«Хороший чеченец – мертвый
чеченец. По Чечне надо нанести ядерный удар и превратить ее в одну черную яму» (Владимир Жириновский)
«В
Чечне необходима тактика выжженной земли, а всех чеченцев депортировать» (журналист Сергей Доренко)
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პოლიტიკური ისტორია, დიდწილად, ხალხთა
ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ისტორიაა. განსაკუთრებული სიმძაფრით ეს შეეხო კავკასიას და ამის მიზეზი აქაური ხალხების
მიერ გაწეული გმირული წინააღმდეგობაა. XIX ს. კავკასიის ომს მრავალი ხალხის ფიზიკური განადგურება
და დეპორტაცია მოჰყვა.
ჩვენ გვეამაყება, რომ სწორედ დამოუკიდებელი საქართველო გახდა პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ჩერქეზთა გენოციდი (პარლამენტის 2011 წ.
20 მარტის რეზოლუცია).
რუსეთის საბჭოთა იმპერიის მშენებლობის დროს, ცხადია, გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო
ადამიანის დევნა და განადგურება. რეპრესიებს ვერ გადაურჩა ვერც ერთი ერი, პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფი.
ორგანიზებული მკვლელობები და ეგზეკუციები არ ხდებოდა დროის რაღაც ერთ, ცალკე
აღებული მონაკვეთში, არამედ ხორციელდებოდა საბჭოეთის არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე.
თუმცა, ამ ტრაგედიებს, მასობრიობისა და მასში მოყოლილ ადამიანთა კატეგორიების თვალსაზრისით,
გრადაციები და ეტაპები ჰქონდა.
პირველი მასობრივი კატეგორია პოლიტიკური ბრალდებებით დაპატიმრებული ადამიანები
იყვნენ, რომლებსაც „ტროიკებისა“ და „დვოიკების“ კვაზისასამართლოები დახვრეტებსა და
გულაგებს უსჯიდნენ.
სხვა კატეგორია იყო
აგრეთვე პოლიტიკური მოტივებით რეპრესირებულნი - გლეხობა, რომლებიც დაექვემდებარნენ
ადმინისტრაციულ გადასახლებას ე. წ. „განკულაკების“ კამპანიის დროს.
რეპრესირებულთა მესამე კატეგორიაში შედიან ხალხები, რომლებიც ისტორიული სამშობლოდან გადაასახლეს
ციმბირში, შუა აზიასა და ყაზახეთში (1941-1945 წწ.). ერთნი გადაასახლეს,
როგორც მტრის პოტენციური მოკავშირეები, ასე ვთქვათ, საფრთხის პრევენციის მიზნით (კორეელები,
გერმანელები, ბერძნები, უნგრელები, იტალიელები, რუმინელები, ფინელები); სხვები დაადანაშაულეს
მტერთან თანამშრომლობაში (ყირიმელი თათრები, ყალმუხები, კავკასიის ხალხები).
1943-1944 წწ. საბჭოთა
რეჟიმმა კავკასიიდან გადაასახლა 485 ათასი ჩეჩენი და ინგუში, 70 ათასი - ყარაჩაეველი,
37 ათასი - ბალყარი და სხვა ეროვნების - 100 ათასი ადამიანი. საერთო ჯამში, დეპორტირებულ იქნა 2,5 მლნ ადამიანი.
ეს იყო თავისი ცინიზმით,
სისასტიკით, მასშტაბებითა და სისწრაფით გაუგონარი აქცია, როცა ასიათასობით ოჯახის აყრა
უმოკლეს ვადაში, ხშირად ერთ დღეში ხდებოდა, რომლებიც სატვირთო ვაგონებით ცხოველებივით
გადაჰყავდათ ციმბირისა და შუა აზიის სტეპებსა და ტრამალებში. გზაში ადამიანებს დიდხანს
უწევდათ სიცივესა და ანტისანიტარიაში ყოფნა, ამიტომ შიმშილისა და ავადმყოფობების გამო
ათეულ ათასობით დაიხოცა, რომლებსაც გზადაგზა თავადვე მარხავდნენ. ადგილზე ჩასულებს,
ფაქტიურად, პირველყოფილ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება მიწურებსა და სახელდახელო ქოხებში.
50-იანი წლებიდან დაიწყო რეპრესირებულ
ხალხთა ნაწილობრივი რეაბილიტაცია და მათ სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. თუმცა,
დაბრუნების პროცესს სირთულეებით ახლდა, რომლებმაც მაშინ და შემდგომშიც ნაციონალური კონფლიქტები გამიწვია. ჩეჩნები დაეტაკნენ
მათ სახლებში ჩასახლებულ რუსებს, ინგუშები დაუპირისპირდნენ ოსებს... ერთადერთი, ვისთანაც დაბრუნებულ დევნილებს პრობლემები არ ჰქონიათ, იქ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩასახლებული ქართველები იყვნენ, რომლებმაც უყოყმანოდ დატოვეს სახლები და წლების მანძილზე შეძენილი ქონებც
კი დაუტოვეს.
ამასთან, დეპორტირებულ
ხალხთა უმრავლესობა ძველ საცხოვრებელს ვერ დაუბრუნდა (ვოლგისპირეთის გერმანელები, ყირიმელი
თათრები, ბერძნები და ა.შ.). გერმანელები, მაგ., საბოლოოდ მხოლოდ 1972 წ. იქნენ
რეაბილიტირებულნი.
მხოლოდ ყბადაღებული
პერესტროიკის დროს სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ (1989 წ. დეკლარაციაში) დეპორტაციას უკანონო
უწოდა, მას დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა და შეაფასა როგორც ცილისწამებისა
და გენოციდის პოლიტიკა. იმპერიის ამგვარი "გულახდილობა" შესაძლებელი გახადა სსრკ-ს რღვევამ.
რუსეთის ხელისუფლების
ეს პირველი ნაბიჯები, რომლებსაც ისტორიული სამართიანობა უნდა აღედგინა, ფაქტიურად, დასუსუტებული იმპერიის დიდი ფარისევლობა იყო. ეს კავკასიაში შემდგომ წარმოებულმა ომებმა დაადასტურა, რასაც ჩეჩენთა და ქართველთა ეთნიკური წმენდა და გენოციდი მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ 2004 წ. თებერვალში
ევროპარლამენტმა აღიარა ჩეჩნებისა და ინგუშების 1944 წ. დეპორტაცია, როგორც გენოციდი.
ჩეჩნეთის პირველმა
და მეორე ომმა, პროვოცირებულმა სისხლიანმა შეტაკებებმა ინგუშებსა და ოსებს შორის; მრავალწლიანმა
სამხედრო დაპირისპირებამ და ტერორისტულმა აქტებმა დაღესტანში; საქართველოში, მოლდოვასა
და უკრაინაში სეპარატისტთა მხარდაჭერამ, სამხედრო აგრესიამ და ეთნიკურმა წმენდამ მთელ
მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ, მიუხედავად ფასადური ცვლილებებისა, რუსეთის იმპერიის
შინაარსი და მტაცებლური ბუნება არ შეცვლილა. ამიტომ ყოფილი საბჭოთა ერები და ხალხები
დღესაც განაგრძობენ თავისუფლებისათვის ბრძოლას.
ამ ბრძოლის ერთ-ერთი
სიმბოლური გამოხატულებაა 23 თებერვალი, როცა აღინიშნება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა
(ვაინახთა) დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий