვენგანი ვამაყობთ, რომ აფხაზეთის უნივერსიტეტის გაზრდილები ვართ და სამშობლოს სიყვარული იქ გვასწავლეს. დიახ, ამას იქ ასწავლიან ოჯახთან ტანდემში! მაგრამ მხოლოდ ეს გასაგები ემოცია არა ჩვენი უნივერსიტეტით დაინტერესების მიზეზი.

სოხუმის უნივერსიტეტი არაა "ჩვეულებრივი" უმაღლესი სასწავლებელი და, უკამათოა, რომ მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს შეძენილი აფხაზეთის ტრაგედიის გამო.
რა თქმა უნდა, ის, უპირველესად, ახალგაზრდა პროფესიონალების ჩამოყალიბების ადგილია, მაგრამ აღზარდო კარგი სპეციალისტი, დაგვეთანხმებით, ნახევარი საქმეა. უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა სტუდენტების პატრიოტ, პრინციპულ და კონფორმიზმისგან თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა. თეორიულად ეს ყველამ ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში გულწრფელი ჩახედვა სახტად დასარჩენ რეზულტატს ვერ გვაჩვენებს. 

ჩვენი აზრით, სოხუმის უნივერსიტეტი უნდა იყოს საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე, ამ საქმის მედროშე. სწორედ აქ უნდა იყრიდეს თავს ყველა ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც აფხაზეთის პრობლემაზე იმუშავებს, რის ნაკლებობას, საბედნიეროდ, არ განვიცდით. უნივერსიტეტი - როგორც ამ სფეროს სპეციალისტთა მიზიდულიბის ადგილი. თუმცა, ამას არც წინა წლებში და არც ახლა არ დაადგა საშველი. ცხადია, ჩვენ არ ვგულისხმობთ იქ მომუშავე პატივსაცემი მეცნიერების სერიოზულ ღვაწლს, რომლებმაც თავიანთ დისციპლინებში მრავალი კვლევა დადეს. ვგულისხმობთ პრობლემისადმი (ეს მოდური სიტყვაა ახლა) სისტემურ მიდგომას. და ამას არ შველის სოკოებივით მომრავლებული აკადემიები. 

ჩვენ მივესალმებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე "კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" (ხელმ. პროფ. ჯემალ გახოკიძე) საქმიანობას. მაგრამ მიგვაჩნია, რომ სწორედ სოხუმის უნივერსიტეტი უნდა იყოს ფლაგმანი ამ საკითხებში. 

რასაც ვამბობთ, ეს სრულებით არაა რთული თემა. ყველაფერი მარტივადაა. ამისთვის სოხუმის უნივერსიტეტში უნდა დამთავრდეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, მინისტრების და მათი უფროსების, ანდა სხვა სტრუქტურების ჩარევა; სხვადასხვა კლანების მიერ თანამშრომლებითა და სტუდენტებით მანიპულირების მცდელობები. ეს, ვფიქრობთ, საზოგადოების, პროფესორ-მასწავლებლებისა და, რაც მთავარია, სტუდენტების ინტერესებშია. ადამიანებს არ უნდა უჩნდებოდეთ შთაბეჭდილება, რომ უნივერსიტეტი რომელიღაც სახელმწიფო სტრუქტურის დანამატია, სადაც პოლიტიკურ და საკადრო მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ.

იქ, შიგნით ყველამ ხომ კარგად იცით, რასაც ვამბობთ?! იქნებ, ვინმეს მოუბრუნდეს ენა და არამკითხეც გვიწოდოს, ან ფარისევლობაში დაგვდოს ბრალი? მაგრამ, ბატონებო, სხვა ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, თქვენთან ჩვენი შვილები და შვილიშვილები სწავლობენ და ისინი თქვენ გიყურებენ თვალებში იმის მოლოდინში, თუ რას გადასცემთ სამომავლოდ გამოსადეგს; რას ეტყვით აფხაზეთზე, ომზე, გმირებზე, თავდადებაზე, დაღუპულებზე, ჩვენს საერთო პერსპექტივაზე და, რაც ფუნდამენტურია - ჩვენს მტერზე. იდეალებისგან "გაწმენდილი", მოწესრიგებული და პედანტი, ჩეხოვისეულ ფუტლიარში ამოკეტილ სპეციალისტთა შტამპვა რეგრესის სტიმულირება იქნება მხოლოდ.

ვერავინ უარყოფს იმასაც, რომ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უნივერსიტეტში განხორციელდა მრავალი რეფორმა და იქაური სამუშაო კლიმატი ადრინდელს ვერ შეედრება. ამით არავის ვეპირფერებით, რადგან ეს ფაქტია, მაგრამ ერთ მომენტში სასწავლებელმა წინსვლა შეანელა. ამას "გარედან" უფრო ცხადად ამჩვევენ და სტუდენტების განწყობაზეც მოქმედებს. გვერწმუნეთ ამაში. 

ჩვენ განვიცდით, რომ უნივერსიტეტში, რომელშიც მრავალი პატივსაცემი ადამიანი, პროფესიონალი მუშაობს, გადალახვადი, მაგრამ მაინც პრობლემებია, რისი წყარო, ჩვენი აზრით, ტრივიალური მერკანტილიზმი და ძირითად ფასეულობებში გაურკვევლობაა. შესაძლოა, დღეს სხვადასხვა კულუარული მეთოდებით "გაუგებრობები" ჩაიფარცხოს, მაგრამ ხინჯი საბოლოოდ თავს მაინც გამოაჩენს. ერთია, იყო კარგი სპეციალისტი, მეორეა - გქონდეს იმის შინაგანი ძალა, რომ გუნდრუკი არ უკმიო მუდამ ნებისმიერ შემდგომ ხელისუფლებას. მით უმეტეს, ამის საშუალებას კანონი გაძლევს. მოგვიტევეთ, მაგრამ პირად კომფორტზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ვერასოდეს გახდება ვერც აკადემიური და ვერც სულიერი კეთილდღეობის საფუძველი, რადგან მას პატივმოყვრობა ასაზრდოებს და გულწრფელობისგანაა დაცლილი. 

ჩვენ სიყვარული და თანადგომის სურვილი გვამოძრავებს. ჩვენ აფხაზეთი გვალაპარაკებს. ვინც გვიცნობს (და ასეთები თქვენთან უმრავლესობაა), მათ კარგად იციან, რომ ჩვენგან ეს პათეტიკური პოზა არაა. 

Комментариев нет: