ხელისუფლებას თუ გაუვიდა გაზპრომის პროექტი, შემდეგი მოსალოდნელი პრობლემა, რომელიც საქართველოს
წინაშე დადგება, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა იქნება, რაც, ფაქტიურად,
ოკუპირებულ ტერიტორიაზე უარის თქმას ნიშნავს.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გავიხსენოთ ზოგიერთი დეტალი.
რკინიგზა 1993 წ. არ ფუნქციონირებს. არ მუშაობს ის, ცხადია,
სომხეთისთვისაც. სხვადასხვა შეფასებით, ფსოუ-ინგირის მონაკვეთის რეაბილიტაციას (221 კმ) 150-დან 250 მლნ დოლარამდე დასჭირდება. მიუხედავად რუსეთის სარკინიგზო
ჯარების მიერ ჩატარებული გარკვეული სამუშაოებისა, სოხუმი-ოჩამჩირის ნაწილი უხარისხოდაა აღდგენილი, ხოლო ინგირ-ოჩამჩირის მონაკვეთი,
ფაქტიურად, თავიდან არის ასაშენებელი.
საერთაშორისო ორგანიზაცია «ინტერნეშნლ ალერტის» კვლევის («სამხრეთ კავკასიის რკინიგზის აღდგენა: პოტენციური ეკონომიკური ეფექტის შეფასება»; პრეზენტაცია ერევანი, 20.12.2013) თანახმად, სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევანის მაგისტრალის აღდგენის ხარჯი 2,8 მლრდ დოლარს აღწევს.
ამასთან, ყოველწლიურად მასზე უნდა გადაიზიდოს 10 მლნ ტონა ტვირთი, რომ ის რენტაბელური გახდეს, რაც ამ მარშრუტზე ვერ გროვდება. გამომდინარე, გაწეულ ხარჯებს მხოლოდ 200 წლის შემდეგ თუ ამოიღებენ.
ამდენად, ერთადერთი, ვისაც ეკონომიკურად (და პოლიტიკურადაც) ხელს აძლევს ეს პროექტი, სომხეთია. საქართველოსთვის კი ის თითქმის არაფერს ნიშნავს (ექსპორტი რუსეთში -
წელიწადში 50-70 მლნ დოლარი, ანუ 2%; იმპოტი - 5%), თუ აფხაზეთის საკითხი სამართლიანად არ მოგვარდა. ეს კი პუტინის რუსეთში გამორიცხულია.
ამდენად, როგორც „გაზპრომის“ რეგიონში გაძლიერების მცდელობა და რკინიგზის
მონაკვეთის გახსნა, გიუმრის რუსულ ბაზასთან და ირანთან დაკავშირებიდან გამომდინარე,
უპირველესად, რუსეთის
სამხედრო-სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება.
ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ რუსეთს ამისთვის ფული არა აქვს და ა. შ., რადგან ამ ქვეყნის ნაბიჯების ადექვატური პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. ის არ მოერიდება საკუთარი მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკების ხარჯზეც დაიკმაყოფილოს ავადმყოფური ამბიციები.
შესაძლო შედეგი: აზერბაიჯანთან, თურქეთსა და მთელს
დასავლეთთან დაპირისპირება არსებული ტრანსკავკასიური ენერგომატარებლებისა და მათი განვითარების პერსპექტივისთვის უსაფრთხოების დევალვირების გამო.
შედეგის შედეგი: მარტო დარჩენილი საქართველო და ესეც შენი „ნანატრი“ ევრაზიული კავშირი.

Комментариев нет:
Отправить комментарий