29 февраля 2016

მისცემენ თუ არა ქართველებს საკუთარი სახლების ყიდვის უფლებას?!

ჩემი სახლი სოხუმში. 2014 წ. ფოტო.
ცნობილია, თუ როგორი მწვავე დისკუსიაა სოხუმში გამართული უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით. აფსუა საზოგადოება მკვეთრად უარყოფითად ეკიდება საცხოვრებელი ფონდის გასხვისებასხოლო მიწის ნაკვეთების გაყიდვის შესაძლებლობას საერთოდ გამორიცხავს. მათ კარგად ესმით, რომ მყიდველები, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები იქნებიან, რადგან სხვა არავინ ჩადებს კაპიტალს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქონების შედარებითი სიიაფის გამო, ზღვის მოყვარული კლიენტები კი მრავლად გამოჩნდებიან.

აფსუებს დემოგრაფიული ექსპანსიის ეშინიათთუმცა, არც დღეს აქვთ ამ თვალსაზრისით კარგად საქმე, რადგან (მიუხედავად ხელოვნურად გაბერილი ციფრებისა) ისინი რეალურად უკვე უმცირესობაში არიან, მაგ., სომეხ მოსახლეობასთან მიმართებაში.
ამას ხელს უწყობს არა მხოლოდ მიგრაცია, არამედ აფსუათა რეპროდუქციის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელიც, რის გამოც სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა უკვე აკრძალა აბორტები. ამასთან, მიუხედავად მუდმივი აჟიოტაჟისა, მუჰაჯირების შთამომავლებს არ სურთ გაპარტახებულ აფხაზეთში საცხოვრებლად ჩამოსვლა.

აფსუათა ყველა მთავრობა იძულებული იყო ანგარიში გაეწია ხალხის უმრავლესობის აზრისთვის და უძრავი ქონების გაყიდვის საკანონმდებლო რეგულაციებისაგან თავს იკავებდა, რაც რუსეთის მუდმივ უკმაყოფილებას იწვევდა. მხოლოდ რ. ხაჯინბას „გაპრეზიდენტებისა“ და მოსკოვის აშკარა ფინანსური შანტაჟის შემდეგ (როცა 2015 წ. უარი უთხრეს დაპირებილ მრავალმილიარდიან საჩუქარზე), „პარლამენტში“ შევიდა შესაბამისი კანონპროექტი.

პუტინისა და ხაჯინბას ბოლო შეხვედრის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აღნიშნულ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება. ამაზე მიანიშნებს პრესაში უკვე დაწყებული დისკუსია იმაზე, შეძლებს თუ არა ქართველი (და, მაგ., ვენესუელელი ან ვანუატუელი!) ქონების ყიდვას აფხაზეთში. მათ მიაჩნიათ, რომ ომის მონაწილეებს ასეთი უფლება არ ექნებათ და მყიდველთა ფილტრაციისთვის შესაბამისი სიებიც აქვთ. ამასთან, სანამ საქართველო ხელს არ მოაწერს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მანამე ეს საკითხი საერთოდ ვერ დადგება დღის წესრიგში.

აფსუაებს, ბუნებრივია, ეშინიათ მეომართა დაბრუნების. მაგრამ საინტერესოა, რომ ასეთებად ისინი თითქმის მთელ ქართველობას მიიჩნევენ: ზოგს ავტომატი ეკავაო; სხვა საჭმელს ამზადებდა ჯარისთვის ან მკურნალობდა დაჭრილებსო; ვიღაც ქართველ ჯარისკაცს იფარავდა და თანაუგრძნობდა საქართველოს ერთიანობასო. თუმცა, იმ ქართველს, ვინც  ომის წინააღმდეგ გამოდიოდა ან იარაღით ხელში რუსულ-აფსუურ „არმიაში“ აფხაზეთის "დამოუკიდებლობისთვის" იბრძოდა (თითო-ოროლა რენეგატს ან ქართული გვარის მატარებელ გააფსუებულ "ღამურას"), სოხუმისა და გაგრის პლიაჟებზე ვილების შეძენის უფლება გარანტირებული ექნებათ.

რა გამოდის, იცით? თუ მტრის ყველა მხეცობა დავივიწყეთ, თუ არაადამიანური წამებით დახოცილი ჩვენი ოჯახის წევრებისა და მეომარი ძმების ხსოვნას ხაზი გადავუსვით, თუ სამშობლოს და ღირსებას მივაფურთხეთ, კაცობიდან ამოვდგით ფეხი და სინდის-ნამუსისგან გავირეცხეთ, - ასეთ არარაობებსაც კი არ მოგვცემენ კუთვნილი მამა-პაპისეული სახლის ყიდვის უფლებას!

ამგვარია რუსულ-აფსუური ლოგიკა და ვიღაცა რაღაც სახალხო დიპლომატიასა და შერიგების პროცესზე ყბედობას განაგრძობს კიდევ. 

ომი მეზიზღება, მაგრამ სრულიად საფუძვლიანად ვფიქრობ, რომ ძალით წართმეულს მშვიდობის მტრედით ვერ დავიბრუნებთ. ეს პათეტიკა არაა, ეს რეალობაა, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა თვალი უნდა გაუსწოროს.


Комментариев нет: