27 января 2016

ვის სჭირდება სოხუმის ახალი სამხედრო გზა

ჩრდილოეთ კავკასიიდან სოხუმისკენ გზის მშენებლობის შესახებ ვ. პუტინის ახალი განცხადების შემდეგ ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. მას ისტორიულად სოხუმის სამხედრო გზა ერქვა. ძველ დროს გზის ნაწილს „თურქულ ბილიკსაც“ უწოდებდნენ, რომელიც გამოსახულია XIV ს. ვენეციის რუკა-სქემაზე. 1894-1903 წწ. გაყვანილ იქნა სრულფასოვანი გზა  საქართველოსა და ჩერქეზეთს შორის, რომლის საავტომობილო გზად გამოეყენებინას მეორე მსოფლიო ომის დროს ცდილობდნენ. 1946 წ. გზა, ფაქტიურად, არ გამოიყენება. გზის სიგრძეა 337 კმ. და გადის ქლუხორის უღელტეხილზე (2781 მ.).
გზის აღდგენის ინიციატივით 2010 წ. სეპარატისტთა ლიდერი ს. ბაღაფში და ყარაჩაევო-ჩერქეზეთის ხელმძღვანელი მ. ბატიევი გამოვიდნენ. თავიდან განიხილებოდა საავტომობილო გზის ორი ვარიანტიმაგრამ სოხუმის რეჟიმის შემდგომი ლიდერი
ა. ანქვაბი ამ პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა,
ძირითადად, ეკოლოგიური მიზეზების გამო. ანქვაბის ამ განცხადებების საეჭვოდ დაემთხვა მორიგი ტერაქტი მის წინააღმდეგ 2012 წ. თებერვალში. თუმცა, მას უკან არ დაუხევია. სავარაუდოდ, ა. ანქვაბი ძალიან იყო ნაწყენი, რადგან მას არავინ არაფერს არ ეკითხებოდა და მოსკოვის დაკვეთით იღებდნენ გადაწყვეტილებებს ხან ყაბრდო-ბალყარეთში, ხან ჩერქეზეთში. ა. ანქვაბმა განაცხადა: «Я, как гражданин и руководитель республики, против этого проекта, тем более, что Кодорское ущелье для нас – уникальный природный памятник. Мы должны сохранить его в первозданном виде. Вот мое твердое убеждение». მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2009 წ. კოდორის ხეობაში ნაკრძალის ან ეროვნული პარკის შექმნის მიზნით ს. ბაღაფშმა შეკრიბა სპეციალური კომისია, რომელმაც ამ მიმართულებით დიდი სამუშაო ჩაატარა.

შემდეგ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაამხეს სოხუმში ა. ანქვაბის მთავრობა (2015 წ. მაისი) და „პრეზიდენტმა“ ძლივს შეაფარა ცოცხალმა თავი გუდაუთის რუსულ ბაზას.
არ ვამტკიცებთ, რომ სწორედ ეს პროექტი გახდა ა. ანქვაბის ჩამოშორების მიზეზი, მაგრამ კრემლს სოხუმში გაცილებით დამყოლი მარიონეტი რომ სჭირდებოდა, ეს უეჭველია. იყო მთელი რიგი მიმართულებები, რაშიც სეპარატისტთა წინა ლიდერი ეწინააღმდეგებოდა მოსკოვს და ეს არ აპატიეს. თუმცა, ა. ანქვაბი, ს. ბაღაფშისგან განსხვავებით, ცოცხალი მაინც დატოვეს.

ხელისუფლებაში მოვიდა რ. ხაჯინბა, კაგებეს აღზრდილი კადრი და რუსეთს მოეხსნა ზედმეტი თავის ტკივილი, რასაც აფსუების მიერ დამოუკიდებლობის თამაშს ახლდა.

შედეგად, სოხუმის დელეგაციის თანდასწრებით, 2015 წ. 24 ნოემბერს მოსკოვში ხელი მოეწერა მემორანდუმს რუსულ კომპანია „რეგიონალური პროექტები“ და ჩინურ კორპორაცია ChinaRailway-ს შორის, რომლის მიხედვით მხარეები 2016 წ. გეგმავენ პროექტის განხორციელებას. ეს რუსული კომპანია შემადგენელი ნაწილია პუტინის პატრონაჟით დაარსებული "პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდისა" (РФПИ-ხელმძღვანელი კ. დმიტრიევი), რომელიც შეიქმნა ჩინურ მხარესთან ტანდემში საერთო კაპიტალით 2-4 მლრდ დოლარი. დაგეგმილი გზის მთის ნაწილი გაივლის აზაუს ზეგანიდან (ყაბარდო-ბალყარეთი) ყუბანისა და კოდორის ხეობებზე.
პროექტს „იალბუზის“ სამთო-რეკრიციული ტერიტორიის განვითარება ჰქვია და ის, თურმე, პუტინს გააცნო საზოგადოებრივი მოძრაობა „კავკასიის ხალხთა რუსული კონგრესის“ თავმჯდომარემ სულთან ტოგონიძემ. ის ითვალისწინებს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ყაბარდო-ბალყარეთს, სტავროპოლის მხარეს, ყარაჩაევო-ჩერქეზეთს და სოხუმს. იგეგმება აგრეთვე ქ. ბაქსანთან (ყაბარდო-ბალყარეთი) აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის მშენებლობა. წინასწარი გათვლებით, პროექტი დაჯდება 2,7 მლრდ დოლარი და დასრულდება 2025 წელს. 
სოხუმის "სამხედრო გზას“ რუსეთისთვის გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ იმ პირობებში, როცა ქვეყანა ვერ ითვისებს უკვე არსებულ სიმძლავრეებს (სოჭი-სოხუმის მაგისტრალი), რატომ აპიებს ჩაყაროს თანხები ამ პროექტში? თუმცა, ამბობენ, რომ ახალი გზის მშენებლობას კერძო ბიზნესი დააფინანსებსო. გაუგებარია (დღეს მაინც), რაში სჭირდება ბიზნესს ეკონიმიკურად მკვდარ რეგიონში ფულის ჩადება?

ჩვენი აზრით, რუსეთის ფინანსურ-ეკონიმიკური პრობლემების გამო ეს პროექტი მკვდრადშობილია და პუტინის მახინჯი გეოპოლიტიკური ოცნებების სფეროდანაა, რომლის ხორცშესხმა ძალიან საეჭვოა.

Комментариев нет: