თემა,
რომელსაც თქვენ კონფერენციის ფარგლებში განიხილავთ, ყოვლისმომცველია და ის კაცობრიობისთვის
მუდამ აქტუალური იყო, რამეთუ ომისა და მშვიდობის პრობლემა პირდაპირპროპორციულად აისახებოდა
საზოგადოების სტაბილურობასა და განვითრებაზე. ომები ხშირად ცვლიდნენ კონტინენტების,
ქვეყნებისა და ხალხების ბედს. მაგრამ, უეჭველია,
რომ ნებისმიერი სამხედრო კამპანია ადამიანთა სისხლზე, მათ ტრაგედიაზე გადადიოდა.
ქართველ
ერს ნაკლებად ესწავლება ყოველივე ეს, რადგან მისი ისტორია, შეიძლება ითქვას, ომების,
ანუ თვითგადარჩენისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ისტორიაა. საქართველოს
არასდროს არ უწარმოებია დაპყრობითი ომები. ამიტომაა, რომ ქართველ კაცს ერთ ხელში ხმალი
ეპყრა, ხოლო მეორეში - გუთანი და ხნულის კვალს მიუყვებოდა, ან საჭრეთელს იყენებდა და სვეტიცხოველს აშენებდა, ან კალამი ეკავა და ვეფხვისა
და მოყმის გენიალურ ბალადას ქმნიდა.
არაა
გასაკვირი, რომ საქართველოში ინტერესდებიან: მშვიდობის მშენებლობის ევოლუციით და მიმართულებებით;
უსაფრთხოების განმტკიცებაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური მმართველობის
როლით; კონფლიქტების პრევენციის, მართვისა და ტრანსფორმაციის საკითხებით; კონფლიქტების
პოლიტიკური და სოციო-ფსიქოლოგიური შიგთავსით; ომისა და ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებების
მდგომარეობით; გარდამავალი დემოკრატიის, განვითარებადი და არშემდგარი სახელმწიფოების
პრობლემებით და ა.შ.
ლოგიკურია,
რომ ამ მიმართულებებით კვლევაში ჩვენი საზოგადოება, აკადემიური წრეები და არასამთავრობო
სექტორი აქტიურობას იჩენენ. მისასალმებელია ახალგაზრდობის, სტუდენტთა ჩართვა აღნიშნული
პრობლემატიკის შესწავლაში. ეს ნიშანდობლივიცაა, რადგან ქართველ ხალხს უკვე მრავალი
წელია პერმანენტული ომებისა და მუდმივი საგარეო საფრთხის ფონზე უწევს ცხოვრება და განვითარება
და ვინ, თუ არა ახალგაზრდობა - ქვეყნის მომავალი, უნდა აქტიურობდეს ამ მიმართულებით.
დამოუკიდებლობის
მოპოვების შემდეგ ჩვენი სამშობლო არაერთი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდა. 200 წლიანი
რუსული ოკუპაციის შემდეგ ქართველებს ბევრი რამის გახსენება და თავიდან სწავლა გვიწევს.
მაგრამ ჩვენ ვერავინ ვერ გვასწავლის მშვიდობის ფასს - ის ჩვენს გენშია გამჯდარი როგორც
განვითარების უალტერნატივო საშუალება. ქართველი, ერი
მისი არსებობის მანძილზე, მუდამ აქტიური
და ნაყოფიერი იყო, მაგრამ მისი ნიჭი და შემოქმედებითი პოტენციალი, ცხადია, განსაკუთრებით
იფურჩქნებოდა, როცა ის განვითარების სტაბილურ, მშვიდობიან ფაზაში იმყოფებოდა.
***
მშვიდობის დასაცავად მთავრობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეების მონაწილეობით ყველა ქვეყანაში ეწყობა სხვადასხვა აქცია და ღონისძიება. ეს, ასე ვთქვათ, პრობლემისადმი მიდგომის მნიშვნელოვანი,
მაგრამ გარეგანი (ვიზუალური) გამოხატულებაა, რამაც საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში,
ახალგაზრდობაში შესაბამისი ინტელექტუალური ასახვა უნდა ჰპოვოს. დღევანდელი კონფერენცია
სწორედ ერთ-ერთ ამგვარ ნაბიჯად, ინიციატივად უნდა შევაფასოთ.
***
საერთაშორისო
თანამეგობრობამ მრავალი ძალისხმევა გასწია მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად, რაც შესაბამისი
პოლიტიკური, სასამართლო და ჰუმანიტარული სტრუქტურებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის
ჩამოყალიბებაში გამოიხატა. მიუხედავად მრავალი საშიში ლოკალური კონფლიქტისა და ცივი
ომისა, კაცობრიობამ შეძლო გლობალური კატასტროფის თავიდან აცილება. თუმცა, ამას დედამიწაზე
ომები არ მოუსპია და დღესაც გრძელდება სხვადასხვა მიზეზით ადამიანთა ურთიერთ განადგურება,
ეთნიკური წმენდა და გენოციდი.
აღნიშნული
გამოწვევების პრევენციასა და მათთან გამკლავებას ცვალებადი წარმატებით ცდილობენ გაერო
და ევროპის ქვეყნების გაერთიანებები. მაგრამ გლობალიზაციამ, კომუნიკაციის ტექნოლოგიების
ბუმმა, იარაღის ხელმისაწვდომობამ შესაძლებელი გახადა შეიარაღებული კონფლიქტების ახალი,
მანამდე უცნობი მეთოდებისა და ფორმების ჩამოყალიბება. ამიტომაა, რომ დღეს ომების ინიციატორები
არა იმდენად ცალკეული სახელმწიფოებია, არამედ საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელში გაერთიანებული
ძალები, რომლებიც პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას სხვადასხვა დესტრუქციული სახელმწიფოებისგან
იღებენ.
სწორედ
ასეთი სახელმწიფოა ადრე სსრკ-დ წოდებული დღევანდელი რუსეთის ფედერაცია, რომელიც 20
წელზე მეტია საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს ომს და, ფაქტიურად, ტერორისტულ სახელმწიფოდ
ჩამოყალიბდა, რომელიც პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს. ეს ომი ხან მინელდება,
ხან ცხელ ფაზაში გადადის. ასეთი ცვალებადობა მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, მაგრამ
უმთავრესი მაინც ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანსა და საზოგადოებაში დასავლური
ღირებულებების დამკვიდრების სურვილს უკავშირდება. რუსეთს კატეგორიულად არ სურს წარმატებული
და თავისუფალი საქართველო, რადგან ის „ცუდი“ მაგალითი იქნებოდა პოსტსაბჭოთა, ე. ი.
მითიური ევრაზიული კავშირის პოტენციური წევრებისთვის. ამიტომ მის ირგვლივ ნებისმიერ
პოზიტივს რუსულ-მონღოლოიდური შოვინიზმი ნებისმიერი საშუალებით ებრძვის.
ორიოდე
სიტყვა იმ კომისიის შესახებ, რომელსაც თქვენი მონა მორჩილი წარმოადგენს. ტერიტორიული
მთლიანობის საკითხთა კომისია პარლამენტის სტრუქტურაში 1996 წ. შეიქმნა. კომისია კოორდინირებას უწევს აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ხელს უწყობს სამშვიდობო
პროცესს და აღნიშნულ საკითხებზე ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებსა
და დასკვნებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს; მონაწილეობს დევნილთა საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების
შემუშავებაში და კონტროლს უწევს მათ შესრულებას. ასე, რომ სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან
ერთად საბოლოო ჯამში კომისია ემსახურება ქვეყნის გამთლიანებას და საქართველოში, მთელს
რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
კომისიას
სხვადასხვა დროს ხელმძღვაბელობდნენ: ვახტანგ ყოლბაია, ვასოლ მაღლაფერიძე, აკაკი ბობოხიძე,
შოთა მალაშხია. ამჟამად მისი თავმჯდომარეა გია ვოლსკი - ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარე.
საქართველოს
განვითარებაში ბოლო წლების მანძილზე წარმატებებიც იყო და წარუმატებლობებიც. ჩვენმა
საზოგადოებამ და მისმა პოლიტიკურმა კლასმა კარგად იცის, რომ ქვეყნის გამთლიანების,
რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების გარეშე შეუძლებელია სტაბილურ განვითარებაზე სერიოზული
ფიქრიც კი. მაგრამ, რადგანაც თავად რუსეთი ჯერ-ჯერობით პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური
დესტაბილიზაციის ფაზაშია, ის არაპროგნოზირებადი მოთამაშეა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ
მთელი მსოფლიოსთვის. ამ მიზეზითა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის სამწუხარო ისტორიის
გათვალისწინებით, გამოსავალი, სხვა შიდასახელმწიფოებრივ აუცილებელ ზომებთან ერთად,
საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაშია და აქ ნახევარზომებით ან, მით
უმეტეს, კოლაბორაციონიზმით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ძლიერი ალიანსის
წევრობა მიიყვანს საქართველოს სტაბილურ მშვიდობამდე, რაც მდგრადი განვითარების საფუძველია,
ანუ თავისუფალი, გამთლიანებული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის საწინდარი.
წარმატებას
ვუსურვებ თქვენს კონფერენციას, წარმატებას ვუსურვებ სოხუმის მრავალ სიძნელეგამოვლილ და ამაყ უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებული თავადაც
ვარ. დღეს კი ამ კედლებში ჩემი შვილი ღებულობს ცოდნას და მჯერა, რომ თქვენთან ერთად
ისიც მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ახალი საქართველოს, ახალი სოხუმის მშენებლობაში!
,,არ
არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა“.
2015 წელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий